შსს: ქართველი ოფიცერის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილი უფროსის, დიმიტრი კორძაძის მკვლელობა გახსნილია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მკვლელობის  უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ოფიცერი კორძაძე ბათუმში 2010 წლის 5 მაისს ააფეთქეს.

შს სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს მოპარული ავტომანქანების რეალიზატორებს  - ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას, დაუკავშირდნენ ცნობილი აფხაზი კრიმინალი ვალმერ ბუთბა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის წევრი სლავიკ ვარდანია და მათ ორი რუსი მამაკაცი გააცნეს. რუსებმა ოთარ როგავასა და თეიმურაზ ბუთბაიას დიმიტრი კორძაძის ფოტოსურათი გადასცეს და მისი საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა სთხოვეს. ამ დავალების შესასრულებლად, ავანსის სახით,  როგავამ და ბუთბაიამ 5 000 აშშ დოლარი მიიღეს. ”საქმის შესასრულებლად” მათ  დახმარება ბათუმელ მეგობრებს  - დავით როყვას, გიორგი გაბუნიას, ლევან ქარცხავას სთხოვეს და მათი მეშვეობით დაადგინეს ოფიცერ კორძაძის გადაადგილების მარშრუტი.

შსს-ს ცნობით, 2010 წლის მარტში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგავა და ბუთბაია ისევ შეხვდნენ რუსეთის მოქალაქეებს და მათგან მიიღეს დავალება კორძაძის აფეთქების შესახებ.  ასევე მიიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და კიდევ 5000 აშშ დოლარი. 2010 წლის 5 მაისს ბუთბაიამ მოწყობილობა კორძაძის მანქანაში დაამონტაჟა. ოფიცრის მკვლელობის შემდეგ ბუთბაია და როგავა დამკვეთებს ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვდნენ და მათგან გასმრჯელოდ 42 000 ათასი აშშ დოლარი მიიღეს.

შსს-მ დანაშაულის ჩადენისა და ხელშეწყობის ბრალდებით 2010 წელს თემურ ბუთბაია, ოთარ როგავა, დავით როყვა და ლევან ქარცხავა დააკავა. ოთარ როგავამ ციხის საპყრობილეში მოიკლა თავი. შს სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, დამკვეთები, რომლებიც დავალების შემსრულებლებს აფხაზეთში ხვდებოდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ–ს) თანამაშრომლები არიან. "არსებობს უტყუარი მტკიცებულებები დიმიტრი კორძაძის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის თაობაზე; ახლაც ისევე როგორც დეკემბერში საქართველო ყველა მხარეს სთავაზობს თანამშრომლობას",-განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები