ინვესტორების საქმე

 ოცი შენ, ოთხმოცი მე. დამთანხმდი ოცზე (20 მილიონი დოლარი) და ამ მომენტიდან შენი ცხოვრება შეიცვლება”, – ამ სიტყვებით მიმართა ებრაელმა ბიზნესმენმა რონი ფუქსმა სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე ქართველ მაღალჩინოსანს. მოგვიანებით, შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი ბრალდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა. გამოძიების ვერსიით, ამ შეხვედრაზე ფუქსი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძესთან გარიგების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, საბოლოოდ კი ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი შესთავაზა –  საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოსათვის დაკისრებული თანხის დიდი ნაწილის, 75 მილიონის, მიღების სანაცვლოდ.  

სასამართლო პროცესი ისრაელის ორი მოქალაქის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკემბრის ბოლოდან მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ბიზნესმენები 14 ოქტომბერს ბათუმში, ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე დააკავეს. როგორც გამოძიება ჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, ამ შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტამბოლში ხარაიძისათვის შეთავაზებული პირობები – კვიპროსში ფრენკელის ოფშორული კომპანიის გავლით ფული ქართველი მაღალჩინოსნების ხელში აღმოჩნდებოდა, თანაც ისე, რომ კვალს ვერავინ იპოვიდა. სტამბოლის ჩანაწერის თანახმად, ფუქსი მართლაც აღიარებს, რომ მსგავსი გარიგებები მისთვის უცხო არ ყოფილა –  იგი თავად ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში სამთავრობო პარტიას  ფული „შესწირა”, თუმცა ეს თანხა სინამდვილეში კონკრეტულ პირებს გადაეცათ.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ფუქსის ბიზნესპარტნიორისა და კომპანია ტრამექსის თანადამფუძნებლის იოანის კარდასოპულოსის მიმართაც. ის გამოძიების ვერსიით ინფორმირებული გახლდათ და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
ფუქსი და მისი პარტნიორი კარდასოპულოსი საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალწლიან დავას აწარმოებდნენ. ისრაელის მედიის ცნობით,  რონი ფუქსს მჭიდრო კავშირები აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან და პრეზიდენტ შიმონ პერესთან დაახლოებულ პარადაც მიიჩნევა. ზეევ ფრენკელი კი ამ გარიგებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. 
 
პანამაში რეგისტრირებული კომპანია Tramex International-ის დამფუძნებლები, იოანის კარდასოპულოსი და რონი ფუქსი, საქართველოში ჯერ კიდევ 1991 წელს გამოჩნდნენ. ისინი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან საქართველოში ნავთობის მოპოვებასა და ტრანზიტში ინვესტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მათ გეგმებზე გავლენა არ მოუხდენია ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და ხელისუფლების შეცვლას. სახელმწიფო კომპანია საქნავთობთან ფუქსმა ტრამექსის სახელით ერთობლივი საწარმოს შექმნის ხელშეკრულებას ხელი 1992 წლის 3 მარტს მოაწერა – იმ დროს, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ სამხედრო საბჭო მართავდა და საქართველოში არ არსებობდა ლეგიტიმური ხელისუფლება, კონსტიტუცია და ბიზნესურთიერთობებისათვის აუცილებელი კანონმდებლობა. ამ შეთანხმებით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ მიიღო ექსკლუზიური უფლება საქართველოში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. ერთი წლის თავზე კი ტრამექსმა კონცესიის შეთანხმება გააფორმა ნავთობის ტრანსპორტირების მაშინდელ მონოპოლისტთან – ქართულ სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტთან, რომლის წყალობითაც 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება მიიღო საქართველოში არსებულ ნავთობის სატრანზიტო მაგისტრალებზე. თანაც, კომპანიის ადვოკატები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათ უფლება არა მხოლოდ 1993 წლისთვის არსებულ, არამედ შემდგომში შექმნილ სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზეც მიენიჭათ. 
 
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიამ ქრთამი გადაუხადა ქართველ მაღალჩინოსნებს 1990-იან წლებში, რათა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლებები მოეპოვებინა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით კონცესია 1996 წელს გაუქმდა. ხოლო მისი უფლებები იმხანად ახლად შექმნილ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას გადაეცა. ამის ერთ-ერთი საფუძველი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც, ტრამექსსა და საქნავთობს შორის 1992 წლის შეთანხმებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ვინაიდან საქნავთობს მსგავსი შეთანხმებების გაფორმების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
 
იმ პერიოდში თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საერთაშორისო კონსორციუმთან საქართველოს გავლით კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების თაობაზე. გარიგება ძალაში რომ დარჩენილიყო, მთელი ტრანზიტი ტრამექსის ხელში აღმოჩნდებოდა. შესაბამისად, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ინვესტორებს მოლაპარაკებები ამ კომპანიასთან – Tramex International-თან უნდა ეწარმოებინათ. 
 
Bloomberg Businessweek-ს მოჰყავს შევარდნაძის აპარატის მაშინდელი უფროსის, პეტრე მამრაძის კომენტარი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა თავდაპირველად ფუქსისა და მისი პარტნიორის ექსკლუზიური უფლებების შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, „ეს ნათლად ასახავს ქაოსსა და დეზორგანიზაციას მაშინდელ საქართველოში”. 
 
შევარდნაძის მთავრობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ტრამექსისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ამ კომისიამ დაასკვნა, რომ კომპანიას კომპენსაცია არ ეკუთვნოდა. 
 
2005 წელს Tramex International-ის დამფუძნებლებმა საქართველოს მთავრობას საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის ტრიბუნალში უჩივლეს. კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ ქვეყანაში სატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელეს და 1992-93 წლებისთვის უპრეცედენტო ოდენობის – 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდეს. თუმცა, ამის დოკუმენტურად დადასტურება დღემდე  ვერ შეძლეს. 
 
ქართულმა მხარემ სცადა დაემტკიცებინა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალური იყო, ინვესტორებს მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებიათ და საქართველოში ინვესტიციები არ განუხორციელებიათ. თუმცა, ტრიბუნალმა მიიჩნია, რომ იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა ინვესტორმა ვალდებულებები, მთავრობამ მისი უფლებები შელახა. კერძოდ, ტრამექსისათვის მიცემული უფლებები სხვა კომპანიას – საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას გადასცა, რაც, არბიტრაჟის დასკვნით, საქართველოსა და ისრაელს შორის ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული ქარტიის დარღვევა იყო. ქართული მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ტრამექსის მიერ საქართველოში კონტრაქტების გაფორმების მომენტში საქართველო ამ დოკუმენტების  მხარე არ ყოფილა და კომპანიის წინაშე შესაბამისი ვალდებულებები არ გააჩნია. 
 
არბიტრაჟის მიერ 2010 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს, ბიზნესმენთა სასარგებლოდ დაკარგული შესაძლო მოგების, პროცენტისა და სასამართლო ხარჯების  სახით 98  მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. საქართველოს მთავრობამ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გასული წლის ივნისში გადაწყვიტა. ფუქსმა და მისმა პარტნიორმა არბიტრაჟისგან მოითხოვეს, რომ, ვერდიქტის შეჩერების შემთხვევაში, საქართველოსგან საბანკო გარანტიები მიეღოთ. პარალელურად, დავის მოგვარების მიზნით, ბიზნესმენებმა მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დაიწყეს. 
 
დაკავებულების ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერში საუბარი არა ქრთამის შეთავაზებას, არამედ საქართველოს მიერ გადახდილი თანხის ნაწილის ქვეყანაში ინვესტიციების სახით დაბანდებას ეხებოდა. დაცვის მხარე იმასაც ამტკიცებს, ფუქსი და ფრენკელი საქართველოში მოსალაპარაკებლად ოფიციალური წერილით თავად პრემიერმა გილაურმა მოიწვიაო. წერილში, რომელიც დაცვის მხარეს ხელზე აქვს, პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ბათუმში „უკვე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად”, მორიგების დასასრულებლად და შეთანხებაზე ხელის მოსაწერად ეპატიჟებოდა. ბიზნესმენების საქართველოში მიწვევას ადვოკატები „სპეცოპერაციად” მიიჩნევენ და სამართალდამცავებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავების განმარტებით, დანაშაულისკენ წაქეზება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან  არ მომხდარა, პირიქით – ქრთამის შემოთავაზებას ადგილი არაერთხელ ჰქონდა სწორედ ბიზნესმენების მხრიდან. 
 
როგორც გამოცემა Bloomberg Businessweeek-ს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ განუცხადა, გამოძიებას ბრალდების დასამტკიცებლად ძლიერი მტკიცებულებები აქვს. „ამ საქმის ჭეშმარიტი გარემოებები და არა ფუქსის სპეკულაციები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას ძალზე სერიოზულად ეკიდება, რაც ინვესტორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას შეუწყობს ხელს”. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქმე სასამართლოში განიხილება და მოგვარებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა მთავარი პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ ფუქსის უცხოელმა ადვოკატებმა რამდენჯერმე წამოჭრეს საპროცესო შეთანხმებით საქმის დასრულების საკითხი – ეს ყოველთვის დაცვის მხარის ინიციატივა იყო.
 
ფუქსისა და ფრენკელის დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ისრაელის მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა სატელეფონო საუბრისას მიხეილ საააკაშვილს ბიზნესმენების გათავისუფლება სთხოვა, იგივე მოთხოვნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავიგდორ ლიბერმანმა ქართველ კოლეგას წერილობით წაუყენა. თუმცა, თელ-ავივშიც და თბილისშიც ოფიციალური საუბრებისა და მიმოწერის მკაცრ ხასიათს არ ადასტურებენ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუქსისა და ფრენკელის საქმე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე არ აისახება.  
 
ფუქსის ინტერესებს, ქართველი ადვოკატების გარდა, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, კომპანია Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom პარტნიორი გრეგორი ქრეგი, ასევე ჯულიან ასანჟის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი იცავენ. თბილისში ყოფნისას გრეგორი ქრეგმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ოფიციალური მოწვევით ფუქსის საქართველოში „შემოტყუება” და დაპატიმრება “შოკისმომგვრელია”. მისი აზრით,  ებრაელი ბიზნესმენების საქმე „ქვეყნის რეპუტაციას ძირს გამოუთხრის”. ფუქსის ინტერესების დამცველები  ბიზნესმენთა დაკავების ფაქტის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებასაც გეგმავენ.

კომენტარები