საქართველო-ევროკავშირი: ვაჭრობა თავისუფალი ვაჭრობისათვის

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჭიანურდება. პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული ურთიერთობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია.   მოულოდნელი სირთულეების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ 12 თებერვალს EUobserver.com-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
გორდაძის თქმით, 2008 წელს საქართველოს წინაშე „საკმაოდ სერიოზული წინაპირობები” დააყენეს, რაც ქართულმა მხარემ შეასრულა. “მაგალითად, ჩვენ ცალმხრივად გავაუქმეთ გადასახადები ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის 86%-ზე და გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ სურსათის უვნებლობის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით”, – განაცხადა გორდაძემ.
 
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე” (DCFTA) მოლაპარაკებების დასაწყებად დროულად და გადაჭარბებითაც შესრულდა. ეს რეკომენდაციები ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს, სურსათის უვნებლობას, ინტელექტუალური საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვას ეხებოდა. თბილისმა მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ბრიუსელიდან მოულოდნელად ახალი მოთხოვნები მიიღო.
 
თორნიკე გორდაძის განმარტებით, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მას „შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მათ  წინაპირობები შეცვალეს”. ანუ ის პირობები, რაც მოლაპარაკებების დასრულებისთვის უნდა დაკმაყოფილებულიყო, ახლა დაწყების წინაპირობად დასახელდა.
 
ტაბულას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც მოლაპარაკებების დასაწყებად დამატებითი პირობები იყო ჩამოთვლილი. მათ შორის რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელთა გადაწყვეტა უკვე მოლაპარაკებების პროცესში იყო დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების დაცვას შეეხება. თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე სახელმწიფო ორგანოები მოკვლევას მხოლოდ სასამართლოში მიმართვის საფუძველზე იწყებენ, ევროკავშირის ახალი რეკომენდაციები სახელმწიფოს „პროაქტიური” პოლიტიკის მოთხოვნას შეიცავს. ეს ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ფაქტების (მაგ. ყალბი აუდიო და ვიდეოდისკების და ა. შ.) გამოვლენის მიზნით ინსპექტირებებისა და რეიდების ჩატარებას.
 
მოლაპარაკებების წინაპირობად ისეთი საკითხებიც დასახელდა, რაც აქამდე მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა – კერძოდ, სახელმწიფო სექტორის რეფორმირება, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში იმ სტრუქტურებისა და ხარჯების ასახვა, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსა და მის იმპლემეტაციასთან იქნება დაკავშირებული.  
 
მოთხოვნების შეცვლა, „მოძრავი მიზნები” და ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის პოლიტიკისათვის უცხო არც აქამდე ყოფილა. დეკემბერში რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ გერმანია და საფრანგეთი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. იგი ამ ქვეყნებს ბრალს სდებდა, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას, რაც მიმდინარე წლის მარტში იგეგმებოდა, ფაქტობრივად ვეტო დაადეს. ბრიუსელის დადებითი დასკვნის მიუხედავად, პარიზსა და ბერლინში მიიჩნიეს, რომ რუმინეთი ამისთვის ყველა პირობას ვერ აკმაყოფილებს. შენიშვნები კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო რეფორმებს ეხებოდა. შესაბამისად, ბრიუსელმა შენგენში გასაწევრიანებლად ქვეყანას ახალი პირობები წაუყენა.  
 
ევროკავშირის ხელმძღვანელობაშიც კი აღიარებენ, რომ ობიექტური შიდა სიძნელეების მიუხედავად, პრობლემას პოლიტიკური მიზეზებიც გააჩნია. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მცდელობებით „თამაშის წესები შეცვალონ” და „მოძრავი მიზნები” დააწესონ, რომელთა მიღწევა გაერთიანების ახალი წევრებისათვის რთულია. ზოგიერთი ანალიტიკოსი რუმინეთის მიმართ დამოკიდებულებას „შურისძიების” მოტივით ხსნის და საფრანგეთიდან რუმინეთის მოქალაქე ბოშების მასობრივი დეპორტაციის კრიტიკის უკავშირებს. საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის მოულოდნელ შეცვლას ექსპერტები ამ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებსაც აბრალებენ – წელს გერმანიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, საფრანგეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს გაიმართება. მიგრაციის თემა ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენს.  
 
საქართველოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული პრობლემები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბოლო დრომდე არ ჰქონია ლიბიას. ლიბიასთან ჩარჩო შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე საუბარი ევროკავშირმა 2008 წელს წამოიწყო.   ბრიუსელმა პროცესი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მუამარ კადაფის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია  გამოიყენა.
 
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის მიერ ახალი პირობების წაყენება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილს უკავშირდება. ამ ფაქტს საქართველო სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე ლეგიტიმური  სასაზღვრო რეჟიმის აღდგენამდე ეწინააღმდეგება. “ზოგიერთები  ამბობენ, რომ ეს ცვლილება შესაძლოა, იყოს გარკვეული ირიბი ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან, რათა აღარ გავწიოთ წინააღმდეგობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ასე არ არის”, – აღნიშნა თორნიკე გორდაძემ. ოფიციალურ თბილისს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას მანამ არ დათანხმდება, სანამ მოსკოვი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად არ იმოქმედებს და საქართველოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.

კომენტარები