ძიუდო: აზერბაიჯანული ტურნირის ქართული განაცხადი

დღეს ძიუდოში აზერბაიჯანის დიდი პრიზი იწყება. ამ შეჯიბრებას ბაქო მასპინძლობს და მისი საპრიზო ფონდი 150 ათასი ამერიკული დოლარია. ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც გაემგზავრა. შეჯიბრებაში მონაწილეობას საერთო ჯამში ათი ქართველი მიიღებს.

წინასწარ შერჩეულ შემადგენლობაში ბოლო მომენტში ცვლილება შეიტანეს. ეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიას შეეხო - აზერბაიჯანში ლომერ ჟორჟოლიანსა და ირაკლი ცირეკიძეს უნდა ეჭიდავათ, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა ისინი კონსტანტინე მუკვანითა და ალექსანდრე მსხალაძით ჩაანაცვლა.

ამ ორი სპორტსმენის გარდა ბაქოში კიდევ რვა ქართველი იჭიდავებს: 60 კგ. ამირან პაპინაშვილი, 66 კგ. შალვა ქარდავა, 73 კგ. თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ. ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი, 90 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კგ. ნოდარ მეტრეველი.

ტურნირის პირველი დღე 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებს დაეთმობათ. შაბათს საჭიდაოდ 73 და 81 კილოგრამი შევა, ბოლო დღეს კი ტატამს 90, 100 და +100 წონებში მოასპარეზე ძიუდოისტები დაიკავებენ.

საერთოდ, ეს შეჯიბრება წინასწარ განსაზღვრული კალენდრის მიხედვით ტუნისში უნდა გამართულიყო, თუმცა იქ მომხდარი არეულობების შემდეგ ტურნირის მასპინძლობის სურვილი აზერბაიჯანმა გამოთქვა, რასაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაც დაეთანხმა.

კომენტარები