ქართველ რაგბისტებს რუსეთის საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს

საქართველოს მორაგბეთა  ეროვნული ნაკრების წევრებსა და ჟურნალისტებს დღეს სოჭის აეროპორტში პრობლემები შეექმნათ. გაჩხრიკეს ნაკრების თანმხლები ჟურნალისტები, ხოლო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გია კაჭარავა აეროპორტში სასაზღვრო ძალების სპეციალურ განყოფილებაში დატოვეს. ის მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.  გია კაჭარავა რუს სამართალდამცველებს ორი საათის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული. ქართველი რაგბისტებისა და ჟურნალისტების ჩხრეკისა და დაკავების  მიზეზებს  რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები არ ასახელებენ. ინფორმაცია ინციდენტის შესახებ სააგენტო Geonews-მა გაავრცელა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სოჭში დღეს გაემგზავრა.  საქართველოს ნაკრები გუნდი ევროპის ერთა თასის შეხვედრაში ხვალ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები