ორი თასი ერთი გამარჯვებით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრები 18:11 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიბრუნდა.

იმავე საღამოს ესპანეთმა შინ პორტუგალია 25:10 დაამარცხა. ამ შედეგით ნათელი გახდა, რომ ერთა თასი წლეულს ბორჯღალოსნებს დარჩათ. საქართველო მეოთხედ გახდა მცირე ექვს ერზე ჩემპიონი.

ამ მაჩვენებლით საქართველო რუმინეთს გაუთანაბრდა. ორივე ნაკრებს ოთხჯერ აქვს მოგებული ერთა თასი. ერთხელ კი ტიტულს პორტუგალია ფლობდა.

წელს ბორჯღალოსნები ყველა მეტოქეს ჯობდნენ და ამაზე მათი სტატისტიკაც მეტყველებს. ოთხი შეხვედრიდან ოთხი გამარჯვება. 22 გატანილი და მხოლოდ ერთი გაშვებული ლელო.

ახლა ქართველებს 19 მარტს სოჭში რუსების დამარცხება სჭირდებათ და სლემსაც გაიფორმებენ (ხუთივე მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ). ნაკრები ამ შეხვედრისათვის მზადებას საქართველოში გაივლის, რუსეთში კი ჩარტერული რეისით 18 მარტს გაფრინდება.

ბორჯღალოსნებმა წელს ქართველი გულშემატკივრის წინაშე ბოლო საშინაო შეხვედრა გამართეს. ახლა ნაკრებს ზაფხულში რუმინეთში გასამართი IRB-ს ერთა თასი ელოდება, რასაც შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე თამაში მოყვება.

კომენტარები