დასაქმება VS მაღალი ფასები

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის  დაკვეთით, 2011 წლის 4-17 მარტს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სამი ათასამდე მოქალაქე გამოიკითხა.

 საყურადღებოა, რომ აღნიშნული კვლევის შედეგებიდან, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად, ჩვენი მოქალაქეების 61%-ს დასაქმება, 39%-ს – ფასების ზრდა, ხოლო 36%-ს – სიღარიბე მიაჩნია. საინტერესოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა, 38%-ით.
 
დასახელებული პრობლემების მიხედვით, დაახლოებით მსგავსი სურათია ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებითაც – 81%-ის აზრით, კრიტიკულია დასაქმების საკითხი, ხოლო 46%-ის და 32%-ის აზრით – შესაბამისად, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის ღირებულების ზრდა.
 
შედეგები საყურადღებოა, რადგან პოლიტიკური ძალები, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური, განსაკუთრებით აკვირდებიან მოსახლეობის განწყობას და ცდილობენ საკუთარ რიტორიკასა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ის ადეკვატურად ასახონ.
 
რიტორიკა თავისთავად ნაკლები პრობლემაა. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციური თუ კვაზიოპოზიციური პოლიტიკური მოთამაშეები მოსახლეობის განწყობას საკუთარი რეიტინგის აწევის მიზნით იყენებენ. ისინი ახორციელებენ ზეწოლას მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, ეს უკანასკნელი იძულებული ხდება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და მიიღოს ისეთი ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია.
 
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას განსაკუთრებული სიმძაფრით ორი საკითხი აღელვებს – დასაქმება და ფასების ზრდა. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, აღნიშნული პრობლემები შესაძლოა ერთმანეთზე იყოს გადაბმული.
 
ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლების განცხადებები და გარკვეული ქმედებები უმუშევრობის დაძლევისკენაა მიმართული. უკანასკნელი საარჩევნო კამპანია მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეტწილად სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ ააგო. ინფლაციამ კი, როგორც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზმა, წინა პლანზე მხოლოდ ბოლო თვეებში წამოიწია.
 
არსებობს თუ არა კავშირი ფასების 14%-იან ზრდასა (2011 წლის მარტის მონაცემების მიხედვით) და ხელისუფლების „ანტიუმუშევრობის” პოლიტიკას შორის? ჩემი აზრით – კი.
 
უმუშევრობის დაძლევის მიზნით, მთავრობა ხარჯავდა იმაზე მეტს, ვიდრე საგადასახადო შემოსავლების სახით კრებდა. დეფიციტის დასაფინანსებლად კი იღებდა ვალს ან მიმოქცევაში ზრდიდა ფულის მასას. სწორედ ფართო ფულის ოდენობის (M2) მატებამ გამოიწვია ფასების ზრდა, შედეგად კი – ახალი პრობლემა, რომელიც თავისი არსით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
 
სახელმწიფო ხარჯების ზრდით დასაქმების „ხელშეწყობა” ჩვენი ხელისუფლების მოგონილი ნამდვილად არ არის. მსგავს ტაქტიკას უამრავი ქვეყნის მთავრობა მიმართავდა და მიმართავს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში – ეს გზა პრაქტიკულად ყველგან უშედეგოა. მსგავსი პოლიტიკის შედეგი შესაძლოა იყოს დროებითი დასაქმების ზრდის ილუზია, მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ხარჯების მატება, ყოველთვის სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ხასიათის პრობლემებით მთავრდება. საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი ილუზიის შექმნაც ვერ მოხერხდა. უბრალოდ ერთ პრობლემას – უმუშევრობას, მეორე – ინფლაცია დაემატა.
 
საქმე ისაა, რომ საბიუჯეტო ხარჯების ზრდით, სინამდვილეში, სამუშაო ადგილები არ იქმნება. სახელმწიფო უბრალოდ იღებს ფულს კერძო, ეფექტიანად მომუშავე სექტორიდან და ხარჯავს სხვა სფეროში – იქ, სადაც გარკვეული ბიუროკრატები ჩათვლიან საჭირო, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული (სტრატეგიული) მნიშვნელობის მქონე ან პოტენციურად მომგებიან ინვესტიციად. შედეგად ზარალდება კერძო სექტორი, კლებულობს დანაზოგები და ინვესტიციებისთვის საჭირო ფულის ოდენობა, ნელდება ეკონომიკური ზრდის ტემპი.
 
ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ და დროებით დავიჯეროთ, რომ სახელმწიფოს შესწევს უნარი საბიუჯეტო ხარჯების მატებით დაასაქმოს მეტი მოქალაქე, რა აზრი აქვს ასეთ დასაქმებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის რამდენი პროცენტი იქნება დასაქმებული თუ საერთო კეთილდღეობა არ გაიზრდება და ხშირ შემთხვევაში პირიქით, დაიკლებს? სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს 100%-იან დასაქმებას თუ მოსახლეობას დაავალდებულებს (როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა) ან დაავალებს ნებისმიერი საქმის კეთებას და ამაში გადაუხდის ფულს. კეთილდღეობა  კი ასე არ იზრდება.
 
ვთქვათ, ხელისუფლებამ დახარჯა 100 მილიონი რომელიმე „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი” პროექტის განხორციელებაზე და ამ გზით დროებით  2 ათასი ადამიანი დაასაქმა. 100 მილიონი რომ გავყოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე, თითო მოქალაქეს დაახლოებით 25 ლარი შეხვდება. როგორ მოიხმარს მოსახლეობა ამ ფულს? დახარჯავს ან შეინახავს.
 
დახარჯვა ნიშნავს, რომ შეიძენს ისეთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რომელიც მისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანია. შესაბამისად, გაიზრდება მისი კეთილდღეობა, ხოლო ბაზარი მიიღებს სიგნალს, რომ გაიზარდა მოთხოვნა იმ პროდუქტებსა თუ მომსახურებებზე, რომლებიც მოსახლეობამ შეიძინა. შედეგად იმატებს სწორედ ამ მომსახურებებისა თუ პროდუქტების წარმოება და ამასთანავე, გაიზრდება ამ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობაც.
 
თუ ამ თანხის გარკვეული რაოდენობა მოხვდება საბანკო დეპოზიტებზე (ანუ „შეინახება”), ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ახალი ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად ფული გახდება შედარებით უფრო ხელმისაწვდომი. ანუ მეტი კერძო კომპანია შეძლებს სესხის შედარებით იაფად აღებას და ბიზნესსაქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას. შედეგად – დასაქმება კვლავ გაიზრდება.
 
სწორედ ასე, და მხოლოდ ასე მიეწოდება ბაზარს სიგნალები იმის თაობაზე, თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და რომელი არა, რა ტიპის პროდუქტი უნდა აწარმოონ და რა ტიპის არა, რომელ სფეროებში უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და რომელში არა. მხოლოდ ამ გზით იზრდება კონკურენცია, იკლებს ფასები, უმჯობესდება ხარისხი და ჩნდება ინოვაციები. სწორედ ასე, და მხოლოდ ასე იზრდება საერთო კეთილდღეობა, იმატებს დასაქმება და იკლებს სიღარიბე. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი სხვაგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანთა თანაცხოვრების ბუნებრივ კანონზომიერებებს და ამცირებს საერთო კეთილდღეობას.
 
სასურველია, ხელისუფლებამ მართებული დასკვნა გამოიტანოს NDI-ს კვლევის შედეგებიდან – სახელმწიფო რესურსებით უმუშევრობასთან ბრძოლამ ფასების ზრდა შესაძლოა, კიდევ უფრო პრობლემური გახადოს. დასაქმება არ არის სახელმწიფოს საქმე. დასაქმების რეალური ზრდა კერძო სექტორში ხდება. ამისათვის კი საჭიროა ბაზრის მეტი ლიბერალიზაცია და სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. ფული, რომელიც მოაკლდება ბიუროკრატიის შენახვას ანდა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი (და თვალწარმტაცი) პროექტების განხორციელებას, უფრო ეფექტიანად დაიხარჯება კერძო პირების მიერ, რაც საგრძნობლად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. 
 

კომენტარები