NATO-მ ლიბიელ ამბოხებულებზე საჰაერო იერიშის გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/natoooooooo.png##fbimage#
NATO-ს ოფიციალურმა პირებმა  ლიბიაში გუშინ განხორციელებული ”შეცდომითი” საჰაერო იერიშის გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადეს. ალიანსის ადმირალის, რას ჰარდინგის თქმით, კოალიციურმა ძალებმა არ იცოდნენ, რომ ლიბიელმა ამბოხებულებმა ტანკების გამოყენება დაიწყეს. ჰარდინგმა აღნიშნა, რომ სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში NATO-ს პილოტები. ”ჩვენი საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა,” აღნიშნა ადმირალმა. მისი თქმით, კოალიციურ ძალებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კადაფის მებრძოლების ტანკები ქალაქ აჯდაბიასა და ალ-ბრეგას შორის მოძრაობდნენ. ”თუმცა ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამბოხებულებმაც დაიწყეს ტანკების  გამოყვანა,” აღნიშნა ჰარდინგმა.
  
NATO-ს საჰაერო იერიშს ლიბიის ქალაქ აჯდაბიაში, ოფიციალური მონაცემებით 4 ლიბიელი ამბოხებული ემსხვერპლა, თუმცა ადგილობრივი ექიმების ცნობით, დაბომბვის დროს 13 მებრძოლი დაიღუპა.  უცხოური მედიის ინფორმაციით, NATO-ს შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ჭურვი ჩამოაგდეს იმ ადგილას, სადაც ლიბიელი ამბოხებულების ტანკები და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული.

გუშინ მომხდარმა ინციდენტმა ლიბის ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.  ”მსგავსი შეცდომები არ უნდა განმეორდეს,” განაცხადა ოპოზიციური ძალების მეთაურმა, გენერალმა ფატაჰ იუნისმა. მან NATO-ს მოუწოდა მომხდარის შესახებ ”რაციონალური და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება” მიაწოდონ ამბოხებულებს. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო კოალიციურ ძალებსა და ლიბიის ოპოზიციას შორის ურთიერთობები არ გაფუჭდება. 

კომენტარები