მზე და სიყვარული

 „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...” ამ წლის 14 თებერვალს, როდესაც დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი სიყვარულის დღეს – ვალენტინობას – აღნიშნავდა, მზეზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. შეიძლება ითქვას, მზემ ეს დღე შთამბეჭდავი ფეიერვერკით აღნიშნა. ასტრონომებმა ამ მოვლენას ასეც უწოდეს – „ვალენტინის დღის ამოფრქვევა”. სიყვარული მართლაც მჭიდრო კავშირშია მზესთან, რადგანაც რომ არა ჩვენი მნათობი, არც სიყვარული იქნებოდა. მზე ჩვენი არსებობის მთავარი წყაროა, ის იძლევა სიცოცხლისათვის აუცილებელ სინათლეს, სითბოსა და ენერგიას. როგორც ჩანს, ეს ძველ ადამიანსაც კარგად ესმოდა, რადგანაც სხვადასხვა ხალხების რელიგიებში მზე ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო. 

ვალენტინის დღის ამოფრქვევა ყველაზე მძლავრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის დროს მზის ზედაპირიდან ამოიტყორცნება მილიარდობით ტონა ნივთიერება. მისი ნაწილი კოსმოსში იფანტება და „მზის ქარს” წარმოქმნის. დედამიწასთან მიახლოებისას დამუხტული ნაწილაკების ეს ნაკადი ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს და ე.წ. გეომაგნიტურ შეშფოთებას იწვევს. ძლიერი შეშფოთებები „მაგნიტური ქარიშხლის” სახელითაა ცნობილი და კოსმოსური ამინდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ დროს პოლარულ არეებში ღამის ცა სხვადასხვაფრად ნათებას იწყებს. ეს არის პოლარული ციალი – ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა. მზის ქარი, ასე ვთქვათ, იმპრესიონისტ მხატვრად გვევლინება. 
 
თუმცა ლამაზი სანახაობის გარდა, გეომაგნიტურმა შეშფოთებებმა შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც შექმნას. ისინი ზოგჯერ კავშირგაბმულობის შეფერხებას, დაზიანებასა და წყვეტასაც იწვევს. მძლავრი ამოფრქვევით გამოწვეულმა მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს მობილური, რადიო, სატელევიზიო კავშირი და ინტერნეტი. ზოგჯერ მზის ქარი ხელოვნური თანამგზავრების ხელსაწყოებსაც აზიანებს. ჩვენს დროში, როდესაც ადამიანი ძლიერადაა დამოკიდებული ტელეკომუნიკაციაზე, ამ დარღვევებმა შეიძლება მას დიდი ზიანი მიაყენოს. მზის ქარი კოსმოსში მყოფ ასტრონავტებზეც მოქმედებს. ზომიერი ამოფრქვევები იცავს მათ მაღალენერგიული გალაქტიკური კოსმოსური სხივების ზემოქმედებისაგან, თუმცა დამუხტული ნაწილაკების ძლიერი ნაკადი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ასეთ შემთხვევებში ასტრონავტები კოსმოსური სადგურის სპეციალურ კამერას აფარებენ თავს. ჩვენ ამ მავნე სხივებისაგან დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს. 
 
როგორც წესი, მზის ამოფრქვევების დანახვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, 1859 წელს ის შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა. ეს იყო მზის სუპერქარიშხლად წოდებული ისტორიაში ცნობილი ყველაზე დიდი ამოფრქვევა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ  გამოწვეულმა ციალმა ტროპიკებამდე – კუბამდე და ჰავაის კუნძულებამდეც კი – მიაღწია, რაც უაღრესად იშვიათად ხდება. იმ დროს არსებულ სატელეგრაფო ხაზებს ცეცხლი გაუჩნდა. 1989 წლის 6 მარტის მოვლენამ კი კანადაში კვებეკის ელექტროგადამცემი სისტემა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან. ზოგიერთ სატელიტთან კავშირი გაწყდა. ამერიკული კოსმოსური ხომალდის ელექტრონული სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. ჩრდილოეთის ციალმა ტექსასის შტატამდე მიაღწია. ზოგიერთს ეგონა, რომ ბირთვული იარაღი აფეთქდა და ომი დაიწყო. იმავე წლის აგვისტოს მაგნიტურმა ქარიშხალმა ქალაქი ტორონტო ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რის გამოც ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობა შეწყდა.
 
მაგნიტური შეშფოთებები ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს,  განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადება აქვს. ამ დროს იზრდება გულის შეტევებისა და ჰიპერტონიული კრიზის რისკი. ამერიკული სარეზერვო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ფასიანი ქაღალდების ბირჟის აქტივობასა და მაგნიტურ ქარიშხლებს შორის, რადგანაც ეს უკანასკნელი გარკვეულწილად ადამიანების ქცევაზე და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზეც ახდენს გავლენას. 
 
ამოფრქვევების სიხშირე და სიძლიერე მზის აქტივობაზეა დამოკიდებული. ის ხან მეტად აქტიურია, ხან ნაკლებად, რაც დაახლოებით 11-წლიანი პერიოდულობით მეორდება. ასევე ბევრად უფრო ხანგრძლივი – საუკუნოვანი ციკლებიც არის. აქტივობის გაძლიერებისას მზის ზედაპირზე ბნელი ლაქები ჩნდება. თითოეული ლაქა რამდენიმე დედამიწის სიდიდისაა. აქტივობის შემცირებისას მათი რაოდენობა კლებულობს და საერთოდ ქრება. ამ პერიოდში მზე „წყნარია”. განსაკუთრებით დიდი ზომის ლაქები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პირველი ცნობა მათ შესახებ ჩინელებმა შემოგვინახეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში. 
 
აქტიური მზის ბოლო ფაზა 2000-2002 წლებში იყო, რომლის შემდეგ მზე „დაწყნარდა” და მინიმუმს 2006 წელს მიაღწია, რაც გასულ წლამდე გრძელდებოდა. ეს იყო ბოლო ასწლეულში მზის აქტივობის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მშვიდი ხანა. 2010 წლიდან მან ნელ-ნელა დაიწყო გააქტიურება და თანდათანობით ტემპს კრეფს, რაც ვალენტინის დღის ამოფრქვევამაც აჩვენა. შეიძლება ითქვას, მნათობი ხანგრძლივი ძილის შემდეგ ნელ-ნელა იღვიძებს.
 
მართალია, მზე ჩვენი არსებობის წყაროა, მაგრამ ამავე დროს მისი „სიყვარულის” განსაკუთრებით მხურვალე გამოვლინებისაგან თავის დაცვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება, პირიქით, სიცოცხლეს დიდი ზიანი მიაყენოს და გაანადგუროს კიდეც. მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ცოცხალ ორგანიზმებს ოზონის შრე იცავს, რომელიც დედამიწას გარშემო აკრავს. ეს შრე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი 20%-ით შემცირებაც კი დამღუპველია. ამიტომაცაა, რომ ე.წ. ოზონის ხვრელს ესოდენ დიდი ყურადღება ექცევა.
 
ჩვენი მზე და მისი მუდმივად მზარდი „ოჯახი” (მზარდი არა იმიტომ, რომ ახლა იზრდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მას სულ უფრო უკეთ ვეცნობით) დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა. ეს იმდენად დიდი რიცხვია, რომ ადამიანისთვის მისი გააზრება ძნელია. ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობაც კი – 5 ათასი წელი – მზის ასაკის მხოლოდ 0.0001%-ია. ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. მზე ყოველთვის არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა. ერთ არამშვენიერ დღეს ის მთლიანად ამოწურავს თავისი ნათებისათვის საჭირო მარაგს, ჯერ გიგანტური ბუშტივით გაიბერება, როცა დედამიწაც მის შიგნით აღმოჩნდება, შემდეგ დაკარგავს საკუთარ გარსს. დარჩება მხოლოდ ბირთვი, რომელიც თანდათანობით „ჩაქრება”. თუმცა, იქამდე ძალიან, ძალიან დიდი დროა – დაახლოებით 5 მილიარდი წელი, რომლის განმავლობაშიც არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, ადამიანს იმ დროისათვის უკვე სხვა სისტემები ჰქონდეს ათვისებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეთ შორეულ საფრთხეზე ფიქრი ჯერ ძალზე ნაადრევია და შეგვიძლია ამ მხრივ მაინც მშვიდად ვიყოთ.

კომენტარები