იტალიაში მარკო პოლოს ხორვატად მოხსენიება გააპროტესტეს

იტალიელებმა აღშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოსადმი მიძღვნილი მუზეუმი ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა, სტეპან მესიჩმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, მესიჩმა მარკო პოლო „ხორვატიაში დაბადებულ მოგზაურად“ დაასახელა.

მართალია, მარკო პოლოს დაბადების ზუსტი დრო და ადგილი ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ის ვენეციელი იყო. ზოგი მეცნიერის მტკიცებით კი, მარკო პოლო ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ კორჩულაზე დაიბადა, რომელიც ახლა ხორვატიას ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, ცნობილი მოგზაურის მამა დალმატიელი ვაჭარი, მაფეო პილიჩი იყო. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პილიჩმა გვარი პოლოდ მას შემდეგ გადაიკეთა, რაც ვენეციაში გადავიდა საცხოვრებლად.

იტალიურმა პრესამ ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას „სასაცილო“ და „პროვოკაციული“ უწოდა. „იმის თქმა, რომ მარკო პოლო ხორვატია, მხოლოდ იმიტომ რომ ის სავარაუდოდ, დაიბადა იმ კუნძულზე, რომელიც ახლა ხორვატიას ეკუთვნის, მეტისმეტია,“ წერს იტალიური Corriere della Sera. იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გარიბალდის, რომელიც ნიცაში დაიბადა, ფრანგად არავინ მოიხსენიებს. 

კომენტარები