კოალიციური ძალების ”შეცდომით” იერიშს 13 ლიბიელი ამბოხებული ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/pain.png##fbimage#
NATO-ს ძალების ”შეცდომით” საჰაერო იერიშს ლიბიის ქალაქ აჯდაბიაში 13 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, NATO-ს შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ჭურვი ჩამოაგდეს იმ ადგილას, სადაც ლიბიელი ამბოხებულების ტანკები და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა იყო განლაგებული. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, გარდაცვლილები ლიბიის ოპოზიციური შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე საავადმყოფოში ”სრული ქაოსია.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა ლიბიაში კოალიციური ძალების სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, როცა NATO-ს ძალებმა შეცდომით განახორციელეს საჰაერო იერიში. აპრილის დასაწყისში ალიანსის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ალ-ბრეგასთან ლიბიელი ამბოხებულების კოლონას გაუხსნეს ცეცხლი. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, ლიბიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ ინციდენტში დამნაშავე თავად იყვნენ. გაირკვა, რომ კოალიციური ძალების თვითმფრინავიდან ცეცხლი ამბოხებულების მიერ ჰაერში სროლის საპასუხოდ გახსნეს.

მარტის ბოლოს ვატიკანის წარმომადგენელმა ტრიპოლიში, ჯოვანი მარტინელიმ განაცხადა, რომ კოალიციის ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ლიბიის დედაქალაქში 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ”ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ და ამიტომ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია,” განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯამპაოლო დი პაოლამ ვატიკანის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. 

კომენტარები