პრეზიდენტის მთელი ამალა ადგილებს იცვლის

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალი პეტრეუსი ავღანეთიდან გამოიწვია და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორად დანიშნა, ლეონ პანეტა დაზვერვიდან თავდაცვის მინისტრად გადაიყვანა, დიპლომატი რაიან კროკერი და გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ალენი კი ავღანეთში გაგზავნა. ეს ცვლილებები უფრო სტრატეგიის გაგრძელებაზე მიანიშნებს, ვიდრე რეალურ ცვლაზე.  

გენერალი პეტრეუსი აშშ-ში თითქმის გმირის რანგშია აყვანილი. მან ავღანეთში აშშ-ის ჯარების ხელმძღვანელის თანამდებობა გასულ ზაფხულს მოიპოვა, რაც ობამამ გენერალ-ლეიტენანტი სტენლი მაკრისტალი Rolling Stone-ისთვის მიცემული კომენტარისთვის გაათავისუფლა. 2007-2008 წლებში პეტრეუსი აშშ-ის და მოკავშირეთა ჯარების ხელმძღვანელი იყო ერაყის ოპერაციაში. აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებამ მას პოპულარობა მოუტანა. 
 
დაზვერვის ხელმძღვანელად, ანუ სამოქალაქო თანამდებობაზე, სამხედრო მოსამსახურის დანიშვნას წინააღმდეგობრივი შეფასებები მოჰყვა. აშშ დაზვერვაზე ყოველწლიურად 80 მილიარდს ხარჯავს – მეტს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად. მაგრამ დაზვერვამ ვერ შეძლო გლობალური მოვლენების პროგნოზირება: საბჭოთა კავშირის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის რევოლუციები, იუგოსლავიის დაშლა, 11 სექტემბრის ტერაქტი, გლობალური ფინანსური კრიზისი და არაბული რევოლუციები. 
 
ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს 2 მთავარი ფუნქცია აქვს: ინფორმაციის მოპოვება/ანალიზი და მოწინააღმდეგის ნახევრად სამხედრო გზებით განადგურება. თუმცა ბალანსი ირღვევა: ცენტრალური დაზვერვის დირექტორის თავდაცვის მინისტრად გადაყვანა და ცენტრალური დაზვერვის თანამდებობაზე სამხედრო პირის დანიშვნა ჯარისკაცებსა და ჯაშუშებს შორის განსხვავების გაქრობის ტენდენციას კიდევ უფრო გაამყარებს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. უკვე მეშვიდედ, სამხედრო პირის – ამ შემთხვევაში გენერალ პეტრეუსის – დანიშვნა, სააგენტოს ნახევრად სამხედრო ოპერაციების ჩატარებას კიდევ უფრო დახვეწს და წარმატებულად აქცევს.
 
გენერალ პეტრეუსს მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდოვარის თანამდებობაზე განიხილავდნენ. ბევრის აზრით, ის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი იყო. თუმცა, ჩანს, პეტრეუსს მეხუთე ვარსკვლავი და არმიის გენერლის ტიტული, ახლო მომავალში არ უწერია. ზოგიერთი 58 წლის პეტრეუსს რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა. ჯორჯ ბუში უფროსიც, მის მსგავსად, პოლიტიკაში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოდან მოვიდა. თავად პეტრეუსი პოლიტიკურ ამბიციებს უარყოფს.
 
ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი წარსულშიც გამხდარა თავდაცვის მინისტრი. რობერტ გეიტსი და ჯეიმს შლესინჯერი ამის ნათელი მაგალითებია. 78 წლის პანეტა კი ამ თანამდებობაზე ყველაზე ასაკოვანი პირი იქნება. პანეტა ცხრაჯერ იყო არჩეული კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში და კალიფორნიას წარმოადგენდა, 2-ჯერ კი საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ. კლინტონის ადმინისტრაციაში მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი, ასევე თეთრის სახლის აპარატის უფროსი იყო.  
 
2 წლის წინ დაზვერვის სააგენტოს პანეტასთვის ჩაბარებას სკეპტიკურად შეხვდნენ. თუმცა მან აღიარება არა მხოლოდ დემოკრატიულ პარტიაში, არამედ რესპუბლიკელთა შორისაც მოიპოვა; შეძლო სააგენტოს ოპერაციების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების შეჩერება და პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დანერგვა. 
 
პანეტა ისრაელის მხარდაჭერით  გამოირჩევა  და ირანის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. მას უკავშირდება ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ პარამილიტარული ოპერაციების წარმატება. განსაკუთრებით ოპტიმიზმით უყურებენ პანეტას მიერ პენტაგონის ბიუჯეტის მენეჯმენტის პერსპექტივას: ბოლო ათი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯი იზრდებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გეიტსს შეიარაღების არაერთი პროგრამის შეჩერება მოუწია. ის პირველი დემოკრატი იქნება 1997 წლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მდივნის თანამდებობას დაიკავებს. 
 
ახალი ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი აქამდე პაკისტანში, ერაყში, სირიასა და ლიბანში მეთაურობდა დიპლომატიურ მისიებს. მას დიპლომატიურ სამსახურში 37-წლიანი გამოცდილება აქვს. ერაყში კროკერი განსაკუთრებით მჭიდროდ პეტრეუსთან თანამშრომლობდა და მათ „საოცნებო გუნდსაც’’ კი უწოდებდნენ. 2002 წელს, მას შემდეგ, რაც თალიბანი განდევნეს, ის ავღანეთში აშშ-ის საელჩოს გასახსნელად ჩავიდა. 2009 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ A&M-ის უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშის სახელობის მთავრობისა და საჯარო სამსახურის სკოლის დეკანი გახდა. 
 
ავღანეთ-აშშ-ის ურთიერთობები მცირე კრიზისს განიცდის: ყარზაი ჯარისკაცებს მოქალაქეების დახოცვას აბრალებს, ამერიკელები კი ყარზაის კორუმპირებულად აღიქვამენ. ბევრის აზრით, კროკერი შეძლებს ავღანეთთან ურთიერთობის დათბობას. მისი განცხადებით, ერაყისგან განსხვავებით შიდა განხეთქილება ავღანეთში უფრო ფესვმოკიდებულია, რადგან ცენტრალური ხელისუფლება აქ დიდი ხანია არ არსებობს. კროკერმა აღნიშნა, რომ ალბათ შიდა განხეთქილება კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება და აშშ-მა სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

კომენტარები