დიდების პატარა დარბაზი

სპრინგფილდში ტომატის წვენი უფრო გემრიელია, ვიდრე ისტ რუზერფორდში. სპრინგფილდში ტომატის წვენი 75 ცენტით ძვირი ღირს, ვიდრე ისტ რუზერფორდში. სპრინგფილდში დასტი სპრინგფილდმა ირლანდიელი კრიმინალებისთვის უფასო ლაივი ჩაატარა. სპრინგფილდის პოლიციამ დასტი სპრინგფილდი ტერორისტებთან დაქალობისთვის 72 საათით დააპატიმრა. სპრინგფილდში, ჯორჯ ვაშინგტონმა ამერიკელი ჯარისკაცები სპრინგფილდის საიუველირო სამჭედლოში დამზადებული ფიქსატორიანი დანებით შეაიარაღა. სპრინგფილდში ნეისმითის საკალათბურთო დიდების დარბაზია. 52 წლის წინ დარბაზი ლი უილიამსმა გახსნა. დღემდე, დარბაზმა 301 წონადი პერსონა დაიტია. პატარა დარბაზში კიდევ ბევრს შეიყვანენ. ძირითადად, ყველაზე კარგ ბიჭებს და პოპულარულ მოქალაქეებს. მწვრთნელებს, საკალათბურთო ფუნქციონერებს, უბრალოდ მოთამაშეებს და უბრალოდ, უბრალო მოთამაშეებზე კარგებს. ალბათ, ბევრად კარგებს.
ბოლო ორი გენერაციიდან სპრინგფილდში ოფისის გახსნა შეუძლიათ ტიმ დანკანს, შაკს, კევინ გარნეტს, კობის, კრის უებერს, ჯეისონ კიდს, ალენ აივერსონს, ალონზო მურნინგს, რეჯი მილერს, დიკემბე მუტომბოს, დირკ ნოვიცკის. ალბათ, პო გასოლსაც. სხვებმა სხვებზე უფრო უნდა მოინდომონ, მაგრამ ზოგს ასაკი შეუშლის ხელს და ზოგი ვეღარ შეიცვლება.
დევიდ სტერნის ბლოკბასტერებში ეს ხუთი ბიჭიც გადაიღეს. ზოგის როლი სამოყვარულო კამერით გადაღებულ ფილმში გაპიარდა, ზოგი ბროდვეიზე გადავიდა, ჰარი ბი სმითის და გაი ბოლტონის შედევრების რიმეიქებში მიიწვიეს და საკალათბურთო არტისტიზმი სხვა დონეზე გავიდა. ნეისმითის დარბაზში ამ ბიჭების მოხვედრის შანსებზე გავისაუბროთ.

ფოტო: REUTERS ©
 
1.  ვინს კარტერი
ნეისმითის დარბაზში რომ მოხვდე, ბევრი ქულა, ბევრი მოხსნა, ბევრი ქულა და ბევრი მოხსნა ერთად ან ძალიან ბევრი პასი უნდა გქონდეს. ამერიკაში სტატისტიკა პირველ ცოლზე მაგრად უყვართ და ამერიკაში მეორე ცოლი სტატისტიკით მოჰყავთ.

კარტერი რეგულარულში დაახლოებით 22 ათას ქულას აიღებს. მშვენიერი სტატისტიკაა. ვინსი ქულებით ბობ პეტიტს, ჰოლ გრირს, უოლტ ბელამის, სკოტი პიპენს, ერლ მონროს, დევიდ რობინსონს, მეჯიქ ჯონსონს, დენის ჯონსონს, ჯონ სტოქტონს, კრის მულინს, დეივ ბინგს, ლენი უილკენსს, კევინ მაქჰეილს და დენის როდმანს გადაასწრებს. ალბათ, ლარი ბერდზე მეტ ქულასაც კი დააგროვებს.

ამ ბიჭებიდან, ყველა და ნებისმიერი ვინსზე დიდი და სრულყოფილი მოთამაშეა. დენის როდმანიც, რომელსაც ქულების დაგროვება ეზარებოდა და ვინც 90-იანებში 18.8, 18.3, 17.3, 16.8, 14.9, 16.1 და 15.0 მოხსნას აგროვებდა. როდმანი იყო თავისი გენერაციის პირველი დამცველი და ვინსი სულ დაფრინავს. ძირითადად, იმ სეზონებში, როდესაც გვერდში ნორმალური ჩამგდები არ უდგას ან საკონტრაქტო სეზონი აქვს დასამთავრებელი.

კარტერი ნეისმითისგან უფრო შორს არის, ვიდრე სლაი სტალონეს მეორე ცოლი ოსკარისგან.

ფოტო: REUTERS ©
 
2. სტივ ნეში
კანადელი ბიჭი თავისი თაობის პირველი ფლეიმეიქერია. ნეში მოედანზე იერონიმ ბოსხია. სულ რაღაცას ქმნის, სულ რაღაცას ხატავს, ბოსხივით ბევრ ფერს იყენებს, ბევრ ფერს კარგავს და ბედნიერია.

ნეში ორჯერ გახდა რეგულარულის ყველაზე კარგი ბიჭი (MVP), ნეში ძმაკაცობს ალესანდრო დელ პიეროსთან და ნეში სულ ქველმოქმედებაშია ჩართული. ეხმარება უსახლკაროებს, ეხმარება შიდსით დაავადებული ბავშვების ფონდს, ეხმარება მარჩინ გორტატს და ეხმარება საკუთარ თავს. სტივი სულ იცინის.

დაცვაში გაატარებს ტონი პარკერს და იცინის. კრის პოლს ბუნჩულა ლოყაზე აკოცებს და იცინის. ბოლო წამზე სამიანით ფინიქსს მოაგებინებს და ბედნიერია.

ყველაზე ბედნიერები სანზის ფანები არიან. არიზონაში ნეში პირველი კაცია.

სტივი ვერ გახდა ჩემპიონი, სტივმა ვერ გაიყვანა გუნდი (დალასი, ფინიქსი) სუპერფინალში და ნეში მაინც ყველაზე კარგი პირველი ნომერია. ჯეისონ კიდზე ნაკლებს ხსნის, კრის პოლზე ბევრად ცოტა ჩაჭრა აქვს და მაინც პირველია.
 

ფოტო: REUTERS ©
 

3. ტრეისი მაკგრეიდი


კარტერივით მფრინავი, კარტერივით ნიჭიერი, კარტერზე კარგი პასით და კარტერზე ნორმალური დაცვით. კარლ მელოუნი, სტოქტონი, პატ იუინგი და ჩარლზ ბარკლი იგებდნენ სერიებს და აგებდნენ სუპერფინალებს, გადიოდნენ სუპერფინალში და აგებდნენ მაიკლის და სკოტის ბულზთან, ან ჰაკიმის და კლაიდის როკეტსთან.

მაკგრეიდი ყველასთან აგებდა. მაკგრეიდის გუნდები ფლეი ოფამდე სექსუალურ კალათბურთს თამაშობდნენ და გასავარდნ ეტაპზე ვერ ასრულებდნენ. ტრეისი ბევრჯერ გადის ფლეი ოფში და სულ პირველ წრეში აგებს. ტრეისი ყველაზე ბევრს ტლიკინებს რეგულარულში და ფლეი ოფში უფრო მუნჯია, ვიდრე მაკმერფის ინდიელი ძმაკაცი. უბრალოდ, ბელადმა ბოლოში ხმა ამოიღო, გაიქცა და თავისუფლებას დაუმეგობრდა.
მაკგრეიდი ბოლომდე დაკომპლექსებულ, შებოჭილ, უინიციატივო ნიჭიერ კალათბურთელად დარჩა.

ნეისმითის კოხტა დარბაზში ასეთების კუთხე ჯერ არ გახსნილა. ტრეისის იქ შესვლა ძალიან გაუჭირდება.


ფოტო: REUTERS ©
 

4. ემანუელ ჯინობილი

თუ არგენტინელი დიდების დარბაზში ვერ შევა, ეს ამბავი სკორსეზეს გაუთავებელ (და უაზრობამდე ალოგიკურად დასრულებულ) იგნორირებას დაემსგავსება.

მანუ გენიოსია და მანუს აქვს არასაკმარისად საინტერესო და სრული სტატისტიკა ნეისმითის დარბაზისთვის. არგენტინელი კლასიკოსის სტატისტიკა 15.0 ქულა, 4.0 მოხსნა და 3.8 პასია. ამ სტატისტიკით ჯინობილი სან ანტონიოს დიდების დარბაზშიც ვერ შევა.

უბრალოდ, მანუ სტატისტიკაზე უფრო დიდია.

მანუ ბევრ ნეისმითელზე დიდია.
რომც არ შეიყვანონ, მაინც ბევრზე დიდი იქნება.

მანუ კალათბურთია.


ფოტო: REUTERS ©
 


5. გრანტ ჰილი


ჰილი მთელი ლიგის გრანტი იყო. ჯორდანი ბეისბოლში ცელქობდა, დევიდ რობინსონი რეგულარულს იგებდა და ფლეი ოფში გასვლის ეშინოდა და ოლაჯუონი დაღლამდე მაგარი იყო. ჰილი პირველ ექვს სეზონში იყო ლებრონი, კობი, დანკანი, დირკი. ჰილი იყო ყველაფერი და შემდეგ, გრანტი გაქრა. ნიჭიერმა ფორვარდმა მუხლის, კოჭის და ზურგის ტრავმებით კარიერის მონაგარი და ნიჭი დაიკლო, დაკარგა სპონსორები და სისწრაფე.

გრანტი დიდების დარბაზში დადებითი აურით თუ შევა. ჰილი ყველას უყვარს. მშვიდი, წესიერი, თბილი ადამიანია, რომელიც ფინიქსის ყველა საშინაო VS-ზე უსახლკარო ბავშვებს პატიჟებს, პატარებს სითბოს აძლევს და ბედნიერია. ალბათ, მაინც შევა დიდების დარბაზში.

ჰილის პირველი ექვსი სეზონის სტატისტიკა:

1994/95 – 19.9 ქულა, 9.8 მოხსნა, 6.9 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1995/96 – 20.2 ქულა, 9.8 მოხსნა, 6.9 ჩაჭრა, 1.2 ჩაჭრა.
1996/97 – 21.4 ქულა, 9.0 მოხსნა, 7.3 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1997/98 – 21.1 ქულა, 7.7 მოხსნა, 6.8 პასი, 1.8 ჩაჭრა.
1998/99 – 21.1 ქულა, 7.1 მოხსნა, 6.0 პასი, 1.6 ჩაჭრა.
1999/2000 – 25.8 ქულა, 6.6 მოხსნა, 5.2 პასი, 1.4 ჩაჭრა.
 

 

 

 

 

 


კომენტარები