ევროპის ქვეყნები სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვენ

ევროპის ქვეყნებმა გაეროს და ევროკავშირს სირიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთმა და იტალიამ მოითხოვეს სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეჩერების მიზნით. საფრანგეთსა და იტალიას დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, განიხილება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც სირიის მმართველ რეჟიმზე გავლენას მოახდენს. დამასკოს წინააღმდეგ სანქციების მიღებას განიხილავენ ვაშინგტონშიც, იუწყება უცხოური მედია.

ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, უახლოეს 24 საათში იგეგმება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პორტუგალიის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გმობს და ქვეყნის ხელისუფლებას ღია და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს დემონსტრანტების მკვლელობის ფაქტებზე.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, სირიის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ტანკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და სირიის მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო თვენახევრის მანძილზე სირიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები