სანამ ღმერთები თვლემდნენ

ათასწლეულების მანძილზე უძველესი კულტურები ცდილობდნენ აეხსნათ, რატომ იძვრის პერიოდულად მიწა. მანამ, სანამ მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარდებოდა, ამ კითხვაზე პასუხს მითები და ლეგენდები სცემდნენ.

მაგალითად, ინდურ კულტურებში სჯეროდათ, რომ დედამიწას რვა უზარმაზარი სპილო ატარებს – როდესაც ისინი იღლებიან და თავს ჩაქინდრავენ, მიწა ირყევა. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ დედამიწის ჯურღმულებში დატყვევებული ცხოველები მძვინვარებენ, აფრიკულ კულტურებში კი სწამდათ, რომ ცხოვრება გოლიათის თავზე მიდის, რომლის უეცარი მოძრაობა მიწისძვრას იწვევს.

მითები მრავლადაა ამომავალი მზის ქვეყანაშიც, სადაც ბავშვობიდან იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივი კატაკლიზმის დროს. ლეგენდის მიხედვით, იაპონიის კუნძულები წყლის ზედაპირზე ზურგით ნამაზუს – გიგანტურ ლოქოს – უჭირავს. როდესაც ეს ლოქო მოძრაობს, მიწაც იძვრის. მითის მეორე ვერსიის თანახმად, ველური ლოქო ნამაზუ დედამიწის ქვევით არსებულ ტალახში ბინადრობს. მას გამუდმებულად მეთვალყურეობს ღმერთი კაშიმა და ტიტანური ლოქო ლოდის ქვეშ ჰყავს მოქცეული – მიწისძვრებისაგან იაპონიას სწორედ იგი იცავს. საკმარისია, ღმერთს ყურადღება გაეფანტოს, ცელქი ნამაზუ მაშინვე ამოძრავდება და მიწისძვრაც იწყება.
 
ცოტა ხნის წინ იაპონელმა ღმერთებმა ყურადღება საბედისწერო წამს მოადუნეს. გიგანტურმა ლოქომ კუდი გაიქნია და კუნძულებზე თავსდამტყდარმა უბედურებამ მსოფლიო შეძრა. 
 
11 მარტს, ნაშუადღევს, იაპონიამ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ბიძგები იგრძნო. რიხტერის სკალით 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 400 კმ-ის მოშორებით, წყნარ ოკეანეში აღინიშნა. მიწისძვრას უზარმაზარი, 10-მეტრიანი ცუნამი მოჰყვა. ცუნამმა, საბოლოო ჯამში, უფრო დააზარალა ქვეყანა, ვიდრე ესოდენ ძლიერმა ბიძგებმა.
 
მსოფლიო მალევე მოიარა შემზარავმა კადრებმა, რომელშიც ასახულია, როგორ გადარეცხა უზარმაზარმა ტალღებმა სანაპიროები და გემები, ათასობით მანქანა და მთელი დასახლებები წალეკა. არაოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი 10 ათასს აღწევს. უკანასკნელი ცნობებით, 350 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ, თითქმის მილიონი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც ამბობენ, კატასტროფის შედეგებმა იაპონია 180 მილიარდ დოლარამდე აზარალა. შედარებისთვის, ისტორიაში აქამდე ყველაზე „ძვირი”, 1995 წელს კობეში მომხდარი მიწისძვრა გახლდათ. მისი ეპიცენტრი ქალაქთან ახლოს იყო და იაპონიას 115 მილიარდი დოლარი დაუჯდა. 
 
ადამიანური მსხვერპლითა და ნგრევით გამოწვეული დრამა ტრაგედიის ყველაზე სულისშემძვრელი, მაგრამ არა ერთადერთი მხარეა. ერთი პრობლემა მსოფლიო პრესის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: ბირთვულ სადგურზე მომხდარმა ხანძარმა იაპონია ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე დააყენა. ფუკუშიმა 1-ის ოთხ რეაქტორზე აფეთქებების შემდეგ, რადიაციის დონემ დასაშვებს გადააჭარბა.
 
მთავრობა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს – თუმცა იაპონელები მოწოდების გარეშეც იმაზე უფრო მშვიდები ჩანან, ვიდრე წყნარი ოკეანიდან მოშორებით მყოფი კავკასიის მკვიდრნი. ქართული ტელევიზიები ტრაგედიის პირველივე დღეს მონდომებით უწინასწარმეტყველებდნენ იაპონიას მეორე ჩერნობილს. მეტიც, საზოგადოება „სამხრეთ კავკასიაში ჩერნობილის განმეორების” გაურკვეველი შიშითაა დაზაფრული.
 
საბედნიეროდ, ბირთვული საფრთხე, რომლის წინაშეც იაპონია დგას, ნაკლები მასშტაბისაა. უკრაინული ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ატმოსფეროში დიდი ოდენობის ბირთვული საწვავის გავრცელება მოჰყვა. იმავე ჩერნობილისგან განსხვავებით, ფუკუშიმას სადგურზე ბირთვული საწვავი მიწის ქვეშაა. შესაბამისად, მისი გაფანტვის საფრთხე მინიმალურია. დღეს არსებული სიტუაციით, მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებული 200 ათასამდე ადამიანი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდება.
 
მიუხედავად ამისა, გადახურებულ რეაქტორებთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული – რისკი კვლავაც მაღალია. მდგომარეობა, ჩერნობილის შემდეგ რიგით მეორე ბირთვულ კატასტროფად შეფასდა. კრიზისმა ბირთვული ენერგიის მომავალზე საუბარი გააცხოველა. ეჭვი არავის ეპარება, რომ იაპონელები ჩვეული მონდომებითა და შესაშური პროფესიონალიზმით აგებენ ბირთვულ სადგურებს. ამიტომ ბუნებრივია, ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წასული ქვეყნის ჩავარდნა, ბირთვული უსაფრთხოების საკითხში მრავალ კითხვას აჩენს.
 
როგორც მოსალოდნელი იყო, მიწისძვრამ დღის წესრიგში მოახლოებული აპოკალიფსიც დააყენა. მათ შორის საქართველოში, ბევრს გაახსენდა მრისხანე ღმერთი და კაცობრიობის „დამამძიმებელი” ცოდვები. ახალი და გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ზებუნებრივ ძალებს მიაწერენ მოვლენას, როდესაც გარემო, რომლის მდგრადობასაც შეჩვეულნი არიან, მოულოდნელად ასე სასტიკად უმუხთლებთ. თუმცა გონიერების ფარგლები ყველაფერს აქვს. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც ყველაფერს დეტალურად განმარტავს: დღეს საიდუმლო არ არის, რომ მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და მას მეცნიერული ახსნა აქვს. 
 
მაშასადამე, რა არის მიწისძვრა?
 
მიწისძვრა დედამიწის ქერქის უცაბედ რყევას ან მოძრაობას ნიშნავს, რომელიც ბუნებრივად წარმოიშვება ზედაპირთან ან ზედაპირის ქვევით. ამ მოვლენის დროს დედამიწის წიაღში დაგროვებული ენერგიის გამოთავისუფლება ხდება. ამრიგად, მიწა, რომელზეც დავდივართ და მყარი გვეჩვენება, სინამდვილეში ასეთი სულაც არ არის.
 
გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: მაგალითად, ის შეიძლება ვულკანის ამოქმედებასთან იყოს დაკავშირებული. მსგავსი რამ ხშირია ვულკანური აქტივობის ზონაში, სადაც ამოფრქვევას, როგორც წესი, წინ უსწრებს ან თან სდევს მიწისძვრა. არსებობს ასევე კარსტული, ანუ მიწისქვეშა მღვიმის თაღების ჩამონგრევით გამოწვეული მიწისძვრა.
 
თუმცა, მიწისძვრების უმრავლესობა ტექტონიკურ აქტივობას უკავშირდება. მსგავსი ხასიათის მოვლენას დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესები იწვევს. წარმოიდგინეთ, რომ წყალში ქვას ისვრით: წრიული ტალღები ცენტრიდან ნაპირებისკენ მოემართება. ამდაგვარი რამ ხდება ტექტონიკური მიწისძვრის დროსაც.  უეცარი მოძრაობა ქერქში ან ზედა მანტიაში დრეკად ტალღებს წარმოშობს. 
 
საბოლოოდ, ტექტონიკის თეორია სრულფასოვნად ხსნის მიწისძვრის გამომწვევ მიზეზებს: დედამიწის ლითოსფერო რამდენიმე გიგანტური და შედარებით მცირე ზომის ფილისაგან შედგება. სულ 6 კონტინენტური ზომის ფილაქანი არსებობს. ტექტონიკური ფილების მოძრაობის პროცესი ნელი და თანდათანობითია. ლითოსფერული ფილების ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობა, მათ შორის არსებული სასაზღვრო ზოლის დეფორმაციას იწვევს. ამ პროცესში დაძაბულობა გროვდება, რომლის სწრაფი განმუხტვა სწორედ ისაა, რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით.
 
გეოლოგები და გეოგრაფები მიწისძვრის წარმოშობის წერტილს ჰიპოცენტრს (ფოკუსს) უწოდებენ – ეს არის ადგილი დედამიწის ზედაპირის ქვევით, სადაც ფილების გადაადგილება დაძაბულ მდგომარეობას და შესაბამისად, მიწისძვრას იწვევს. როგორც წესი, მსგავსი რამ დედამიწის სიღრმეში ხდება და მისი შემჩნევა რთულია. ამიტომაც, მიწისძვრის ადგილს ხშირად უკავშირებენ ჰიპოცენტრს ზემოთ არსებულ დედამიწის ზედაპირს – ეს მიწისძვრის  ეპიცენტრია. 
 
როგორც წესი, მიწისძვრას წინ ნაკლები სიძლიერის ბიძგები უძღვის. დანამდვილებით ვერასდროს შევიტყობთ, რომ რყევა, რომელსაც ვიგრძნობთ, ჯერ კიდევ არ არის მთავარი – შესაძლოა, ის მასზე მძლავრის წინამორბედი იყოს. მიწისძვრას ყოველთვის მოჰყვება შემდგომი ბიძგებიც, ნაკლებად ძლიერი, ვიდრე მთავარი. მსგავსი ბიძგები შეიძლება  კვირების, თვეების, წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს. იაპონიის უკანასკნელ მიწისძვრასაც წინ ნაკლები მაგნიტუდის მიწისძვრა უძღვოდა. ბიძგები მთავარი დარტყმის შემდგომაც განმეორდა.
 
უმრავლეს შემთხვევებში, მიწისძვრების ხანგრძლივობა რამდენიმე წამია – თუმცა, შესაძლოა, წუთებიც გასტანოს. დღემდე აღრიცხულთა შორის ყველაზე ხანგრძლივი 2004 წელს მომხდარი სუმატრის  მიწისძვრაა. ის თითქმის ათი წუთი გრძელდებოდა და, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ პერიოდში 100 გიგატონის (გიგატონა – 1 მილიარდი ტონა) ტროტილის ეკვივალენტი ენერგია გამოთავისუფლდა.
 
„ცუნამით წალეკილი სრულიად იაპონიის” გარდა ქართული მეინსტრიმ-მედია კიდევ ერთმა „აღმოჩენამ” გაახარა. მეცნიერები ამბობენ, რომ 11 მარტის მიწისძვრამ, შესაძლოა, დღის ხანგრძლივობა შეამციროს. „მაგრამ ნუ ღელავთ, თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ”, – გვამშვიდებს NASA. შესაბამისად, ღერძის გადახრის შესახებ ტელევიზიით ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ღიმილს იწვევს. საუბარი 1.8 მიკროწამზეა – 1 მიკროწამი წამის მემილიონედია. ატმოსფერულ ქარებს დედამიწის ბრუნვის სისწრაფეზე გაცილებით დიდი გავლენა აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწის ღერძის უმნიშვნელო გადახრაც არ არის მოვლენა, რომლის გამოც განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ. მიწისძვრები არ იწვევს ისედაც მოძრავი ღერძის იმგვარ გადახრას, რომელიც კლიმატის ცვლილებას ან რაიმე სავალალო შედეგს მოიტანდა.
 
ძლიერი მიწისძვრების უმრავლესობა წყნარი ოკეანის რკალზე ხდება. თუმცა ამისგან დაზღვეული დედამიწის არც ერთი ნაწილი არ არის. სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს საქართველო და ზოგადად, კავკასიის ახალგაზრდა მთათა სისტემაც. კავკასია საშუალო სეისმურობის რეგიონია – ეს ნიშნავს, რომ მის კონკრეტულ ზონებში ძლიერ მიწისძვრათა შორის პერიოდი 1000 წელზე მეტია. შედარებისთვის, იაპონიაში იგივე პერიოდი 100 წელს შეადგენს. ამ ზონაში ორი კონტინენტური – არაბეთისა და ევრაზიის – ფილა ერთმანეთს აწვება, რაც დაძაბულობას წარმოქმნის. ამრიგად, ჩვენთან მიწისძვრები   ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. სეისმოლოგები ამბობენ, რომ კავკასიის მიწა შეიძლება 7 მაგნიტუდის სიმძლავრითაც იძრას. 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა სწორედ 6.9 გახლდათ, ხოლო ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამან მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. საქართველოში მომხდარ იმ მიწისძვრათა შორის, რომელიც სეისმოლოგების მიერ „ჩაწერილია”, ეს ყველაზე მასშტაბური გახლავთ.
 
რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ მიწისძვრა ბუნების ისეთივე ნაწილია, როგორც ზღვის მიმოქცევა. შესაბამისად, ამის დაკავშირება აპოკალიპტურ წინასწარმეტყველებებთან, ალბათ მხოლოდ შუა საუკუნეებში არ ჩანდა არაადეკვატური. სწორედ უფლის რისხვად მოვლენილს უწოდებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1088 წელს საქართველოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, რომელიც, თანამედროვე შეფასებით, 9 ბალის ინტენსივობისა და რიხტერის სკალით, 7 მაგნიტუდამდე უნდა ყოფილიყო. 
 
მიწისძვრის წინასწარმეტყველება ოდითგანვე დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ფსევდომეცნიერები თუ გულთმისნები ყოველთვის ცდილობდნენ, და ახლაც სურთ, საზოგადოების ყურადღება დრამატული წინასწარმეტყველებით მიიპყრონ. და თუ მსგავსი ხასიათის „წარმატებული” პროგნოზები არსებობს, ისინი ხშირად მხოლოდ დამთხვევაა, ან იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ რომელიმე სეისმურ აქტივობას აუცილებლად ემთხვევა. სხვათა შორის, არც ცხოველთა უჩვეულო ქცევა გამოდგება პროგნოზისთვის – მეცნიერება ამ მოვლენას სკეპტიკურად უყურებს.
 
მსოფლიოს მასშტაბით, წლის მანძილზე 7.0. ან მეტი მაგნიტუდის საშუალოდ 18 მიწისძვრა ხდება. სამწუხაროდ, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ცალკეული მიწისძვრების პროგნოზირება – ბიძგის კონკრეტული დროის, ადგილისა და სიმძლავრის წინასწარ დაანონსება. თუმცა, მსოფლიოს უდიდეს მიწისძვრებს და სეისმურ ზონებს აქვთ საერთო მახასიათებლები – ეს მომავალი დიდი კატაკლიზმის ადგილმდებარეობისა და მაგნიტუდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. წინა მიწისძვრების თანმიმდევრობაზე თუ ქანებში დაძაბულობის აკუმულაციაზე დაყრდნობით, შეიძლება მთავარი ბიძგის განმეორების მიახლოებითი დრო და მაგნიტუდა დადგინდეს. საქმე ისაა, რომ მსგავსი ტექნოლოგია მხოლოდ კარგად შესწავლილ ზონებში და იმ ადგილებში მუშაობს, რომელსაც მეცნიერები გამალებით აკვირდებიან. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძლიერი მიწისძვრების უმრავლესობა წყნარი ოკეანის რკალზე ხდება – მაგრამ, მთელი ამ ტერიტორიის კომპლექსურობის გამო, მიწისძვრების პროგნოზირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დიდი რეზონანსი ჰპოვა 2004 წელს NASA-ს ხმაურიანმა განაცხადმა მიწისძვრის წინასწარმეტყველების საქმეში „არნახული წარმატების” თაობაზე. NASA-ს მეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ სატელიტებიდან მიღებული მონაცემების, ისტორიისა და გეოლოგიური ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ კალიფორნიაში მოსალოდნელი 16 მიწისძვრიდან 15-ის ზუსტი პროგნოზირება შეძლეს. ამ წარმატებას ბევრი უნდობლად შეხვდა. სკეპტიკოსების აზრით, მსგავსი პროგნოზების მეტ-ნაკლები სიზუსტე სტატისტიკური ალბათობის დამსახურებაა და არა გაუმჯობესებული სამეცნიერო ტექნოლოგიების. ასეა თუ ისე, მეცნიერულ მიღწევებს, სავარაუდოდ, იაპონია არ ჩამორჩებოდა და ამ უკანასკნელი კატასტროფის თარიღიც წინასწარ ეცოდინებოდა.
 
 
უკანასკნელმა მოვლენებმაც დაადასტურა ის, რასაც სტატისტიკა მანამდეც გვიჩვენებდა: არსებობს მკვეთრი განსხვავება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწისძვრით მიყენებული ადამიანური მსხვერპლის თუ მატერიალური ზარალის მონაცემებს შორის. 2004 წლის ინდონეზიის 9.3-მაგნიტუდიან მიწისძვრასა და ცუნამის თითქმის მეოთხედი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, 2010 წლის ჰაიტის ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრას მილიონის თითქმის მესამედი. საეჭვოა, იაპონიაში მასშტაბური ცუნამის შემდეგ მსხვერპლთა რაოდენობა ამდენად გაიზარდოს. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია რამდენიმე დღეში აღდგენილი გზატკეცილები, რომლებიც მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ტოკიოს შენობებშიც სამუშაო პროცესები აღდგა. 
 
ჯერ კიდევ ადრეა ადამიანურ თუ მატერიალურ დანაკარგებზე და გრძელვადიან შედეგებზე საუბარი. ცხადია, რომ ზარალი შთამბეჭდავია, თუმცა, ის შეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო. ნაკლებ სავარაუდოა, სტიქიური უბედურების შედეგებმა ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე დამღუპველი გავლენა იქონიოს. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპით აღმოჩნდა იაპონია დღევანდელ პოზიციებზე – დავრწმუნდებით, რომ რაოდენ კოლოსალურიც უნდა იყოს ადამიანური თუ მატერიალური რესურსების დანაკარგი, ქვეყანა კალაპოტს დაუბრუნდება. იაპონიის მზაობამ თავსდამტყდარი კატასტროფის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტიქიის დამანგრეველი შედეგები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან.
 
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ ხდება მიწისძვრები. თუმცა რთული მოსაძებნია პასუხი იმაზე, თუ რატომ ხდება ამგვარი კატასტროფა. ეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიწისძვრებს მიზანი არ გააჩნიათ. სტიქიას არ აქვს მორალი და ინტერესი, ერთმანეთისგან გამოარჩიოს ადამიანები თუ ერები. სამაგიეროდ, ერთმანეთისადმი ინტერესი და თანადგომის უნარი აქვთ ადამიანებს – გამონაკლისების გარდა, ამ ღირსეულ ერს მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს. იაპონიის სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოება კი უახლოეს კვირებში ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს მიუბრუნდება: მათ ათასობით დაღუპული ახლობელი და თანამოქალაქე უნდა იგლოვონ

კომენტარები