ფრანჩესკო ტოტიმ ბაჯოს გადაასწრო

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/totiiiiiii.png##fbimage#
იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში რომას ლიდერმა და კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს გადაასწრო და საუკეთესო ხუთეულში შეაბიჯა.

სერია ა-ს ბოლო ტურში რომამ სტუმრად 3:2 დაამარცხა ბარი, დედაქალაქელთა კაპიტანმა კი ორი გოლი გაიტანა. მას ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა 79-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი ძელს მოარტყა. 206 გოლით ტოტი ახლა მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ სილვიო პიოლას (274), გუნარ ნორდალს (225), ჯუზეპე მეაცას (216) და ჟოზე ალტაფინის (216) ჩამორჩება.

ვიცი, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანს შემიძლია თამაში. ბედნიერი ვარ, მორიგი რეკორდი რომ გავაუმჯობესე და ისეთ დიდ მოთამაშეს ვაჯობე, როგორიც რობი ბაჯო იყო! ვეცდები მომავალ სეზონში უკეთესად ვითამაშო და უფრო მეტი გოლი გავიტანო, - თამაშის შემდეგ ტოტი ძალიან გახარებული იყო.

მისი დებიუტი სერია ა-ში 1993 წლის 28 მარტს შედგა: 16 წლის ბიჭმა პირველად მოირგო რომას მაისური და კლუბს ბრეშასთან 2:0 მოგებაში დაიხმარა, პირველი გოლი კი 1994 წლის 24 სექტემბერს, ფოჯასთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში შეაგდო.

რომას მაისურით ფრანჩესკო ტოტიმ ყველა ტურნირზე 607 ოფიციალურ მატჩში 261 გოლი გაიტანა, სერია ა კი ერთადერთხელ, 2001 წელს მოიგო. სამაგიეროდ, მისი გუნდი 6-ჯერ იყო იტალიის ვიცე-ჩემპიონი. რაც შეეხება ქვეყნის თასს, ტოტის რომამ ეს ჯილდო 2-ჯერ მოიგო, 4-ჯერ კი ფინალში ითამაშა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფრანჩესკო ტოტი 2000 და 2003 წლებში ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, 2000, 2001, 2003, 2004 და 2007 წლებში კი სერია ა-ს უძლიერეს იტალიელ ფეხბურთელად აღიარა.

2006 წელს ჩესკო ტოტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და სანაკრებო კარიერაც დაასრულა.

 

კომენტარები