თბილისი მედვედევის მილოცვას პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანადაძემ  რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის 9 მაისთან დაკავშირებულ მილოცვაზე კომენტარი გააკეთა.  „რუსეთი საქართველოთან  მიმართებაში სრულიად არაადეკვატურია არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ მილოცვების კუთხითაც,” აღნიშნა მან.   

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს  9 მაისი განსხვავებულად მიულოცა. მან დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სახელზე ცალ-ცალკე დეპეშები გაგზავნა, ხოლო გამარჯვების დღე მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა. "რუსეთი ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობის და მეგობრობის საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული ყოველთვის იყო და კვლავ დარჩება. გვინდა, რომ საქართველო ვიხილოთ როგორც აყვავებული და თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს თავის მეზობლებთან,“  ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში.  მედვევდევმა  9 მაისი აფხაზეთისა და ცხინვალის  საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებსაც  მიულოცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ მედვედევის მილოცვას ”კლოუნადა” უწოდა.”რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა არა მგონია ქართველმა ხალხმა მიიღო. კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს, რა ფორმითაც გინდა იმ ფორმით შეგიძლია იყო კლოუნი,”განუცხადა მან  ჟურნალისტებს 8 მაისს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ როდესაც რუსეთის ხელისუფლებაში მოვა შერაცხადი ხელისუფლება, ქართველი და რუსი ხალხი ერთად იზეიმებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.

ნინო კალანდაძის განცხადებით, ვაშაძის  მკვეთრი შეფასება მედვედევის მილოცვის ფორმამ და ცინიკურმა შინაარსმა გამოიწვია. მისი თქმით, ჩვეულებრივ, ოფიციალური მიმართვები ქვეყნის ლეგიტიმური და ოფიციალური წარმომადგენლისკენ არის მიმართული. „ეს ერთადერთი აღიარებული ფორმაა ხალხთა შორის ურთიერთობის,” აღნიშნა კალანდაძემ.

შეკითხვაზე ხომ არ გამოიწვევს  ეს განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა კიდევ უფრო დაძაბვას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ რუსეთი საქართველოს ნებისმიერ ქმედებაზე ღიზიანდება. ”რაც რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ საკუთარი საქმიანობა არ წარმართოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს,“  თქვა კალანდაძემ. 

კომენტარები