მინსკში მომხდარი აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პოლიციამ ბელორუსის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელორუსის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანდრეი შვედმა აცნობა. დაკავებულთა ვინაობას სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ასახელებენ. ასევე დღეს ბელორუსის შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ დაადგინა იმ ადამიანის სავარაუდო ვინაობა, ვინც აფეთქება უშუალოდ განახორციელა.

აფეთქება ბელორუსის დედაქალაქის ცენტრში, მეტროსადგურ ”ოკტიაბრსკაიაში” გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 149 კი დაშავდა. ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანატოლი კულეშოვის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ დისტანციური მართვის მექანიზმზე მუშაობდა. აფეთქებას ბელორუსის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. რუსული მედიის ცნობით, მინსკში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროც ჩაერთვება.

კომენტარები