ოქროს გალია ავტონომიის სანაცვლოდ

 განათლების რეფორმის გზაზე უკან სვლა გრძელდება. პარლამენტში გასულ კვირას შესული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ამის კლასიკური ნიმუშია: ცვლილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს ერთი მხრივ აძლევს განვითარების ფონდის დაფუძნების უფლებას, რასაც ისინი დიდი ხანია ლობირებდნენ. გარდა ამისა, ანიჭებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს, ათავისუფლებს შესყიდვების კანონის რეგულაციებისგან. მეორე მხრივ კი რეალურ ავტონომიას ართმევს. შემოთავაზებული ცვლილებები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს არჩევანის თავისუფლებასაც არ აძლევს – სტატუსის ცვლილებასთან ერთად, უარი თქვან საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ამით რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ცვლილებათა ნაწილი უნივერსიტეტებს აკადემიურ საქმიანობაშიც ზღუდავს.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ პოსტრევოლუციურ პერიოდში დაწყებული განათლების სისტემის რეფორმის მიზანი სახელმწიფოს მიერ განათლების მართვის ეტაპობრივად გაუქმებაა. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს მონაწილეობა განათლების სფეროში მხოლოდ საგრანტო/ვაუჩერული დაფინანსებით უნდა შემოფარგლულიყო. ამ მიზნითვე უნდა მომხდარიყო სახელმწიფო სასწავლებლების განსახელმწიფოება – საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 სექტემბრამდე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლებრივ სტატუსს შეიცვლის – საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან, კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირად გადაკეთდება. ამ ცვლილებამ უნივერსიტეტებს გადაწყვეტილების მიღებაში მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, შესყიდვების კანონის მკაცრი წესების შესრულების ვალდებულებაც მოუხსნას. ეს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტრუქტურის მართვას უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის.  
 
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, რა ტიპის მართვის ორგანოები ჩამოაყალიბოს. თუ დღევანდელი კანონმდებლობით უმაღლეს სასწავლებლებს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭო და ა.შ., მსგავსი სავალდებულო ნორმები კანონში აღარ იქნება და ეს საკითხები წესდებით დარეგულირდება. 
 
კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განვითარების ფონდის დაფუძნების უფლების მინიჭებაა. 
 
ამავე კანონპროექტით, გათვალისწინებულია სახელმწიფო სასწავლებლების მეთვალყურედ რეგენტთა საბჭოს შექმნა, რომელიც მათ მთავრობაზე დღევანდელზე მეტად დამოკიდებულს ხდის. აღნიშნული საბჭო კომუნისტური პერიოდის განათლების სისტემის მცოდნეთ უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ასოციაციასაც გაუჩენს. ფუნქციებით კი ეს სტრუქტურა რეალურად ახალი სამინისტროს შექმნის ტოლფასადაც შეიძლება ჩაითვალოს:  
 
კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება 5-წევრიანი რეგენტთა საბჭო. მის დებულებას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჯერჯერობით მხოლოდ საბჭოს ზოგადი ფუნქციებია ცნობილი: რეგენტთა საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს. 
 
მთავრობის მიერ შექმნილი რეგენტთა საბჭოს დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი სასწავლებლის ფინანსებს განაგებს. ის უფლებამოსილია ბიუჯეტის შესაბამისად ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმებები დადოს; ასევე შეადგინოს ადმინისტრაციის სტრუქტურა; განსაზღვროს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი და პირობები; მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ რეგენტთა საბჭოს წინაშე. მეტიც – კანონპროექტით რექტორი, რომელიც არჩევითი პოსტის მფლობელია, ფინანსური და ეკონომიკური გარიგებების დადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელმოწერის გარეშე ვერ შეძლებს.
 
უმაღლესი სასწავლებლის ფინანსები და შესაბამისად – არსებობა, მხოლოდ ამ მიმართულებით არ ხდება დამოკიდებული სახელმწიფოზე. მთავრობის მიერ დანიშნული რეგენტთა საბჭოს კიდევ ერთი ფუნქცია საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლებაცაა. 
 
კანონპროექტი პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა წარადგინა. ტაბულასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ სახელმწიფომ, როგორც დამფუძნებელმა, უნდა შეძლოს უნივერსიტეტების პრიორიტეტებსა და ფინანსებზე სრული ინფორმაციის ფლობა. იგი აზუსტებს, რომ განვითარების ფონდის გაკონტროლების მიზანია მიღებული მოგება კერძო ინტერესს კი არა – თავად უმაღლეს სასწავლებელს მოხმარდეს. დამატებით რეგულაციებს ხუროშვილი პრევენციულს უწოდებს და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებად აცხადებს.
 
საბიუჯეტო დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების საკმაოდ მცირე წილს შეადგენს. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის 80% სტუდენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტებითა და მათ მიერ გადახდილი თანხებით იფარება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ანალოგიური მაჩვენებელი 85%-მდეა.
 
ჩინოვნიკთა ნაწილი დღესაც სტუდენტებისა და მეცნიერების გრანტებს უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებად თვლის. თუმცა გრანტის თანხით სახელმწიფო სტუდენტს ეხმარება, ამ უკანასკნელმა უნდა განსაზღვროს – რომელ უნივერსიტეტში მიიტანოს მის მიერ მოპოვებული გრანტი და ხარჯვა როგორ გააკონტროლოს. 
 
შესაბამისად, ეგრეთ წოდებული საბაზო დაფინანსება უნივერსიტეტების ბიუჯეტის სულ 15-20%-ია. ამ დაფინანსების კონტროლის მექანიზმები დღესაც არსებობს – უმაღლესი სასწავლებლის მიერ განათლების სამინისტროსთან დადებული სპეციალური კონტრაქტების სახით. მის მონიტორინგს სამინისტრო ახორციელებს. უნივერსიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას კონტროლის პალატაც აკონტროლებს. 
ახალი კანონპროექტით კი, სახელმწიფო ფინანსების ამ 15-20 პროცენტის მონიტორინგის მოტივით, მთავრობა კონტროლს უნივერსიტეტების მთლიან ბიუჯეტებზე აწესებს. 
 
ამასთან, კანონპროექტში არის მუხლები, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს თავისუფლებას არა მხოლოდ ფინანსების მართვაში, არამედ აკადემიურ საქმიანობაშიც უზღუდავს. მეექვსე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს. ამით ეჭვქვეშ დგება უნივერსიტეტების ავტონომიურობის ფუნდამენტური პრინციპი.  
 
სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ რიგში სტატუსის ცვლილებასა და  განვითარების ფონდის დაფუძნებას მიესალმებიან. თუმცა კითხვები რეგენტთა საბჭოსთან და მის ფუნქციებთან დაკავშირებით უჩნდებათ. 
 
თსუ-ს რექტორი სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გასაგებია, თუ რეგენტთა საბჭოს ფუნქცია სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. მისთვის გაუგებარია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი და მიუღებელი – ფონდის რეგენტთა საბჭოს მიერ გაკონტროლება. „ჩემი პირადი აზრია, რომ მე, როგორც დამფინანსებელი, უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ თანხას არ გადავცემდი ფონდს, რომელსაც პირობითად სამი მინისტრი გააკონტროლებს. ფონდის შექმნის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმი სამეურვეო საბჭო იქნება, რომელიც მისი დამფინანსებლების, სტუდენტებისა თუ პროფესურისგან  დაკომპლექტდება. ფონდთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში არც რექტორი უნდა ჩაერიოს და არც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფონდი ჩემთვის იყო თავისუფლების სიმბოლო”, – განუცხადა სანდრო კვიტაშვილმა ტაბულას. 
 
ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგო რატიანს კი, დამოუკიდებლობის თემის გარდა, კითხვები რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესთან დაკავშირებითაც აქვს: როგორ უნდა დაამტკიცოს რეგენტთა 5-კაციანმა საბჭომ თითქმის ორი ათეული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტები? როგორ განხორციელდება და დამტკიცდება ცვლილებები ბიუჯეტებში, რაც ერთ სასწავლებელში, სულ მცირე, წელიწადში 10-12-ჯერ ხდება ხოლმე? ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ 5-კაციანი რეგენტთა საბჭოს პირობებში ამ პროცესმა, შესაძლოა, დროში გაჭიანურებული, უმართავი სახეც მიიღოს.   
 
კანონპროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში უმაღლესი სასწავლებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაცემების გატარების, სტატუსის მინიჭებისა და სხვა რეგულაციებსაც ითვალისწინებს, რაც დაუსაბუთებელი ბიუროკრატიული მექანიზმებია.  
კიდევ ერთი საკითხი რელიგიურ უმაღლეს სასწავლებლებს ეხება. კანონპროექტი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების მიერ განხორციელებული თეოლოგიის (საღვთისმეტყველო) საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას ითვალისწინებს.    დანარჩენ ტრადიციულ რელიგიურ სასწავლებლებზე არაფერია ნათქვამი. კონკორდატი ამას ნამდვილად არ კრძალავს – ხსენებული გადაწყვეტილებით კი რელიგიური უმცირესობების უფლებები იზღუდება.  
 
მიუხედავად ბევრი ბუნდოვანი საკითხისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის პარლამენტში შესვლა და მისი საჯარო განხილვის საგნად ქცევა მისასალმებელია. საკომიტეტო განხილვები პარლამენტში, წინასწარი ინფორმაციით, ორ კვირაში დაიწყება. 

კომენტარები