NATO-ს მინისტერიალზე საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს

ბერლინში NATO-ს მინისტერიალზე შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ISAF-ის პროგრამის ფარგლებში ავღანეთის სამშვიდობო მისიის განხორციელებაში შეტანილი ”მნიშვნელოვანი წვლილის” გამო მადლობა გადაუხადეს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში უფრო მეტი დემოკრატიული რეფორმის გასატარებლად. ”საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ  NATO-საქართველოს კომისიას, როგორც პლატფორმას უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისთვის, კერძოდ კი საქართველოს ძალისხმევას  სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით,” ვკითხულობთ განცხადებაში.

NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ”მნიშვნელოვნად გაღრმავდა.”  ”ეს სასარგებლოა ალიანსისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის,” განაცხადა რასმუსენმა ”NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენ  არსებით და მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ. ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში კონკრეტული და ძალიან ეფექტური პროგრამები განხორციელდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გასატარებლად,” დასძინა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

კომენტარები