ტექნოლოგიური დაიჯესტი

 Wi-Fi ლონდონის მეტროპოლიტენში

ლონდონელები მომავალი წლისთვის ემზადებიან. ლონდონის მეტროპოლიტენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, Tube-ის (ასე ეძახიან იქ მეტროს) ასზე მეტ სადგურს Wi-Fi-ის ქსელით დაფარავენ. წინა კვირას, ჩარინგ-კროსის სადგურზე, საცდელი ჩართვები განხორციელდა. ამის შე მდეგ, 2012 წლის ივლისამდე მსგავსი აპარატურის სხვა სადგურებშიც დაყენება დაიგეგმა. ეს დედაქალაქის მცხოვრებლებს და ტურისტებს საშუალებას მისცემს საკუთარი სმარტფონებიდან, ონლაინრეჟიმში ადევნონ თვალყური მოვლენების განვითარებას.

უახლოეს მომავალში Wi-Fi-ის უკაბელო ინტერნეტს ლონდონის თექვსმეტ სადგურში დაამონტაჟებენ, თუმცა, როგორც გაირკვა, ლონდონელებს მხოლოდ მეტროს სადგურებში შეეძლებათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა, გვირაბში Wi-Fi-ის ქსელი მათთვის მიუწვდომელი იქნება. მეტროს ოპერატორის, Tube of London-ის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი გვირაბებში დაფარვის გასაუმჯობესებლად, მობილურ ოპერატორებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
 
სოციოლოგიურმა სააგენტოებმა ყველაზე მასობრივი საქალაქო ტრანსპორტის მგზავრები გამოკითხეს და გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამ სიახლეს მიესალმება. იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონები ლონდონში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს მათთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება. ლონდონის ლორდ-მერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, „ქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოლიმპიადის მანძილზე მიწის ქვეშ მყოფი მგზავრები გარე სამყაროს არ მოწყდნენ”.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომლის მეტროპოლიტენშიც Wi-Fi-ის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. დღესდღეობით სინგაპურის, ბერლინის და ტოკიოს მეტროპოლიტენებში ეს სერვისი უკვე გაშვებულია, ნიუ იორკის საბვეიში ლონდონის მსგავსად სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრებს კი კიდევ დიდხანს მოუწევთ Wi-Fi-ის გარეშე მგზავრობა. 
 
რობოტი თოლია სახელად SmartBird
 
კაცობრიობა უხსოვარი დროიდან შურის თვალით შესცქეროდა ფრინველებს. ლაღი და ჰაეროვანი ფრენის მოსურნე პოეტები ქმნიდნენ მითებს, მაგალითად – დედალოსზე და იკაროსზე. ჩიტების ფრენის იმიტაცია კი მრავალი საუკუნის განმავლობაში ტექნოლოგიურად მიუღწეველი იყო. შემდეგ ძმები რაიტები მოვიდნენ და აეროდინამიკის კანონების მეშვეობით შეეცადნენ გაფრენას და გამოუვიდათ კიდეც. მას შემდეგ, ერთი საუკუნეა, ადამიანები დაფრინავენ, თუმცა ფრინველთა ფრენის გამეორება მაინც ვერ მოხერხდა.
 
გერმანული კომპანია FESTO, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური გამოგონებებით, მასმედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამ კომპანიის კვლევითმა ჯგუფმა ავტონომიური ბიონიკური ჩიტი შექმნა, სახელად SmartBird, რომელიც ვიზუალურად თოლიას არაფრით ჩამოუვარდება. ფრენის დროს კი ჰაერში ისე იქნევს ფრთებს და ისეთ ვირაჟებს აკეთებს, რომ დაკვირვებული თვალი, ნამდვილი თოლიასგან, ვერაფრით განასხვავებს. 
 
რობოტი თოლია 450 გრამს იწონის, ჰაერში გადაადგილდება ავტონომიურ რეჟიმში და უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელია მისი მართვა რადიოპულტის საშუალებით. ფრთები და თავი ტორსთან სპეციალური მოქნილი სახსრების მეშვეობით აქვს მიერთებული და თავის ტრიალი ოთხი მიმართულებით შეუძლია. თავში მოთავსებული ვიდეოკამერები კი ყველაფერს ხედავენ, რაც თოლიის მზერის არეალში ხვდება.
 
ჯერჯერობით გაურკვეველია, SmartBird-ებს პრაქტიკული თვალსაზრისით როგორ მოიხმარენ. სავსებით შესაძლებელია მათი გამოყენება დაზვერვაში, პრივატული ინფორმაციის მოძიებაში და ა.შ. იმის გაცნობიერება, რომ ოდესმე ასეთი თოლია გადაიფრენს და ინფორმაციას გააგზავნის სადღაც, უკვე მოსვენებას უკარგავს შეთქმულების და მასობრივი კონტროლის თეორიების მოყვარულებს. მათთვის კი, ვინც SmartBird-ის ფრენაში პრაგმატიკას არ ეძებს, ისიც საკმარისია, რომ ის დაფრინავს. სწორედ ასეთ ფრენაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები.

კომენტარები