კუს ნაბიჯებით უვიზო მიმოსვლისკენ

 1 მარტიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ორი შეთანხმება შევიდა ძალაში. პირველი სავიზო რეჟიმის გამარტივებას ეხება და მისი დეტალების ირგვლივ ქართულმა მედიამ საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. მეორე გახლავთ შეთანხმება რეადმისიის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული არალეგალების (საქართველოს და მესამე ქვეყნების მოქალაქეების) უკან  დაბრუნებას გულისხმობს. 

ანალოგიური სავიზო რეჟიმით უკვე სარგებლობს უკრაინა, მოლდოვა (2008 წლის 1 იანვრიდან) და რუსეთი (2008 წლის 1 ივნისიდან). მათი გამოცდილება საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს. 

2008 წელს უკრაინაში კვლევები ჩატარდა. მისი ავტორი უკრაინის მშვიდობის, გარდაქმნისა და საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრი გახლდათ. 800-მდე რესპონდენტი გამოჰკითხეს. გაირკვა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების ამოქმედებიდან 11 თვის შედეგად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვიზის გაცემაზე ნათქვამი უარის რაოდენობა 12-14 პროცენტიდან 6,6 პროცენტამდე, ანუ დაახლოებით ორჯერ შემცირდა. თუმცა, მრავალჯერადი ვიზების ვადა 6-თვიან ზედა ზღვარს არ ასცილებია. ამას გარდა – სამიდან ერთ შემთხვევაში საკონსულოები კვლავ არ ასაბუთებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებას ვიზის გაცემაზე უარის შესახებ. 
 
ამ გამოცდილების შესაბამისად, საქართველოში უახლოეს დღეებში მომენტალურ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ხელშეკრულების ბაზაზე შეიქმნება საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ხელშეკრულების შესრულებას გააკონტროლებს. საქართველოს საშუალება ექნება, კომიტეტზე, უსამართლოდ არგაცემულ ვიზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. მსგავსი დარღვევების შესახებ შეტყობინებები საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში დღემდეც შედიოდა, თუმცა ქართულ მხარეს მათზე სამართლებრივი რეაგირების ბერკეტი არ გააჩნდა.
 
რაც შეეხება რეადმისიის ხელშეკრულებას – მასთან ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არალეგალურად ემიგრირებული მოსახლეობის მასობრივად უკან დაბრუნების მოლოდინებია დაკავშირებული. უკრაინაში, საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედებიდან 9 თვის განმავლობაში დაჩქარებული პროცედურებით ქვეყანაში უკან სულ 573 ადამიანი მიიღეს, აქედან 357 – უკრაინის მოქალაქე. პესიმისტური მოლოდინები, ამ ხელშეკრულების ამოქმედებასთან დაკავშირებით, არ გამართლდა.
 
როგორც აღვნიშნეთ, საქართველო მეოთხე ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდან (ცხადია, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან), რომელმაც მსგავსი ხელშეკრულებები გააფორმა. 
 
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისკენ გზაზე საქართველომ გაასწრო კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანას, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას. მაგალითად, მოლდოვა აწარმოებს, უკრაინამ კი უკვე დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები საგზაო რუკასთან დაკავშირებითაც, რაც უვიზო მიმოსვლამდე ბოლო ნაბიჯია. ეს მოლაპარაკებები ქვეყნის მიერ დასაკმაყოფილებელ პირობებზე შეთანხმებას გულისხმობს. ამ ქვეყნების შემთხვევაში საგზაო რუკაზე მოლაპარაკებები გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 2 თვეში დაიწყო. ბალკანეთის ქვეყნებში კი, მაგალითად სერბეთსა და ალბანეთში, 2 თვეში საგზაო რუკაზე მოლაპარაკებებიც დაასრულეს და უვიზო რეჟიმიც მანამდე დამყარდა, სანამ ეს ქვეყნები საგზაო რუკის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. საქართველოს მიმართ პოლიტიკა სხვაგვარია – ევროკავშირი დროს ითხოვს და რეადმისიის ხელშეკრულების შესრულების შედეგებს ელოდება. 
 
აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის რუსული პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 2011 წლის 1 მარტამდე დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებზე უფრო შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ჰქონდათ. ეს ერთ-ერთი არგუმენტი გახლდათ, რომელმაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების ამოქმედება დააჩქარა. 

კომენტარები