Rule, Britannia!

"ყველა განზოგადება, ამ განზოგადების ჩათვლით, ყალბია”, – გვარწმუნებდა მარკ ტვენი. თუმცა, არ მგონია ამერიკული ლიტერატურის დამფუძნებელ მამას სიყალბედ ჩაეთვალა, თუ ვიტყოდი, რომ ქალების უმრავლესობას ბავშვობასა და შეიძლება სიყმაწვილეშიც კი, თავი პრინცესად მოაქვს და მომხიბვლელ პრინცს ელის. 

“რევოლუციამდელი, გონებაჩლუნგი” გოგონები, ფატის ნაცვლად, თავზე ბალიშისპირს ან გადაგდებული ტიულის ფარდის ნაგლეჯს ვიხვევდით. თანამედროვე “მინდა ვიყო” პრინცესებს კონკიას, ფიფქიას, არიელისა და ჟასმინის ჩინური წარმოების კაბებსა და ტიარებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ვისაც გაუმართლებს, შესაძლოა, პლასტმასის მაღალქუსლიან ქოშებსაც გამოჰკრას ხელი და შემდეგ მათი კაკუნით ააფორიაქოს ოჯახის წევრები და მეზობლები. 
 
მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს – წარმოსახვითი პრინცისთვის, ბალიშის პირით თავდამშვენებული “პატარძალი” და ოქროს გვირგვინიანი “პრინცესა” ერთნაირად თვალისმომჭრელია.   
 
გასულ კვირას პრინცის მომლოდინე გოგონებმა ფრთაშესხმული ოცნება იხილეს. ერთ-ერთი მათგანი, “უბრალო” ქეით მიდლტონი ნამდვილ პრინცზე დაქორწინდა. 
 
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინება Wall Street Journal-მა ბრიტანული მონარქიის ოჯახური ბიზნესის გაჯანსაღების მცდელობად და ბუნდოვანი, განსხვავებული მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 
 
ფოტო: REUTERS ©
პრინცი ფილიპი, ქეროლ მიდლტონი, დედოფალი ელისაბედი და კამილა პარკერ ბოულსი ჯვრისწერის ცერემონიალზე
სასიხარულო ამბავმა, პრესას ცუდი დროებაც მოაგონა, შეგვახსენეს პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ხმაურიანი და მტკივნეული განქორწინება, აგრეთვე ავბედითი ავარია, რამაც უინძორების რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა.
 
1997 წელს, ლედი დის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ოჯახმა საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოსწორება პროფესიონალებს მიანდო. მათ მარკეტინგული მეთოდებით დაადგინეს, თუ რა გაუხანგრძლივებდა მონარქიას სიცოცხლეს. 
 
ამის შემდეგ, დედოფალმა თავისი პირადი შემოსავლიდან გადასახადის გადახდა დაიწყო, დათმო სამეფო იახტა, მნიშვნელოვნად გაზარდა სამეფო ხარჯებზე საპარლამენტო კონტროლი. ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხაც შემცირდა. თუმცა დაფინანსების მოცულობა მაინც შთამბეჭდავია – გასულ წელს მთავრობამ გრანტის სახით უინძორებს 38.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო.  
 
მსგავსი პოლიტიკა სასარგებლო აღმოჩნდა. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, თუ დაიანას სიკვდილის შემდეგ, ბრიტანელების 48% მიიჩნევდა, რომ მონარქიის გაუქმება ბრიტანეთისთვის საზიანოა, სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, მათი 62% ფიქრობდა ამგვარად. უკანასკნელი მონაცემებით, მოსახლეობის 75% მონარქიის მომხრეა, 18% კი რესპუბლიკად გარდაქმნას უჭერს მხარს. 
 
ბევრი მიიჩნევს, რომ მონარქიის მხარდაჭერას, უშუალოდ დედოფლის ფაქტორიც დიდწილად განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან თემებზე მოსაუბრე ელისაბედ მეორე ხშირად უნახავთ, ის პოლიტიკაში პრაქტიკულად არ ერევა და მოსაზრებებს თავს არავის ახვევს. როგორც ამბობენ, პრინცი ჩარლზისგან განსხვავებით, მან კარგად იცის – რა შეუძლია და რა არა.
 
„მათ, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს”.
ამ უკანასკნელს კი აქტივისტის სახელი აქვს გავარდნილი – როგორც Wall Street Journal-ი გვამცნობს, შარშან ყატარის სამეფო ოჯახის კომპანიამ უარი თქვა ლონდონის ცენტრში თანამედროვე შენობის აგებაზე, მას შემდეგ რაც ჩარლზმა ყატარის პრემიერ-მინისტრთან წერილობით იჩივლა. ტახტის მემკვიდრის აზრით, თანამედროვე შენობა ლონდონის სულს არ უხდებოდა. ქალაქის მუნიციპალიტეტს მოგვიანებით ტრადიციული შენობის პროექტი წარუდგინეს დასამტკიცებლად, რამაც არქიტექტორთა გაშმაგება გამოიწვია. 
 
აღსანიშნავია ისიც, რომ პრინცი ჩარლზის პოპულარობა მკვეთრად ჩამოუვარდება დედოფლისას. უილიამი მამაზე გაცილებით მეტი სიმპათიით სარგებლობს. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 46% იმასაც ითხოვს, რომ ჩარლზმა ტახტზე უარი თქვას და მეფობა უფროს ვაჟს დაუთმოს, მაშინ როდესაც 47% ამის წინააღმდეგია.  
 
ფოტო:REUTERS ©
ქეით მიდლტონი საკურთხეველთან მიჰყავთ მამას და დას – მაიკლ და პიპა მიდლტონებს
უილიამს სხვა პრობლემა აქვს – ხელგაშლილი ცხოვრება უყვარს.  ბრიტანელები კი მომჭირნე დედოფალს არიან მიჩვეულნი, რომლის სასახლიდანაც მეორე მსოფლიო ომის დროს კვამლი არ ამოდიოდა – იმის ნიშნად, რომ იქ შეშას არ წვავდნენ. მაშინ როდესაც სამთავრობო ხარჯების მოცულობა კონსერვატორების შარშანდელ გამარჯვებამდე განუხრელად იზრდებოდა, დედოფალმა ბოლო ოცი წლის მანძილზე სამეფო ხარჯები გაანახევრა. 
 
სწორედ ამიტომ, 2008 წელს ბრიტანულ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენით პრინცის გადაფრენამ მეგობრის წვეულებაზე. თუმცა ნიშნობიდან დღემდე, მის განსაკუთრებულ თავშეკავებულობას ყველა ამჩნევს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ქეით მიდლტონის ჰაი სთრითის იაფფასიან მაღაზიებში, პრესის დასანახად სეირნობა – ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე.
 
და მაინც, რატომ ინახავს საზოგადოება ძალაუფლებას მოკლებულ სამეფო ოჯახს? 
 
ფოტო:REUTERS ©
“მათ, ვისაც წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს”, – ამბობდა გადასახადის გადამხდელთა ფულის მფარველი მარგარეტ თეტჩერი. 
 
საქმე ისაა, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე გაერთიანებულ სამეფოში სამ მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა. ქვეყანაში 2.5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს და ანგლიკანური ეკლესიის უპირატესობის გაუქმებას ითხოვს. ლონდონის მცხოვრებთა მესამედი არაბრიტანელია. ბრიუსელის რეგულაციებმა ბრიტანელების გაევროპელებას შეუწყო ხელი, ხოლო მულტიკულტურალიზმი, კუნძულის მკვიდრთა ცხოვრების წესად იქცა. 
 
ამ პირობებში, მონარქია, ბრიტანელების თვალში უფრო მეტია, ვიდრე ცერემონია. ის ტრადიციაა, რომელიც მათი ეროვნული იდენტობის ხერხემალს ქმნის – სწორედ ამაში იხდის ფულს ის, ვინც მონარქიის შენარჩუნებას უჭერს მხარს, გასული კვირის ქორწინებას კი ეროვნული იდენტობის გამოცოცხლებად აღიქვამს. 
 
უკმაყოფილოები მრავლად, თუმცა უმცირესობაში არიან. 

კომენტარები