ფუკუშიმას საფრთხეები

11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ იაპონია ახალი, ბირთვული საფრთხის  წინაშე დგას. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ოკუმასთან მდებარე ბირთვული სადგური ფუკუშიმა ერთი. მოსახლეობა ბირთვული კატასტროფის პანიკამ მოიცვა. ინჟინრები და ფუკუშიმას სხვა თანამშრომლები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ რათა კატასტროფის თავიდან აცილება შეძლონ.

ფუკუშიმას ბირთვული სადგური მსოფლიოში 15 ყველაზე დიდ ატომურ სადგურს შორისაა. სადგურზე 6 რეაქტორია. 11 მარტის მიწისძვრამდე მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სადგურები გათიშული იყო სარემონტო სამუშაოების გამო. პირველი, მეორე და მესამე რეაქტორები კი მიწისძვრისთანავე ავტომატურად გაითიშა. რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე კი მას შემდეგ გაჩნდა რაც სადგური ცუნამმა დატბორა. უკანასკნელი სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა რეაქტორების გამაგრილებელი სისტემა. აფეთქებები მოხდა ერთმანეთის მიყოლებით ჯერ პირველ რეაქტორზე, შემდეგ მესამეზე და ბოლოს, მეორესა და მეოთხეზე.

რეაქტორების შიგნით რადიაქტიური ნივთიერება, ურანი ან პლუტონიუმი სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული, სადაც ის წყალს ორთქლად გადააქცევს. ორთქლი ტურბინებს ამოძრავებს და წარმოიქმნება ელექტროენერგია. მიწისძვრის შედეგად იმ წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც რადიაქტიურ ნივთიერებასთან კონტაქტში უნდა შესულიყო და ამავდროულად საწვავის კონტეინერი გაეგრილებინა, დაზიანდა. რადიაქტიურმა ნივთიერებამ სრულად ააორთქლა კონტეინერში არსებული წყალი, კონტეინერი გადახურდა და დაზიანდა. ინჟინრები ცდილობენ აღადგინონ რეაქტორში წყლის მიწოდება და კონტეინერი გააგრილონ.

აფეთქების შედეგად, მეოთხე რეაქტორიდან გამოჟონა მცირე რაოდენობით რადიაქტიურმა ორთქლმა, რომლის კონცენტრაციაც ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის. გამოჟონილ ნივთიერებათა შორის არის ცეზიუმის და იოდის იზოტოპები. რადიაქტიური იოდი ლეტალური არ არის, თუმცა ჩერნობილში ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით გამოჟონვამ მუშახელის უმრავლესობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბო გაჩენა გამოიწვია. არ მომხდარა ურანის ან პლუტონიუმის გაჟონვა. იოდის იზოტოპები ძალიან მალე იშლება, დაახლოებით ერთ თვეში, რადიაქტიური ცეზიუმიც ორგანიზმიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქრება.

ფუკუშიმას სადგური სამოცდაათიანი წლების დასაწყისში აიგო და ის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით გამოირჩევა. ბევრი საუბრობს ჩერნობილის მსგავს კატასტროფაზე, თუმცა ფუკუშიმაში ეს შეუძლებელია. ჩერნობილის აფეთქების შედეგად დიდი ოდენობის ბირთვული საწვავი გამოიტყორცნა ატმოსფეროში. ამის მიზეზი იყო რეაქტორის კონსტრუქციის თავისებურება, რადიაქტიური ნივთიერებები მიწის ზემოთ მდებარეობდა. მაშინ როცა ფუკუშიმას რეაქტორებზე ბირთვული საწვავი მიწის ქვეშაა და მისი გაფანტვის საფრთხე ძალიან მცირეა. ფუკუშიმას რეაქტორის კონსტრუქცია და მასში მიმდინარე მოვლენები უფრო მეტად აშშ-ში, სრი-მაილ აილენდზე მომხდარ კატასტროფას ჰგავს. 1979 წელს ამ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 481 პეტაბეკერელი რადიაქტიური აირი გამოთავისუფლდა. პრესაში მაშინ ე.წ. ჩინეთის სინდრომზე საუბრობდნენ. იგი გულისხმობდა რადიაქტიური ნივთიერებების ჯაჭვურ რეაქციას, რაც დედამიწის ქერქს გახვრეტდა და ჩინეთში გამოვიდოდა. ფუკუშიმას სადგური ჩერნობილის მსგავსი აფეთქების საშუალებას ფიზიკურად არ იძლევა. ექსპერტები აცხადებენ, რომ რადიაქტიური აირის გამოჟონვა საფრთხის შემცველია თუმცა მისი ჩერნობილის მსგავს კატასტროფასთან შედარება გადაჭარბებულია. 

კომენტარები