ჩინეთის სასურსათო კრიზისის გავლენა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკაზე

ჩინეთში სასურსათო კრიზისი დაიწყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში წარმოებული მარცვლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელი ეს ქვეყანა იქნება. ამან შეიძლება დანარჩენ მსოფლიოში ამ პროდუქციის დეფიციტი გამოიწვიოს.  

მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ამერიკაა: ექსპორტზე ყოველწლიურად  90 მილიონი ტონა მარცვლეული გააქვს. აქედან ჩინეთი 2 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტს ეწევა, მოსალოდნელი კრიზისის შემთხვევაში კი, მას სულ ცოტა 80 მილიონი ტონა დასჭირდება. ამერიკულ მარცვლეულზე ჩინეთის 40-ჯერ გაზრდილი მოთხოვნა ამერიკული მარცვლეულის სხვა მომხმარებლებსაც რთულ ვითარებას შეუქმნის.
 
საქართველოს ეს პრობლემა ნაკლებად ეხება. მარცვლეულის საიმპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია: მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე მისი არც ერთი სახეობა არ არის დამოკიდებული – მათ შორის, არც ჩინეთზე და არც აშშ-ზე.  
 
ჩინეთში მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა პირველ რიგში ამერიკაზე აისახება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) რისკები უკვე შეაფასა. ფერმერული ეკონომიკის ათგვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წელი ამერიკელი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად დატვირთული იქნება. მსოფლიოში საკვებ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნა ამ სექტორში ფასებს საშუალოდ 3-4%-ით გაზრდის.
 
საქართველოში იმპორტირებული 10-ზე მეტი სახეობის მარცვლეულიდან, აშშ-დან  მხოლოდ სამი – ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი – შემოდის. ამ მარცვლეულის საერთო მოცულობა 2009-2010 წლებში 68 მილიონ ტონას შეადგენს. აქედან, აშშ-ზე მოდის ნახევარ პროცენტზე ნაკლები – 2 ათასი ტონა. ქვეყნიდან მარცვლეულის იმპორტში, საქართველომ, ორი წლის განმავლობაში 1.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ეს თანხა ამ მარცვლეულის იმპორტზე დახარჯული მთლიანი თანხის 0.5%-ია. 
 
ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორი
გამოყოფილია 373 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია საშუალოდ 2-3%. აგრარული მეურნეობა ეკონომიკის 1.2%-ს შეადგენს.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სექტორი
გამოყოფილია 95.5 მილიონი ჰექტარი. დასაქმებულია 300 მილიონი ადამიანი. აგარარული მეურნეობა ეკონომიკის 9.2%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩინეთიდანაც სამი სახეობის მარცვლეული – ბრინჯი, წიწიბურა და ფეტვი – შემოდის. მათი საერთო მოცულობა 2009-2010 წლებში 25 ათას ტონას შეადგენს. აქედან ჩინეთზე 15%  მოდის. საქართველო ამ პერიოდში ჩინეთს ყოველწლიურად საშუალოდ 6.8 მილიონ აშშ დოლარს უხდიდა. ეს თანხა ამ მარცვლეულის იმპორტზე დახარჯული მთლიანი თანხის 16%-ია.
 
ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად აგრარული სექტორის პროდუქციის ექსპორტს ეწევა. თუმცა აგრარული საქმიანობებისთვის ქვეყანაში სახნავ-სათესად ვარგისი ტერიტორიის მხოლოდ 10-15%-ია ათვისებული. ეს ჩინეთის კრიზისის მთავარ მიზეზად ითვლება.
 
სახნავ-სათესად ერთ დროს ვარგის ტერიტორიებს, ეკოლოგიური პრობლემები ანადგურებს. 1957 წლიდან დღემდე სახნავ-სათესი ტერიტორია 1.2-ჯერ – 113.8 მილიონიდან 95.5 მილიონ ჰექტარამდე შემცირდა. ამ პერიოდში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დაახლოებით 24 ათასი სოფელი, მოსახლეობამ მთლიანად ან ნაწილობრივ  მიატოვა, რადგან სახნავ-სათესი მიწები გამოშრა და სილიან ტერიტორიებად იქცა. მილიონობით ჩინელი ფერმერი ჭების თხრით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა დამშრალი სარწყავი სისტემების გამო ეს გზაც არაეფექტიანია.
 
სახნავ-სათესად გამოსაყენებელი ტერიტორიები საცხოვრებელ და ინდუსტრიულ მშენებლობებსაც ეწირება. გზატკეცილებისა და ავტოსადგომებისთვის გამოყოფილმა მიწებმა ათეულობით მილიონი ავტომფლობელის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. 2009 წელს, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებმა 14 მილიონს გადააჭარბა, რითაც პირველად გაუსწრო ამერიკის მაჩვენებელს. ყოველი 1 მილიონი მანქანისთვის 50 ათასი აკრი (დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრი) მიწის მოკირწყვლაა საჭირო.
 
ამ პრობლემების გამო, ჩინეთს თავისი – მსოფლიოში ყველაზე ჭარბი – მოსახლეობის გამოკვება, დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე უხდება. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში მარცვლეულზე 40-ჯერ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივმა სასურსათო კრიზისმა შეიძლება საერთაშორისო მასშტაბი შეიძინოს.

კომენტარები