პირველი ჰუმანოიდი რობოტი კოსმოსში

 გასულ კვირას აშშ-ში, კანავერალის ნახევარკუნძულზე განლაგებული კოსმოდრომიდან კოსმოსური შატლი დისქავერი უკანასკნელ, ოცდამეცხრამეტე მოგზაურობაში გაემართა. შატლების ეპოქის მიწურული ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: ასტრონავტიკის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა, რომ კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი არა ადამიანი, არამედ ჰუმანოიდი რობოტი იყო – ე.წ. Robonaut 2, რომელსაც შემოკლებით “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟი რობოტის წაბაძვით R2-ად მოიხსენიებენ.

ჰუმანოიდი Robonaut 2 ჯენერალ მოტორსის და NASA-ს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, ადამიანის მსგავსი მანქანაა, რომელსაც იმ ყოველდღიური რუტინული ოპერაციების შესრულება შეუძლია, რითიც ასტრონავტები ორბიტალურ სადგურზე არიან დაკავებულები. R2-ის სიმაღლე ერთი მეტრია, იწონის 150 კილოგრამს და სპეციალური ბორბლებიანი დანადგარით გადაადგილდება. უახლოეს მომავალში მისი მსგავსი ჰუმანოიდების ფეხებით აღჭურვაცაა დაგეგმილი, რაც მათ უფრო ანთროპომორფულებს გახდის. ჰუმანოიდის თავში ხუთი კამერა და 38 პროცესორია ჩამონტაჟებული, ზურგჩანთაში კი აკუმულატორები და ელემენტებია მოთავსებული, რაც რობოტს ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილების საშუალებას აძლევს.
 
ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე პროექტის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, სკოტ ჰიგინბოსემმა განმარტა, რომ რობოტის გაგზავნა კოსმოსში მიზნად ისახავს უწონობის მდგომარეობაში ჰუმანოიდების გამოცდას და მათზე დაკვირვებას, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ასტრონავტებისათვის განკუთვნილ სამუშაოებს და ადამიანისათვის ძნელად შესასრულებელ დავალებებს. NASA-ს წარმომადგენლებს მოუწიათ  იმის ახსნაც, რომ R2 არაფრით ჰგავს მწყობრიდან გამოსულ ვერაგ რობოტებს, რომლებიც ჩვენთვის სამეცნიერო ფანტასტიკიდანაა ცნობილი. მათი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი და ამასთან, ჰუმანოიდი რობოტის ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით დიდად ჩამოუვარდება HAL-9000-ს, რომელიც არტურ კლარკმა აღწერა რომანში “კოსმოსური ოდისეა 2001”.
 
უმთავრესი განსხვავება R2-სა და სხვა რობოტებს შორის მოხერხებულობის მაღალი ხარისხია, რაც ხელის კიდურების, სახსრების და განვითარებული და სწრაფი ათი თითის საშუალებითაა განპირობებული. რობოტს შეუძლია ადამიანის მხარდამხარ მუშაობა, მისი დახმარება და ჩანაცვლებაც კი.  R2-ს თანაბარი წარმატებით შეუძლია სიმძიმეების აწევა, ღილაკების დაჭერა და თქვენ წარმოიდგინეთ წერაც კი. მისი მოქნილი კიდურები შრომისუნარიანობით არაფრით ჩამოუვარდება ადამიანისას და, რაც ყველაზე მთავარია, R2-ს არ გააჩნია დაღლილობისა და ძილის შეგრძნება. ეს მის ეფექტიანობას ერთიორად ზრდის.
 
R2 ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტია. მომავალში მისი ანალოგების ხილვა ქარხნებში, ფაბრიკებში, ფერმებში და სერვის-ცენტრებში შეგვეძლება. შემქმნელების ჩანაფიქრით, მათ უნდა შეასრულონ ყველა ის შავი და სახიფათო სამუშაო, რომლებიც ადამიანებს არც პროფესიულად ზრდის და არც სიამოვნებას ანიჭებს. ჰუმანოიდი რობოტების ეპოქაში აღარ იქნებიან საწარმოო ტრავმის შედეგად კიდურებდასახიჩრებული მუშები და რაიმე დანადგარის მოსამსახურე რობოტადქცეული ოპერატორები. ერთი სიტყვით, NASA-ს და ჯენერალ მოტორსის ინჟინრებს დიდი მიზნები ამოძრავებთ, რამდენად გაამართლებს R2 მათ იმედებს, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი Twitter-ის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჰუმანოიდის კოსმოსურ გზავნილებს გაეცნოს და  დედამიწის ორბიტალურ სადგურზე მის მუშაობას დააკვირდეს. 
 

კომენტარები