მთავრობა – ბიზნესში

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს იწყებს. დაუსრულებელი პროექტების დასრულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების განვითარების მოტივით, მთავრობა საპარტნიორო ფონდს აფუძნებს. 

კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდის დაფუძნება სააქციო საზოგადოების ფორმითაა გათვალისწინებული. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ფონდის მიერ ისეთი პროექტები დაფინანსდება, რომლებიც კერძო სექტორს კონკურენციას არ გაუწევს. პროექტი კერძო სექტორის თანადაფინანსებით განხორციელდება, რაც 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთან, ფონდში პროექტს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში, სულ მცირე, 5 მილიონი ლარი იქნება. არასასოფლო სამეურნეო სფეროში, ყველაზე ცოტა – 30 მილიონი ლარი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მისი განსახელმწიფოება მოხდება. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. თუმცა ფონდის დაფინანსების წყაროებში არის პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებიც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ შემოტანილი დივიდენდებიც და ასე შემდეგ. 2011 წლის ბიუჯეტში პრივატიზებიდან მისაღები თანხების გეგმა, რომელიც არაფინანსური აქტივების კლების მუხლშია მოცემული, 150 მილიონ ლარს შეადგენს. ამას გარდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია კიდევ 149 მილიონის მიღება დივიდენდებისა და პროცენტების სახით, ანუ ჯამში 300 მილიონ ლარზეა საუბარი. ფონდის დაფინანსების წყაროებს შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხიც (სახელმწიფო გრანტების გარეშე). ამ უკანასკნელის დაბრუნებაზე პასუხისმგებელიც სახელმწიფო ფონდია.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ფონდის იდეის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ ფონდი დააფინანსებს დაუსრულებელ საინვესტიციო პროექტებსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს. მაგალითად, ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა და სხვა. 

მტკიცება იმისა, რომ ფონდის პროექტები კონკურენციას არ გაუწევს კერძო სექტორს, არადამაჯერებელია. მაგალითად იმავე ნავთობგადამამუშავებელ თუ სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მუშაობენ მსხვილი კერძო კომპანიები. მათ, საქართველოს ხელისუფლების ბიზნესში შესვლა, არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს. 
 
ამას გარდა, საქართველოში არსებობს სტრუქტურები – მაგალითად, საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელთაც ენერგო, ინფრასტრუქტურული და აგროპროექტების სახელმწიფოს სახელით განხორციელების გამოცდილება აქვთ. ეს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის სახელმწიფოს მიერ ბიზნესში მონაწილეობისთვის დამატებითი ფონდის შექმნის აუცილებლობას.  
 
გაუგებარია, რატომ უნდა დაასრულოს დაუსრულებელი საინვესტიციო პროექტი, ან დააფინანსოს ახალი სახელმწიფომ და არ სცადოს მათ დასრულებაში კერძო ინტერესის ჩართვა? მსგავსი არასახელმწიფო წყაროები, რომელთაც ბიზნესმენმა დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება მიმართოს, დღესაც არსებობს – მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თანადაფინანსების 25%-ზე ნაკლებ ზღვარს აწესებს (მაგ. World Bank, EBRD, Millennium Challenge Fund და სხვა). 
 
ტაბულამ საპარტნიორო ფონდის დაარსების მიზანშეწონილობის შეფასება ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძეს სთხოვა. მისი აზრით, გაუგებარია რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ საერთაშორისო ფონდებზე უკეთ შეძლებს განსაზღვროს ამა თუ იმ პროექტში ინვესტირების მიზანშეწონილობა. „უნდა დაფინანსდეს თუ არა ესა თუ ის ბიზნესიდეა, ყველაზე კარგად იცის კერძო, კომერციულმა ბანკმა. თუ კომერციული ბანკი არ რისკავს რომელიმე პროექტის დაფინანსებას (ამ შემთხვევაში სწორედ რისკებზეა საუბარი და არა ბანკებში ლიკვიდურობის ნაკლებობაზე), ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს”,  – ამბობს იგი. 
 
გამოცდილება აჩვენებს, რომ იქ, სადაც სახელმწიფო ბიზნესის კეთებას ცდილობს, შედეგები საკმაოდ მძიმეა. ერთი წლის წინ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ 1426 სახელმწიფო საწარმოდან 506-ის შესახებ საწარმოთა მართვის სააგენტოს ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნდა, სახელმწიფო საწარმოთა უმრავლესობა კი წამგებიანია. 
 
უარყოფითი გამოცდილება დაუგროვდა სახელმწიფოს იაფი სესხების პროგრამასთან დაკავშირებითაც. 2008 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 117 პროექტი, საერთო ღირებულებით 62.4 მლნ ლარი. 2009 წელს კი 17 – სულ 2.5 მლნ ლარის ბიუჯეტით. დღეს ამ პროგრამის ეკონომიკურ შედეგებზე ხელისუფლებაში აღარ საუბრობენ. 
 
ამ მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო არაეფექტიანი მხარჯველია. ამ ტიპის ინიციატივები საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, ხელისშემშლელი პირობაა.
 

კომენტარები