საპატრიარქო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ილია მეორე სოჭში ვიზიტს აპირებს

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა, საქართველოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა, გოჩა ძასოხოვმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სოჭში საქართველოს ხალხთა ასამბლეის კონფერენციაზე დასაწრებად ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო პირველი ავრცელებს, ძასოხოვის თქმით, პატრიარქის ვიზიტი რუსეთში აფხაზეთის გავლით  განხორციელდება. მან აღნიშნა, რომ ამისთვის მედიატორის როლს საქართველოს ხალხთა ასამბლეა  შესრულებს.  ძასოხოვის თქმით, ამის შესახებ ის საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.

აფხაზეთის გავლით რუსეთში პატრიარქის სავარაუდო ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ”ტაბულა” საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა. მამა მიქაელ ბოტკოველმა ინფორმაცია არ დაადასტურა. ” სოჭში რომ ეს კონფერენცია ტარდება ვიცით, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იქ პატრიარქი  ჩავა, მით უმეტეს აფხაზეთის გავლით,   ვერ დაგიდასტურებთ.  ამის  შესახებ საუბარი არ არის,” განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. 

კომენტარები