სა­დამ­დე და­ვე­ცით

ინფლაციაზე საკმაოზე მეტი დაიწერა და ითქვა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იმდენად საგრძნობია, რომ პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებამ ამ პრობლემის განხილვას არაერთი სტატია თუ გადაცემა დაუთმო. საბოლოოდ აზრი ორად გაიყო:

ა) ნაწილი თვლის, რომ ინფლაცია საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ტიპის საქონელზე, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე, ფასების ზრდამ გამოიწვია. თუმცა კონკრეტულად რა კავშირშია „გარეთ” ფასების ზრდა, ქვეყნის შიგნით ინფლაციასთან, არავის აუხსნია. აგრეთვე არავის მოუყვანია ლოგიკური არგუმენტაცია, რამდენიმე პროდუქტზე ფასების ზრდამ, როგორ შეიძლება გამოიწვიოს ფასების საერთო დონის მატება. ინფლაციის მიზეზების ამ ვერსიის მომხრეები უბრალოდ ამბობენ – ყველგან გაძვირდა და ამიტომ ჩვენთანაც გაძვირდა. თან ჩვენთან ხომ საკვები პროდუქტების უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად, ფასებიც ჩვენთან უფრო გაიზარდა ვიდრე სხვა ქვეყნებში. არგუმენტაციის ეს ბოლო ნაწილი მას შემდეგ იქნა მოფიქრებული, რაც აღმოჩნდა, რომ ინფლაცია ჩვენთან უფრო მაღალია არა მარტო ევროზონის ქვეყნებთან შედარებით, არამედ ჩვენს უშუალო მეზობლებთან და უმეტეს აფრიკულ ქვეყნებთან შედარებითაც.

ბ) მეორე ნაწილი (ჩემი ჩათვლით) თვლის, რომ ფასების ზრდა არის მცდარი მონეტარული პოლიტიკის შედეგი. მოხდა ფულის მასის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც გამოიწვია ფარდობის დარღვევა მიმოქცევაში არსებულ ფულის მასის ოდენობასა და ბაზარზე არსებული საქონლის რაოდენობას შორის. ანუ ბაზარზე გაჩნდა მეტი ფული, რომლითაც შესაძლებელია იგივე (ან მცირედ გაზრდილი) რაოდენობის საქონლის ყიდვა. შედეგად გაიზარდა ფასები. ეს არგუმენტაცია არ არის ადგილობრივი „ექსპერტების” მოფიქრებული და ინფლაციის მიზეზების აღნიშნულ თეორიას იზიარებს ბევრი ცნობილი ეკონომიკური სკოლა. იგივე არგუმენტაციას ამყარებს ე.წ. ფართო ფულის მასის ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. „ავტორიტეტული” პირებიდან ამ ვერსიას არ ეთანხმებიან იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, სადაც ინფლაციამ იმატა და ქეინსიანური ეკონომიკის მოტრფიალე ექსპერტები, რომლებიც ყველა ეკონომიკური პრობლემიდან გამოსავალს, სწორედ მეტი ფულის ბეჭდვაში ხედავენ. ორივე შემთხვევაში მოტივაცია გასაგებია – ცენტრალური ბანკები გაურბიან პასუხისმგებლობას (რადგან ინფლაცია სწორედ მათ მიერ გატარებული მცდარი პოლიტიკის შედეგია), ხოლო იგივე ექსპერტები არ და/ან ვერ აღიარებენ, რომ ის ხედვა, რომლის დაცვა-პროპაგანდირებასაც ცხოვრების მეტი წილი მიუძღვნეს – მცდარი აღმოჩნდა.

ადრე დავწერე, რომ ინფლაცია მძიმე პრობლემაა, თუმცა თავად ინფლაციაზე უფრო საშიში მისი გამომწვევი მიზეზის მცდარი ინტერპრეტირება იქნება. ინფლაციის გაჩერება მარტივია – ეროვნულმა ბანკმა ფულის მასა უნდა გააკონტროლოს ანუ მიმოქცევაში არ უნდა გავუშვათ ახალი ფული. მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ თუ გვეცოდინება, რომ სწორედ ეს არის ფასების ზრდის რეალური მიზეზი. სხვა შემთხვევაში კი „სახელმწიფო რესურსებს” მივმართავთ ისეთი პრობლემების აღმოფხვრისკენ, რომლებსაც ინფლაციასთან არანაირი კავშირი აქვთ. ეს კი გამოიწვევს, როგორც ამ ისედაც მწირი რესურსების გაფანტვას, ისე სხვა ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გაჩენას და ხშირ შემთხვევაში ინფლაციის დონის კიდევ უფრო მატებას. ამ სტატიის დაწერა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე.

ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური თუ კვაზიპოლიტიკური ძალა საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე, მათ შორის ხელისუფლებაც. ამ საჭიროების მთავარი არგუმენტაციაც ინფლაციასთან არის დაკავშირებული და შემდეგ ლოგიკას იმეორებს: უცხოეთში (სადღაც) გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე ფასები, ჩვენ ვახდენთ ამ პროდუქტების იმპორტს, რადგან საკუთარი სოფლის მეურნეობა არ გვაქვს. შესაბამისად ჩვენთანაც იზრდება ფასები, და თუ გვინდა ინფლაციის შეჩერება – უნდა ავაყვავოთ სოფლის მეურნეობა, რომელიც მოგვცემს ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას და აღარ ვიქნებით დამოკიდებული გარე ბაზრებზე.
 
აბსურდული და საკმაოდ მავნებლური მიდგომაა (ამ მიზნით 150 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი), მაგრამ რიგითი მოკვდავისთვის გასაგები არგუმენტების ჯაჭვით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, ცხადი ხდება, რომ ეს მიდგომა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ არა ეკონომიკური კუთხით.

რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის განვითარება და როგორ შეიძლება ეს გააკეთოს სახელმწიფომ? მიუხედავად იმისა, რა ფორმები და გზები იქნება არჩეული – ეკონომიკის ამ სფეროს სტიმულირება ყველა შემთხვევაში გულისხმობს სხვა, ეფექტიანად ფუნქციონირებადი სფეროებიდან რესურსების (ფულის) ამოღებას და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში დახარჯვას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს მოხდება პირდაპირი სუბსიდირებით (ანუ ფულის მიცემით), ტექნიკური საშუალებების შესყიდვა-დარიგებით (მაგ. ტრაქტორების), ე.წ. იაფი სესხების გამოყოფის, იმპორტზე ბარიერების შექმნის თუ სხვა ფორმით. ყველა ამ ხერხის ეკონომიკური არსი ერთია – სოფლის მეურნეობა აღმოჩნდება პრეფერენციულ პირობებში ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ დააზარალებს

და რატომ უნდა განვავითაროთ ხელოვნურად სოფლის მეურნეობა და არა, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები ან გემთმშენებლობა? იქნებ სჯობს გემები და კომპიუტერები ავაწყოთ და გავყიდოთ, ბევრი ფული შევაგროვოთ და შემდეგ ვიყიდოთ თუნდაც გაძვირებული უცხოური ხორბალი ან წიწიბურა? იაპონია ყიდის მანქანებს და ყიდულობს საკვებ პროდუქტებს, ამავდროულად არის მსოფლიოს მე-3 ეკონომიკა და 2010 წლის მაჩვენებლებით ინფლაცია 1%-ზე დაბალი აქვს. აქ ხომ მთავარი ის არის, რისი გაკეთება შეგვიძლია სხვებზე უკეთესად, სწრაფად და იაფად? საკვები პროდუქტები იმიტომ კი არ შემოგვაქვს, რომ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან მათ ჩვენზე უკეთ, სწრაფად და იაფად აწარმოებენ. ამიტომ ჩვენც ვყიდულობთ იქ, სადაც იაფია და აღარ ვაწარმოებთ საკუთარს, რადგან ის ძვირი გვიჯდება. თუ დავასუბსიდირებთ სოფლის მეურნეობას ან/და ბარიერებს შევქმნით უცხოური საკვები პროდუქტების იმპორტზე, ამით მხოლოდ ფასებს გავზრდით და კიდევ უფრო დავაზარალებთ მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ნაწილს. გვექნება ძვირად ნაწარმოები ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და აღარ გვექნება იაფის ყიდვის საშუალება, რადგან ის ბაზარზე უბრალოდ აღარ იარსებებს. მივიღებთ სურათს, როდესაც მაგალითად პურის საყიდლად ფულს რეალურად ორჯერ გადავიხდით – ჯერ საკუთარი გადასახადებიდან გადავიხდით სუბსიდიას ხორბლის მოყვანაში, ხოლო შემდეგ ამ ძვირი ხორბლით გამომცხვარ პურს ვიყიდით მაღალ ფასად.

ის, თუ ეკონომიკის რომელი სფერო უნდა განვითარდეს, არ არის ხელისუფლების საზრუნავი. ამის „მცოდნე” მხოლოდ თავისუფალი ბაზარია. მხოლოდ ადამიანებმა იციან, რაში სურთ საკუთარი ფულის დახარჯვა. თუ ჩვენ ვიყიდით ქართული წარმოების პომიდორს – შესაბამისად მოვიყვანთ მეტ პომიდორს. თუ ვიყიდით ქართულ ფეხსაცმელს – განვითარდება ქართული ფეხსაცმლის წარმოება. და თუ ვიყიდით უცხოურს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ასე უფრო „მომგებიანია”. ისინი კი, ვისაც პომიდორი უნდა მოეყვანა ან ფეხსაცმელი შეეკერა, შეეცდებიან ისეთი პროდუქტის შექმნას, რომლის ყიდვის სურვილიც ჩვენ გვექნება. მხოლოდ ჩვენ, ადამიანები ვწყვეტთ რა გვინდა. როდესაც ამას აკეთებს რომელიმე ბიუროკრატი – ის სინამდვილეში თამაშობს ჩვენი ფულით და პასუხს არ აგებს საკუთარ საქციელზე. გადავყრით 150 მილიონს სოფლის მეურნეობის განვითარებაში – ამით ეკონომიკის ამ სფეროს არაფერი ეშველება. ისინი კი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კუთვნილ ხელფასს რეგულარულად ისევ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან აიღებენ.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხისადმი იშვიათი სიზუსტით ემთხვევა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების, ქრისტიან-დემოკრატების, ქართული დასისა და ბოლო წლებში ეგზომ მომრავლებული მრავალპროფილიანი „ექსპერტების” შეხედულებებს. ყველა სოფლის მეურნეობის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს და ინფლაციასთან ბრძოლის მთავარ სტრატეგიად ეს მიაჩნია. შეხედულებათა ასეთი დამთხვევა არ მახსენდება არც ერთ სხვა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე. არ მგონია, ეს დამთხვევა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას. მეტიც, არ მგონია ეს დამთხვევა მაინცდამაინც საამაყო იყოს. იქნებ ამან მაინც დაგვაფიქროს.

კომენტარები