ქართული მართლმსაჯულება სტატისტიკის ენაზე

საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპის თანახმად, ქართულ სასამართლოში სახელმწიფოს საქმეს ვერ მოუგებ. არადა, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ადმინისტრაციული დავების დიდ ნაწილს სახელმწიფო აგებს. გამონაკლისია სისხლის სამართლის სფერო. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაზე ბევრად უფრო მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს შეესაბამება.   

ადმინისტრაციულ საქმეებზე ზოგადი სტატისტიკა ასეთია – 2010 წელს განხილული სააპელაციო საქმეებიდან 38 პროცენტი ადმინისტრაციული ორგანოების წაგებით დასრულდა, საკასაციო საქმეებიდან კი (ანუ უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულის) იგივე მაჩვენებელი 48 პროცენტია.   

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ მიუხედავად საკმაოდ დადებითი სტატისტიკისა, მისი შინაარსობრივი ანალიზის გარეშე ცალსახა დასკვნის გაკეთება არასწორი იქნება. ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მათი გამოცდილებით, ფიზიკური და იურიდიული პირები, ძირითადად, ადმინისტრაციულ საქმეებს სოციალური ტიპის დავებში იგებენ. მაგალითად, ქონებრივ და მიწასთან დაკავშირებულ დავებში მოგების მაჩვენებელი მინიმალურია, რაც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული
ინტერესების სფეროს არსებობაზე მოწმობს.  
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ განხილულ ადმინისტრაციულ დავებში საკმაოდ დიდი ნაწილი საგადასახადო დავებს უჭირავს. საქართველოს სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოების მიერ საგადასახადო საქმეების განხილვის სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს სააპელაციო საქმეების 46 პროცენტი დასრულდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, 2010 წელს – 28 პროცენტი. საკასაციო საქმეებში საგადასახადო ორგანოებს უფრო ნაკლებად გაუმართლათ – 2009 წელს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საქმეების 67 პროცენტი მოიგეს, 2010 წელს კი 48 პროცენტი. ეს სტატისტიკა საქმეების შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზეც იძლევა გარკვეულ პასუხს. 
 
როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საქმეებში საწინააღმდეგო სიტუაციაა. გამამართლებელი განაჩენების ზოგადი მონაცემი, რომელიც ზოგს სამართლიანი სასამართლოს იდენტიფიცირების ერთ-ერთ კრიტერიუმად მიაჩნია, საქართველოში, ერთი შეხედვით, მოკრძალებულია: უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2010 წელს ამ ციფრმა საქართველოში განხილული საქმეების 1,05 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეების 1,2 პროცენტზე დევნა შეწყდა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა ბრალის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი მტკიცებულებები ან პროკურორს თავად უკან მიაქვს ბრალდება ან კონკრეტული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ხდება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ბრალდებულის გამართლებას ნიშნავს.
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებისათვის ეს პროცენტული მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ სასამართლო დღემდე პროკურატურის მორჩილებაში იმყოფება. ეს ასევე არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დღეს დროისა და ფულის უშედეგო ხარჯვაა. სწორედ ამავე მიზეზს უკავშირებს ასოციაციის ადვოკატი მიხეილ ვოვაძე საპროცესო გარიგებების რიცხვის გაზრდასაც – ბოლო მონაცემებით სისხლის სამართლის საქმეებზე ამ მაჩვენებელმა 80 პროცენტს გადააჭარბა. თუმცა, იგივე სტატისტიკა სხვა კონტექსტშიც ჩანს, თუ მას მსოფლიოს ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ. 
 
მაგალითად, 2010 წელს ამერიკის ფედერალური სისხლის სამართლის სასამართლოების მონაცემებით (რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო სასამართლო სისტემად ითვლება), არსებითად განხილული საქმეებიდან 0.4% დასრულდა გამამართლებელი განაჩენით. 97 181 ბრალდებულიდან 301 ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, 154 ბრალდებული კი მოსამართლემ – მსაჯულთა გარეშე. 
 
ამ თვალსაზრისით საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლატვიას – 0,8 პროცენტი, უკრაინას – 0,3 პროცენტი, იაპონიას – 0,4 პროცენტი, სამხრეთ კორეას – 0,6 პროცენტი. ევროპული ქვეყნების ანალოგიური საშუალო მაჩვენებელი, ანუ ე.წ. ევროპული სტანდარტი 1,6-დან 3,9 პროცენტამდე მერყეობს: ფინეთში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1,6 პროცენტია, ბულგარეთში – 2,4 პროცენტი, სლოვაკეთში – 2,9 პროცენტი, ბელგიაში – 3,4, საფრანგეთში – 3,7, ბრიტანეთში – 3,8, ჰოლანდიაში – 3,9 (წყარო: International Statistics on Crime and Justice, 2010).  
ამ სტატისტიკის ფონზე საქართველოს მაჩვენებელი საშუალო დონეს აკმაყოფილებს. ამასთან, საინტერესოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლოს რეპუტაცია მაღალია, გამამართლებელი განაჩენის დაბალ მაჩვენებელს, არა სასამართლოზე ზეწოლით, არამედ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სიმყარით ხსნიან. პროკურატურა, როცა საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, თავად არიდებს თავს სასამართლოში მისვლას. 
 
ანალოგიური ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა – საქართველოს პროკურატურამ 2010 წელს 1394 საქმეზე თავად შეწყვიტა სამართლებრივი დევნა. 
 
რაც შეეხება საპროცესო გარიგებებს – 2010 წელს 16641 საქმიდან საპროცესო გარიგებით 13 342 საქმე დასრულდა, რაც დაახლოებით 80 პროცენტის ფარგლებში თავსდება. თუმცა, მაგალითად აშშ-ში, სადაც ეს პრაქტიკა აქტიურადაა დანერგილი, შტატების მიხედვით მაჩვენებელი 90-95 პროცენტსაც აღწევს. ამასთან, მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ საპროცესო გარიგებები სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, გადაჭარბებულია – ამავე სტატისტიკის თანახმად, 2010 წელს საპროცესო გარიგებების საერთო თანხამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის პირობებში სულ 1 პროცენტს შეადგენს. 
 
საინტერესოა გასაჩივრებული განაჩენების სტატისტიკაც – 2009 წელს განხილული 38 464 საქმიდან 2009 და 2010 წლებში დამარცხებულმა მხარემ სულ 1883 საქმე გაასაჩივრა, რაც საერთო რაოდენობის სულ 4,9 პროცენტია. ახალგაზრდა იურისტებისთვის ეს იმის ნიშანია, რომ სასამართლოს პირველ ინსტანციაში დამარცხება მოქალაქეებს სასამართლოსთან დაკავშირებულ უნდობლობას და სტერეოტიპებს უმყარებს. უზენაეს სასამართლოში კი, თავის მხრივ, მიაჩნიათ, რომ ეს მონაცემი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენისადმი პატივისცემის ნიშნადაც შეიძლება ჩაითვალოს

კომენტარები