სამოყვარულო კონფლიქტოლოგიის ბზინვარება და სიღატაკე

 ამერიკული პროგრესის ცენტრი (CAP) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ანალიტიკოსები სემუელ ჩარაპი და კორი ველტი საქართველოს კონფლიქტების მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ისინი თეთრ სახლს უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ მოუწოდებენ. 70-გვერდიან ანგარიშში ასახულია კონფლიქტების ისტორია და ამჟამინდელი სიტუაცია აღწერილია, როგორც მათი მოგვარების დასაწყებად ხელსაყრელი. აშშ-სთვის კი სიტუაციის დაძვრისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად რიგი რეკომენდაციებია შეთავაზებული.

ანგარიშმა ვაშინგტონში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ის მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის გააკრიტიკეს. 

პროგრესის ცენტრში გამართული დისკუსიისას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა და ჯორჯ ბუშის ყოფილმა სპეციალურმა თანაშემწემ დეიმონ უილსონმა აღნიშნა: თუ ანგარიშის ლოგიკურ კონსტრუქციას მივყვებით, შეიძლება გამოვიდეს, რომ რუსეთს ცოდვები უნდა მივუტევოთ, წარმოვაჩინოთ კონფლიქტის მეორეხარისხოვან მოთამაშედ, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და თბილისს დავაკისროთ და დავივიწყოთ უახლესი წარსული. შეიძლება გაძლიერდეს აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას იგნორირების ევროპული ტენდენციაც, რომლის პირობების შესრულებაც, კრემლის მხრიდან არარეალისტურად მიიჩნევა.
The Weekly Standard-ში კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსის, ჯონ ნუნანის კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა – „როგორ არ უნდა გავიგოთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი”. ავტორი აკრიტიკებს CAP-ის მტკიცებას, რომ რუსული ოკუპაცია რეგიონში მასტაბილიზებელი ფაქტორია; თითქოს, თუ ისინი დატოვებენ ტერიტორიებს  –  ძალადობა გაჩაღდება.  ნუნანის კრიტიკას იმსახურებს რუსული თვალსაზრისის გაზიარებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მოსკოვი კონფლიქტის მონაწილე არაა და კრიზისის გადაწყვეტაზე ერთობლივი მუშაობის ვალდებულებისგან თავისუფლდება. ანგარიში არც კავკასიის რეგიონში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივების რუსულ სტრატეგიებს ახსენებს და არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის შემდეგ აგრესიული შეიარაღებული ძალების გაზრდას უთმობს ყურადღებას.
 
CAP-ი ობამას ადმინისტრაციასთან დაახლოებული ორგანიზაციაა. თუმცა მათი ექსპერტიზა ძირითადად საშინაო საკითხებით შემოიფარგლება. როგორც ნუნანი ამბობს, ისინი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ. ავტორს ამის მაგალითად დაწუნებული კვლევები მოჰყავს – მათ წინადადებას სამხედრო ბიუჯეტის შემცირებაზე ადმინისტრაციამ „მათემატიკა სტრატეგიის ნაცვლად” უწოდა, ხოლო ნამუშევარს აშშ-ის ავღანეთსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე – სხვა ორგანიზაციის კვლევა ამჯობინა. „სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ CAP-ის ანგარიშები განხილვის ღირსი არაა, მაგრამ საქართველოზე CAP-ის ანგარიშის მცდარი ბუნებისა და მემარცხენეებზე მისი გავლენის გამო, მისი კორექტირება ღირს”, – წერს ნუნანი. 
 
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებენ. გასულ წელს აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებმა – ლინკოლნ მიტჩელმა და ალექსანდრ ქულიმ – აფხაზეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შესაცვლელი კამპანია წამოიწყეს. მიზანი აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკის „აღიარების გარეშე თანამშრომლობით” ჩანაცვლება იყო. სტრატეგია რუსეთის ფაქტორს უგულებელყოფდა, აქცენტს კი აფხაზეთისა და დასავლური სამყაროს თანამშრომლობაზე აკეთებდა. 
 
ჩარაპისა და ველტის ანგარიშიც ამ კონტექსტში თავსდება. პასუხისმგებლობის ტვირთი კვლავ აშშ-ზე მოდის. თეთრი სახლის პოლიტიკას საქართველოს კონფლიქტებისადმი შაბლონურსა და უშედეგოს უწოდებენ, ხოლო ამჟამინდელ სტატუს-კვოს – უნაყოფოს. რუსეთს კი, მიუხედავად იმისა, რომ  არ ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე ნაკისრ ვალდებულებებს – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აგვისტოს შეთანხმებას, ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას ეწევა და ცდილობს მსოფლიოს ახალი რეალობა – „დამოუკიდებელი” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – შეასაღოს, კონფლიქტის მოგვარების ნაწილად და გარკვეული პროგრესისთვის მზადმყოფად წარმოგვიდგენენ. 
 
აშშ-სთვის შეთავაზებული ერთ-ერთი გზა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გარემოს შესაქმნელად ისაა, რომ აგვისტოს ომზე საუბრისას რიტორიკა შეცვალოს. თეთრმა სახლმა აქცენტი არა მხარეთა მიზნებზე, არამედ  იმაზე უნდა გააკეთოს, რომ ომამდე ყველა მხარის ქმედებებმა მიგვიყვანა. ამასთან, საქართველოს შეიარაღებაზე საუბრისას მოყვანილია ახსნა-განმარტებები, თუ რატომ არის საზიანო თავდაცვითი იარაღის მიწოდება ან მისი შეძენის შესაძლებლობის მიცემა. ავტორების აზრით, ეს აშშ-ის მხრიდან გზავნილი იქნება და დაადასტურებს, რომ ის უფრო ერთს მეორისგან იცავს, ვიდრე მხარეების შერიგებითაა დაინტერესებული. 
 
მოვლენების ამგვარი განვითარება რუსეთისთვისაა ხელსაყრელი – აქცენტს საკუთარი დანაშაულებებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანს. ამას კრემლი აგვისტოს ომამდე და მთელი 90-იანი წლების განმავლობაში აკეთებდა. მაშინ რუსეთი, ფორმალურად მაინც, მედიატორად განიხილებოდა, ამ დროს კი მცოცავ ანექსიას ეწეოდა. მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას გააგრძელებს, საქართველოს კი თავდაცვის საშუალებების შეძენაც არ შეეძლება. 
 
არადა, ობამას ადმინისტრაციამ ცხადი გახადა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა მხოლოდ იმ სფეროებს შეეხება, სადაც ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველო კი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, უთანხმოების საგანია. 
 
თუ აშშ ნეიტრალური მომრიგებლის როლის მორგებას შეეცდება, ამით კონფლიქტები ვერ მოგვარდება. როგორც დეიმონ უილსონმა აღნიშნა, 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგაც, მცირე დროის მანძილზე, ამერიკელი დიპლომატები მეტისმეტად ფრთხილ თამაშს მისდევდნენ. ისინი ცდილობდნენ რუსები მკვეთრი განცხადებებით არ გაეღიზიანებინათ, თუმცა ამით ვერაფერს მიაღწიეს. 
 
საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კი – ამ შემთხვევაში, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვეობის – უპირველესად, იმ პრინციპების ერთგულებაა, რაც დასავლური სამყაროს ფუნდამენტია. 
 
თავი რომ დავანებოთ აშშ-ის პოლიტიკას, ანგარიშში უმთავრესი გაურკვევლობა ისაა, თუ რას ეფუძნება ჩარაპისა და ველტის მოსაზრება, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის პროგრესის მისაღწევად უნიკალური სივრცე გაჩნდა. ერთადერთი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას ცდილობს, საქართველოა. რუსეთი კი, რომელიც სრულად აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ყოველთვის ბლოკავდა პროგრესულ ინიციატივებს. გარდა ამისა, კრემლი ომის შემდგომ უკვე ახალი რეალობის პოპულარიზაციითაა გართული. მოსკოვი რაიმე წინსვლას მით უფრო არ დაუშვებს. 
 
ჩარაპი და ველტი იწონებენ საქართველოს ჩართულობის სტრატეგიას და აშშ-საც მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ამ რეგიონების არაღიარების თბილისის პოლიტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე აქტიურად მუშაობა, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერას იღებს – შეიძლება სტრატეგიას ეწინააღმდეგებოდეს. ამ ექსპერტების აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლაცია, მათ საქართველოსთან რეინტეგრაციაში უშლის ხელს. ჩართულობა კი იმ ადამიანებთან, რომლებსაც ოკუპირებულს უწოდებ, ან დიალოგი მასთან, ვისაც ოკუპანტად მოიხსენიებ – ურთიერთგამომრიცხველია. ამ თვალსაზრისით გამოდის, რომ რუსეთის მოქმედებას თავისი სახელი არ უნდა დაერქვას და დანაშაულების მიჩუმათების საშუალება მიეცეს. თან ამ რეჟიმების, როგორც კონფლიქტების მთავარი მოთამაშეების ლეგიტიმაციაც მოხდება. 
ლეგიტიმაციის კონტექსტში თავსდება კიდევ ერთი შეთავაზება საქართველოსთვის – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან ხელშეკრულება ჰუმანიტარულ და ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე გააფორმოს. დეიმონ უილსონი ამის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობები რუსეთის მიერ იმართება და ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები არ არიან.
 
ანგარიშის პრობლემები ზემოთქმულით არ შემოიფარგლება. არასწორ ინტერპრეტაციებსა და მნიშვნელოვანი ფაქტების იგნორირებას ხშირად შეხვდებით. მათგან რამდენიმე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
 
 მაგალითად, ის დიდწილად აგვისტოს ომის რუსულ ვერსიას გვთავაზობს. აქ არ არის მოხსენიებული ქართული სოფლების დაბომბვა; რუსეთის ჯარებისა და დაქირავებულების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მანამ, სანამ საქართველო საპასუხო ქმედებებს განახორციელებდა. ამავე დროს, ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი „ოდნავ განსხვავებული ფორმით” მოაწერეს. ეს უკანასკნელიც რუსული ნარატივია და ფრანგულმა მხარემ საჯაროდ უარყო. 
 
კიდევ ერთი საკითხი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას შეეხება. ანგარიშის მიხედვით, ეს პერსპექტივა არარეალურია მანამ, სანამ საქართველო კონფლიქტებს არ მოაგვარებს. ამის ხაზგასმით ავტორები რუსეთს ერთგვარ ვეტოს აძლევენ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე.
 ნამდვილად მოსაწონია ის შედეგები, რასაც ველტი და ჩარაპი გვთავაზობენ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხალხთა შერიგება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება. თუმცა დასავლეთმა და პირველ რიგში, აშშ-მ ფუნდამენტურ პრინციპებზე უარის თქმის უშედეგო და საზიანო პოლიტიკა არ უნდა გაატაროს. 
 
როგორც ამერიკული პროგრესის ცენტრში დისკუსიისას დეიმონ უილსონმა აღნიშნა – უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. რუსეთის ამჟამინდელ მმართველებს სურთ, შეცვალონ ის საბაზისო პრინციპები, რაზეც ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დგას. ამის სანაცვლოდ კი მე-19 საუკუნის, ძალთა ბალანსისა და ინტერესის პრივილეგირებული სფეროების პრინციპებს დაუბრუნდნენ. 
 

კომენტარები