ფაჩულია და ატლანტა მომდევნო ეტაპზე

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/pach.png##fbimage#
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერის, ზაზა ფაჩულიას ატლანტა ჰოუქსმა NBA-ს ფლეი-ოფის პირველ წრეში ორლანდო მეჯიქი დაამარცხა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენას ექვსი შეხვედრა დასჭირდა. ჯორჯიელებმა მოწინააღმდეგე საერთო ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

დღეს გამთენიისას გადამწყვეტი შეხვედრა ატლანტას საშინაო არენაზე გაიმართა. ქორებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს - 84:81. ზაზა ფაჩულიას საამმატჩო მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 24 წუთი, 1 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 5 პერსონალური შენიშვნა და ერთი დაკარგვა.
 
თამაშიდან ქართველმა კალათბურთელმა სულ ერთხელ ისროლა ბურთი, ერთადერთი ქულა კი საჯარიმოდან მოიპოვა. ზაზას ძირითადად ამჯერადაც შავი სამუშაოს შესრულება ევალებოდა, რასაც თავი მეტნაკლებად წარმატებით გაართვა.
 
სერიის დასაწყისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე ჰოუქსის შემდეგ ეტაპზე გასვლას. შარშან იმავე რაუნდში ორლანდოელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს. მათ ამჯერადაც საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა ატლანტას კალათბურთელებმა ეს პრობლემა პირველივე დაპირისპირებაში გადაჭრეს, როდესაც მეტოქეს გასვლით მატჩში აჯობეს.
 
ატლანტა ჰოუქსის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩიკაგო ბულსი იქნება. დერეკ როუზმა და კომპანიამ პირველ რაუნდში ინდიანა პეისერსი გაანადგურა 4:1. ბულსი მომავალ დაპირისპირებასაც აშკარა ფავორიტის რანგში ხვდება.
 

კომენტარები