ტექნოლოგიური დაიჯესტი

 Internet Explorer 9 

კომპანია Microsoft-მა, როგორც იქნა, ვებ-ბროუზერის, Internet Explorer 9-ის ოფიციალური ვერსია გამოუშვა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წინა განახლება, Internet Explorer 8 გამოვიდა. ამ ორ წელიწადში ინტერნეტის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად ის, რომ Microsoft-ის ნაქები ვებ-ბროუზერი აღარ დომინირებს ბაზარზე და მას პირველობა Mozilla Firefox-მა და Google Chrome-მა წაართვეს. ბილ გეიტსის შეგირდების ჩანაფიქრით, Internet Explorer 9 დახვეწილი მინიმალისტური ინტერფეისით, უახლესი ვებ-სტანდარტების დანერგვით და გრაფიკასთან მუშაობის ოპტიმიზირებული ალგორითმით კვლავაც ყველაზე პოპულარული ვებ-ბროუზერი გახდება. განახლებულ Internet Explorer-ში ასევე გათვალისწინებულია ყველა ის გარეგნული უპირატესობა, რომლითაც კონკურენტი ვებ-ბროუზერები გამოირჩეოდნენ. გარდა ვიზუალური მხარისა, არსებობს იდეოლოგიური მომენტიც – Microsoft-მა სწორება HTML 5-ზე გააკეთა და დღესდღეობით არსებულ ვებ-ბროუზერებს შორის Internet Explorer 9 ვებ-კონსორციუმის სტანდარტებს ყველაზე მეტად შეესაბამება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში კვლავაც HTML 4 ბატონობს.

Windows XP-ის მომხმარებლებისათვის ცუდი ამბავი ის არის, რომ განახლებული ვებ-ბროუზერის მეცხრე ვერსია არ მუშაობს მათ საყვარელ ოპერაციულ სისტემაზე. Internet Explorer 9 მხოლოდ Windows Vista-ს და Windows 7-ის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ Windows XP ტექნოლოგიურად არ იძლევა ახალი ოპტიმიზირებული ალგორითმების დანერგვის და რეალიზაციის საშუალებას. ამასთან, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ Microsoft-ს მარკეტინგული ძალისმიერი მეთოდებით სურს აიძულოს მომხმარებლები ოპერაციული სისტემა Windows-ის ახალი ვერსიები გამოიყენონ. ოპერაციული სისტემის და ვებ-ბროუზერის ძველი ვერსიები Microsoft-ს დიდ პრობლემებს უქმნის და ეფექტიანი ცვლილებების განხორციელებაში ხელს უშლის. რამდენიმე თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად სთხოვეს მთელ მსოფლიოს ნუღარ გამოიყენებდნენ მოძველებულ Internet Explorer 6-ს, თუმცა, როგორც ჩანს, თხოვნამ არ გაჭრა, ამიტომაც Microsoft-ი უფრო აგრესიულ პოლიტიკაზე გადავიდა. ასე რომ, თუ გსურთ Internet Explorer 9-ით სარგებლობა, Windows XP-ზე უარის თქმა მოგიწევთ. 
 
 
წიგნის სანათური Hydra
 
ოთახის განათებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტრადიციული მაგიდის სანათური კითხვის დროს ანათებს არა მხოლოდ მაგიდას, არამედ ყველაფერს რაც გარშემოა. სინათლის წყარო სტატიკურია, რომელსაც უნდა მოვერგოთ ჩვენც და ჩვენი წიგნებიც. ჭკვიანმა და პრაგმატულმა ადამიანებმა დასვეს შეკითხვა – რატომ ვხარჯოთ ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ და რატომ გავიფუჭოთ თვალები განათების და ადგილმდებარეობის პერიოდული ცვლილებით?! 
 
წიგნის სანათური Hydra ამ შეკითხვაზე იდეალური პასუხია. გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, ის ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი მოწყობილობაა. სინათლის წყაროს მისამართი, ორი შუქდიოდითაა აღჭურვილი. ისინი 5-დუიმიან ღეროზეა დამაგრებული, რომლებიც 3-დუიმიან სამაგრზეა მორგებული და წიგნის გვერდებს შორის მაგრდება. შესაბამისად, წიგნის ორივე გვერდი სრულადაა განათებული. წიგნის სანათურის, Hydra Book Light-ის შეძენა Basbleu.com-ზეა შესაძლებელი და მისი ფასი 15 დოლარია.

კომენტარები