ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო

ანტისახელისუფლებო გამოსვლები სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულოვან სამეფოსაც გადაედო.  ბაჰრეინში, რომლის სათავეშიც უკვე ორასი წელია, ალ ხალიფას სუნიტური დინასტიაა, შიიტი მომიტინგეები პოლიტიკურ რეფორმებს, ხელისუფლების გადადგომას და დიდი ბრიტანეთის მსგავსად „ნამდვილი კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას” ითხოვენ. ქვეყანაში, რომლის სახელიც სიტყვასიტყვით ორ ზღვას ნიშნავს, სუნიტურ მთავრობასა და მოსახლეობის შიიტურ უმრავლესობას (70%) შორის დაპირისპირება უცხო ხილი არ არის. მსგავსი გამოსვლები 90-იან წლებშიც მიმდინარეობდა. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად საპროტესტო აქციები რეგიონში საერთო მღელვარების ფონზე იმართება.

პროტესტის აღსაკვეთად მთავრობამ ძალა გამოიყენა: ასობით ადამიანი დაიჭრა, შვიდი კი გარდაიცვალა.
ექსპერტები უკვე კარგა ხანია ღიად საუბრობენ სამეფო ოჯახში არსებულ დაჯგუფებებზე. მათი თქმით, მეფემ კი არა, მტკიცე კონტროლის მოყვარულებმა უბრძანეს ჯარისკაცებს ცეცხლის გახსნა. მონარქმა დემონსტრანტებთან მოლაპარაკებების ხელმძღვანელად პრინცი სალმან იბნ ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა დანიშნა.
 
თავად მონარქმა 1999 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ რეფორმების გატარება დაიწყო. მან 1975 წელს გაუქმებული პარლამენტი აღადგინა, ქვეყნიდან გაქცეულებს დაბრუნების ნება მისცა და შიშის მთესველი სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოები გაანადგურა.
პრინცმა ბაჰრეინში არსებული აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სკოლა, შემდგომ კი ვაშინგტონში ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა. ის Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ მიმოწერაში დახასიათებულია, როგორც „ძალიან დასავლური თავის მიდგომებში”. მმართველ ოჯახში პრინცი რეფორმატორთა ბანაკთან ასოცირდება.
 
გაურკვეველია, თუ როგორ შეძლებს პრინცი დემონსტრანტებთან მოლაპარაკებას. შიიტების უმრავლესობას პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა სურს, სადაც პარლამენტს საკმარისი უფლებები არ აქვს და ქვეყნის პოლიტიკის წარმართვა ელიტის პრეროგატივაა.
ქუჩაში გამოსულები პრემიერ-მინისტრ ხალიფა იბნ სალმან ალ ხალიფას გადადგომას ითხოვენ. იგი მოქმედი მონარქის ბიძაა. მას თანამდებობა ბოლო 40 წლის განმავლობაში უკავია.
 
Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის დიპლომატიური მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას ნელ-ნელა თავის შვილს აბარებს. შექსპირის არ იყოს, პრემიერ-მინისტრი მეფის ბიძა, პრინცი კი – დიდი ბიძაა.
ბაჰრეინის ქალაქებში გაჩაღებულმა სისხლისღვრამ ქვეყნის ეკონომიკა საფრთხის ქვეშ დააყენა, ხოლო რეპუტაცია შელახა. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინს მცირე ნავთობმარაგი გააჩნია, აქ რეგიონალური საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორი ყვავის. 2011 წლის Economic Freedom Index-ის მიხედვით ბაჰრეინი მე-10 ადგილზეა,ხოლო მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ეკონომიკური პროგრესისა, 2010 წელს Freedom House-მა ბაჰრეინი ნაწილობრივ თავისუფალიდან არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა.     
 
ბაჰრეინში დაძაბულობას რელიგიური ფონის გარდა, უფრო მასშტაბური გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა უწყობს ხელს, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება. აქ ერთდროულად იკვეთება საუდის არაბეთის, ირანისა და აშშ-ის ინტერესები.
 
საუდის არაბეთი შეშფოთებულია ირანის მცდელობით, საკუთარი გავლენა გაავრცელოს მთელ რეგიონში. შიიტური ირანი ბაჰრეინში მოვლენების ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად განვითარებითაა დაინტერესებული. დიდია ალბათობა, რომ მსგავსი მღელვარება საუდის არაბეთის შიიტი მოსახლეობის 20 პროცენტსაც გადაედება. ამის შედეგად ირანსა და სუნიტურ არაბულ სამყაროს შორის სასწორი შიიტური ირანის სასარგებლოდ გადაიხრება. ჯერ გაურკვეველია, რა დოზითაა ირანი ბაჰრეინში მიმდინარე მოვლენებში გარეული. არსებობს კავშირები, მაგრამ იყენებს თუ არა მათ თეირანი, ბოლომდე ცხადი არაა.
 
ბაჰრეინს დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისათვისაც, რადგან იქ ამერიკის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტია განლაგებული. ეს ფაქტორი ირანის საპირწონედ ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ბაზა სპარსეთის ყურეში, წითელი და არაბეთის ზღვებისა და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებთან განლაგებული აშშ-ის საზღვაო ძალებზეა პასუხისმგებელი. ბაჰრეინი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის თავდაცვის არქიტექტურაში კიდევ ერთი ბოძია. სუნიტი მეფე, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა, ირანის შიიტური თეოკრატიის წინააღმდეგ ვაშინგტონის ერთგული მოკავშირეა. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ მიმოწერაში, ის ამერიკას მოუწოდებდა ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად ომი დაეწყო.
 
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთს შეერთებული შტატებისათვის უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, როგორ მოახერხებს ამერიკა ერთდროულად სტრატეგიული ინტერესებისა და დემოკრატიის ხელშეწყობას.
 
ობამას ჯერ არ გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ბაჰრეინის მმართველის მიმართ, როგორც ამას ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის შემთხვევაში აკეთებდა. მსგავსი ნაბიჯი შეერთებული შტატებისათვის უფრო დამანგრეველი იქნება, რადგან ჯერ კიდევ ორი თვის წინ, ის ბაჰრეინს ამ რეგიონში რეფორმატორის მოდელად განიხილავდა.

კომენტარები