საფრანგეთში ნიქაბის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/niqab.png##fbimage#
საფრანგეთში დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. კერძოდ, ახალი კანონი ეხება მუსლიმ ქალებს, რომლებიც სახეს ნიქაბით იფარავენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს 150 ევროთი დაჯარიმდება. სასჯელი გაცილებით მკაცრია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქალებს სახის ჩადრით დაფარვას აიძულებს. ამისთვის კანონდამრღვევს გაცილებით დიდი ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც ნიქაბის ტარება კანონით აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებსაც ახალი კანონი შეეხება ქვეყნის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენენ. ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში სულ 2000 მუსლიმი ქალია, რომელიც ნიქაბს ატარებს. ამიტომ, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ნიქაბის ტარების აკრძალვის შესახებ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ოპონენტთა კრიტიკა დაიმსახურა. მათი აზრით, ეს ”უბრალოდ პოპულისტური ნაბიჯი” იყო.

საფრანგეთის მთავრობა კი ნიქაბის აკრძალვას იმით ხსნის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვა შეუთავსებელია თანასწორობის შესახებ საფრანგეთში დამკვიდრებულ პრინციპებთან, რადგან ის ”ქალების სტატუსს აკნინებს.”
 

 

კომენტარები