კონგრესმენი კრის მერფი: საქართველო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა

30 აპრილს საქართველოს კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ერთკვირიანი ოფიციალური მოგზაურობის ნაწილი იყო, რომელიც ასევე ჩეხეთს, აზერბაიჯანსა და ავღანეთს მოიცავდა. დელეგაციას რესპუბლიკელი ბილ შუსტერი და დემოკრატი კრის მერფი ხელმძღვანელობდნენ. მასში შედიოდნენ რესპუბლიკელები – შონ მერფი, ადამ კინზინგერი, ჯონ რანიანი და დემოკრატი სედრიკ რიჩმონდი. კონგრესმენები საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონები მოინახულეს.

ბილ შუსტერმა და კრის მერფიმ ვიზიტის მიზნებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე თავიანთი აზრი ტაბულას გაუზიარეს.

რამდენიმე სიტყვით ვიზიტის შესახებ…

საქართველო შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე ქართველების თავდადება კარგად დავინახეთ – იქნება ეს რუსეთისთვის გაწეული წინააღმდეგობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა ჩვენს საერთო საქმეში.

კონგრესმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იცნობს ამ რეგიონს და ვერ აცნობიერებს მის მნიშვნელობას. კონგრესმენი შუსტერი უკვე რახანია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების აქტიური მხარდამჭერია. მან დაგეგმა ეს ვიზიტი, რათა ახალი კონგრესმენებისთვის თქვენი რეგიონი უკეთ გაეცნო.

მე კონგრესის, უფრო ზუსტად კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ახალი წევრი ვარ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი შუსტერის წინადადებას, უკეთ გავცნობოდი რეგიონს და კონტაქტი დამემყარებინა ქართველ ლიდერებთან. ასე, შტატებში დაბრუნების შემდეგ, უკეთ შევძლებ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების ადვოკატირებას.

კონგრესმენმა შუსტერმა ისაუბრა კონგრესის მიერ იმ რეზოლუციის მიღების შესაძლებლობაზე, რომელიც რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა ექნება ამ რეზოლუციას, თუ ის კონგრესმა მიიღო?

ეს რეზოლუცია საგარეო ურთიერთობათა, ანუ ჩემს კომიტეტს გაივლის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რაც შეიძლება მკაფიოდ გამოხატოს ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში, კონგრესის ხმასაც აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, სენატისა და კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციები მნიშვნელოვანი იარაღი იქნება შეერთებული შტატების პოზიციის გასაცხადებლად.

ეს ვიზიტი იმაშიც დამეხმარება, რომ ხელი შევუწყო იმ სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეცდება კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზების მოძიებას.

ვფიქრობ, ამერიკის ეკონომიკური დახმარება საქართველოს ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელოვანი ელემენტია – რაც თავის მხრივ რუსეთთან ვაჭრობისას პოზიტიურ როლს ითამაშებს. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს საქართველოს ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას.

ფიქრობთ თუ არა, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ რუსეთთან შედეგი გამოიღო?

გადატვირთვა ღილაკზე თითის დაჭერით ურთიერთობის გადასხვაფერებას არ ნიშნავს. ეს ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ პროცესმა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეებისთვის. მე რუსეთთან უკეთესი და პროდუქტიული ურთიერთობის მომხრე ვარ, მაგრამ არ მსურს ამ ურთიერთობამ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა დააზარალოს. ქართველებმა მამაცი გადაწყვეტილება მიიღეს და შეერთებულ შტატებს მეგობრობის ხელი გაუწოდეს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან ორმხრივმა ურთიერთობამ საქართველო-ამერიკის მეგობრობის გაღრმავებას ხელი არ შეუშალოს.
 

კომენტარები