თარგმანში დაკარგული

 ალფრედო დი სტეფანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მადარდებს. მადრიდის რეალის ოთხმოცდაათს მიტანებულმა სინდის-ნამუსმა, ულვაშმა, ლეგენდამ, სიმბოლომ და ზღაპრული ისტორიის პირადად შემქმნელმა 17 აპრილის ელ კლასიკოს შემდეგ თავის გუნდზე ისეთები ილაპარაკა, იმავე დღეს იოჰან კრუიფს რომ არ ულაპარაკია. ჰოდა, როგორაა ეს კაცი იმის შემდეგ, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე ერთხელაც მოხდა გასულ ოთხშაბათს?

პრაგმატიზმის და კიბერნეტიკის მეცნიერებათა დოქტორმა თარჯიმანმა ფეხბურთის მშვენება, ფეხბურთის მსუყე, გემრიელი, ემოციებით და სენსაციებით გადავსებული კლასიკა ყველაზე მახინჯი მიმდინარეობის, კატენაჩოს დაბალ ცეცხლზე შემოდგა და დააშრო. მან ბარსელონა-რეალი შუასეზონურ პადოვა-იუვენტუსს დაამსგავსა და ეს უკვე დანაშაულია. მან ფეხბურთში წარმატების მიღწევა ფეხბურთის თამაშით კი არა, სხვისთვის თამაშში ხელის შეშლით გადაწყვიტა. ესეც დანაშაულია. მან ერთმანეთს გადაკიდა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომელთა გაერთიანებაზე ლუის არაგონესის და ვისენტე დელ ბოსკეს მთელი ნიჭი დაიხარჯა და რომელთა გაერთიანებამაც ესპანეთს ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ამას დანაშაულიც აღარ ჰქვია. მან ჩემპიონთა თასის ცხრაჯერ ერთმანეთზე ლამაზად მომგები გუნდი საკუთარი სტადიონის საკუთარ ნახევარზე ამოკეტა და რეალის ფილოსოფიას, ესთეტიკას, ეროტიკას სულში ჩააფურთხა. ეს სირცხვილია.

თარჯიმანს ისევ იტალიაში ჰგონია თავი. მაგრამ ეს რეალია. რეალში ბევრი ისეთი რაღაც არ მოსულა, რაც სხვაგან ზეიმის საბაბია. რეალმა კი არ უნდა მოიგოს, უნდა მოიგოს ლამაზად. რეალმა უნდა შექმნას, უნდა ითამაშოს, უნდა აგორაოს, ძელებს უნდა ურახუნოს, დიდი ანგარიშით წააგოს და მერე უფრო დიდით ამოატრიალოს. რეალს არ უნდა ეშინოდეს. არავისი. რეალი ბერნაბეუზე უთავდამსხმელოდ არ უნდა გადიოდეს და თანამედროვე ფეხბურთის „შემოქმედებით ელიტას” სკამზე არ უნდა ალპობდეს. რეალს მადრიდში მხოლოდ ოცპროცენტიანი ბურთისჭერა არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ლიგის ნახევარფინალში და მით უმეტეს ბარსასთან. რეალის ათი ნომერი ლასანა დიარა არ უნდა იყოს.

ამ ორ კლუბს შორის დღეს მთავარი განსხვავებაც ესაა – ერთში ათი ნომერი ყასაბი დიარაა, მეორეში ლეო მესი, ფეხბურთის მოქმედი ღმერთი, რომელიც თარჯიმანის მოქნეულს გადაეფარა და ფეხბურთი სიკვდილისგან იხსნა.

გთხოვთ, ამიერიდან ასე მოვიხსენიოთ: წმინდა ლიონელ გადამრჩენელი.

მესის შედევრი უბრალოდ შედევრი არ ყოფილა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი ფეხბურთის ისტორიაში, რადგან იმ წამს ბეჭედი დაესვა საკითხს – რა არის ფეხბურთი – თამაში, ვიღაცების სათამაშო თუ მათემატიკა. და დამტკიცდა ის, რაც ისედაც აქსიომა იყო – ფეხბურთი თამაშია. მისი საფუძველი სწორედ ესაა. თუ არ ითამაშე, თუ არ გაერთე და თუ არ ისიამოვნე, გალიაში გამოგამწყვდევენ.

„გამორიცხულია, ფეხბურთი აღმაფრენის გარეშე ითამაშო”, – თქვა დათო ყიფიანმა თავის უკანასკნელ ინტერვიუში და ეს სიტყვები ყველა პატარა ბიჭს, საშუალო დონის პროფესიონალს, ვარსკვლავს და მწვრთნელს თავში უნდა ჰქონდეს ჩაბეჭდილი.

ფეხბურთი ძალიან ეგზოტიკური და საინტერესოა იმისთვის, რომ თარჯიმანმა მოკლას. მას ყოველთვის დაიცავენ მესისნაირი წმინდანები, ზიდანები, მარადონები, პელეები, გარინჩები, რომარიოები, ყიფოები, კრუიფები და დი სტეფანოები.

ამბობენ, ფეხბურთში ადამიანები მოდიან და მიდიან, ხოლო სტატისტიკა რჩებაო. ვისთვისაც ასეა, იყოს, მე კი ჭაღარაბაკებიანი გიგზის ერთი ბებრული „პადსებია” მირჩევნია თარჯიმანის ყველა თასს. მთლიანსაც და დამტვრეულსაც.

კომენტარები