კონსენსუსამდე ჯერ კიდევ შორია

ოპოზიციისა და ხელისუფლების ამჟამად შეჩერებული, საარჩევნო დიალოგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. 

დღეს საქართველოში ე.წ. პარალელური საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 150-კაციანი პარლამენტიდან 75-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ – ამომრჩეველი ე.წ. დახურული სიებით წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ამ შემთხვევაში 5%-იანი ბარიერია დაწესებული. 75 მაჟორიტარი კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რჩეულია. მაჟორიტარულ არჩევნებში 30%-იანი ბარიერი მოქმედებს.  
 
ოპოზიციამ ხელისუფლებას შერეული პროპორციული სისტემის შემოღება შესთავაზა. ამ სისტემის მიხედვით, წარმომადგენლები ორი სხვადასხვა წესით აირჩევიან: პროპორციული სიებით და მაჟორიტარული სისტემით. პროპორციული არჩევნების შედეგი პარლამენტში პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. ამ რაოდენობაში გეოგრაფიულ საარჩევნო ოლქებში არჩეული მაჟორიტარული მანდატებიც შედის. გეოგრაფიული ოლქებიდან არჩეული წევრები (მაჟორიტარები) პარტიის მანდატების ოდენობას ისე გამოაკლდებიან, რომ მთლიანი პროპორციულობა დაცული იქნება. ამას გარდა, ოპოზიცია მაჟორიტარული საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასაც ითხოვს.  
 
მოქმედი და ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემები, პარლამენტის ნაწილის პროპორციული დახურული სიებით არჩევას გულისხმობს. ამდენად, ამომრჩეველს საარჩევნო სიაში კანდიდატების თანმიმდევრობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. სისტემებს კიდევ ერთი საერთო აქვთ: ორივე მათგანი მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერს (მოქმედი – 30%, შემოთავაზებულში – 50%) და, შესაბამისად, ორტურიანი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. 
 
დღეს არსებული მაჟორიტარული არჩევნების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ისაა, რომ აღნიშნული წესი, თეორიულად, ამომრჩეველთა დაახლოებით 70-მდე პროცენტის ხმების უგულებელყოფის საშუალებას იძლევა (30% ბარიერის გამო). თუმცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პრაქტიკა მოწმობს, რომ ეს მსჯელობა განყენებული ხასიათისაა. 2008 წელს გამარჯვებული მაჟორიტარებიდან ყველაზე ნაკლები ხმით (37-38%-ით) გამარჯვება მხოლოდ ორ მაჟორიტარს – გლდანის და საბურთალოს ოლქებში აქვთ მოპოვებული. უმრავლესობას (85-დან 77-ს) არა 30-იანი, არამედ 50%-იანი ბარიერი აქვთ გადალახული. 
 
ეს ციფრები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის შემთხვევაში, 2008 წლის არჩევნების შედეგი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვლებოდა: 86 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მხოლოდ 8-ში გახდებოდა აუცილებელი. ამასთან, 2008 წელს ამ 8-დან 2 მანდატი 50-ზე ნაკლები პროცენტით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოპოვებული. მეორე ტურში კი ყველაფერს ისევ ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობა გადაწყვეტდა. 
 
სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარულ არჩევნებში საერთოდ არ აქვთ შემოღებული – მათ შორის აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში. 
 
საქართველოში როგორც არსებულ, ისე შემოთავაზებულ მოდელებს სხვა პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, ქვეყნაში არსებული სისტემის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა შორის არსებული დისპროპორციაა. 100-ათასიან და 20-ათასიან ამომრჩეველთა ოლქებს ერთი მაჟორიტარული მანდატი აქვთ. ასეთი სხვაობა ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებულ 10, მაქსიმუმ 15%-ს. თუმცა, იმავე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გეოგრაფიული და დემოგრაფიული თავისებურებების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და მსგავსი მოსაზრებებით ამომრჩეველთა შორის მნიშვნელოვანი სხვაობის შესაძლებლობაზეცაა საუბარი. ისიც მოცემულობაა, რომ 20-მდე მაჟორიტარულ ოლქს (მაგალითად, ადიგენი, ასპინძა, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, ყაზბეგი და ასე შემდეგ) 20 ათასზე ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს. ამასთან, თითოეული მათგანი გეოგრაფიულად საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მათი წარმომადგენლის გარეშე დატოვება, მთელი რეგიონის წარმომადგენლობითობაზე უარის თქმას ნიშნავს.  
 
ხელისუფლების ახალი ინიციატივა ამ დისბალანსის შემცირებას ისახავს მიზნად. მისი მიხედვით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, ოლქი უნდა გაიყოს. ამით მაჟორიტართა მანდატების ჯამური რაოდენობა 10-ით გაიზრდება, ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის სხვაობა კი შემცირდება. თუმცა, ამ ვარიანტშიც რეკომენდებული ზღვარის დაცვა მაინც ვერ ხერხდება; ცვლილება კი რეფერენდუმის შედეგების გადახედვას, კერძოდ – პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.   
 
რეგიონული წარმომადგენლობითობის პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მეორე ვარიანტი გამოიწვევს. ამ უკანასკნელის თანახმად, არჩევნების პარალელური საარჩევნო სისტემა ნარჩუნდება, თუმცა 150-წევრიან პარლამენტში 100  პარტიული სიით, ხოლო 50 – მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ. ეს ინიციატივა, ხელისუფლების წინადადებისგან განსხვავებით, პარლამენტის წევრთა შემადგენლობას არ ზრდის, თუმცა იწვევს მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადახედვას. ეს ერთმანდატიანი ოლქების მოცულობას გაზრდის და დეპუტატისა და ამომრჩევლის კავშირს (რასაც მკვლევრები გარდამავალი ქვეყნების სისტემებისთვის მნიშვნელოვან შემადგენელად თვლიან) კიდევ უფრო შეამცირებს

კომენტარები