საპროტეტსო ტალღა ალჟირში

12 თებერვალს დედაქალაქის მთავარი მოედანი ათასობით უკმაყოფილო მოქალაქით გაივსო. „ჩვენი ხელისუფლება „დემოკრატიულობას” იჩემებს, არადა ხალხი მას რეპრესიულობისა და არალეგალურობისთვის დევნის”, – აცხადებდნენ არსებული რეჟიმის ათწლოვანი დიქტატურით, ცხოვრების დაბალი დონითა და კატასტროფულად მზარდი ფასებით შეწუხებული დემონსტრანტები.
 
ალჟირი მსოფლიოსთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების მხრივ ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკის 95%-ს  შეადგენს. ნავთობით ბიუჯეტში ყოველწლიურად 155 მილიარდი დოლარი შედის, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ქვეყნის ხელისუფლება ვერ ახერხებს. მოქალაქეები აუტანელ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ქვეყნის მოსახლეობის 23% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
ალჟირელი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა უმუშევრობაა, ამ მაჩვენებლით იგი 110-ე ქვეყანაა მსოფლიო რეიტინგში. ქვეყნის ეკონომიკას ძირითადად სახელმწიფო აკონტროლებს და შედეგად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 132 ადგილს იკავებს.
 
კორუფცია ალჟირის მოუგვარებელი პრობლემაა – სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ეს ინდიკატორი კიდევ უფრო გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის წელს იგი 111-ე ადგილს იკავებს.     ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობის მთავარი მიზეზი სწორედ კორუფცია და სუსტი სასამართლო სისტემაა. ინვესტორთათვის თავისუფლების დონე აქ 20 ქულითაა შეფასებული, როცა საშუალოდ ეს მაჩვენებელი 50-ს მაინც უნდა უდრიდეს. ბიზნესის კეთების სიადვილითაც ალჟირი არამიმზიდველი ქვეყანაა – მსოფლიო რეიტინგში 136-ე ადგილზეა.
 
არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყნის საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. Freedom House-ის შეფასებით, ალჟირი პოლიტიკურად არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება.
 
1962 წელს საფრანგეთისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყნის მმართველობა სამხედრო გაერთიანება ეროვნულ განმათავისუფლებელმა ფრონტმა ჩაიბარა. ოცი წლის განმავლობაში ისინი ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკას იმდროისათვის პოპულარული სოციალიზმის საფუძველზე აშენებდნენ. ამან 1980-იან წლებში ქვეყანა კრიზისულ ზღვარს მიუახლოვა.
 
ამით ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ისარგებლეს და საკუთარი იდეოლოგიის პოპულარიზაცია ეთნიკურად ჭრელ ალჟირში მალე მოახერხეს. შედეგად, 1991 წელს დანიშნული მრავალპარტიული არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს. შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა  არჩევნების მეორე ტური უბრალოდ ჩაშალეს და ძალის გამოყენებით კვლავ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.     
 
გადარჩენის ისლამისტურ ფრონტს ქვეყანაში მოღვაწეობა საერთოდ აეკრძალა. ამან რელიგიურ ალიანსს ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისაკენ უბიძგა. მათ ტაქტიკა ხელისუფლებისა და საზოგადოების დაშინებაზე დააფუძნეს. დაპირისპირება მსხვილმასშტაბიან სამოქალაქო ომად იქცა და დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა.
 
შედარებითი სიმშვიდე 1999 წელს, ხელისუფლებაში ნაციონალური თავისუფლების ფრონტის ლიდერის, აბდულაზიზ ბუტეფლიკას მოსვლით დამყარდა. თუმცა 11-წლიანი მმართველობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ქვეყნის შიდა კონფლიქტის აღმოფხვრა. ამას დაემატა სოციალური პრობლემებიც და აბდულაზიზის მმართველობის დამხობა თითოეული ალჟირელის თვითმიზნად იქცა.
 
მეზობელი სახელმწიფოების მაგალითით შეშინებულმა ალჟირის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ყველა რესურსი გამოიყენა. მოწმეების მტკიცებით, სამართალდამცავები დემონსტრანტებზე რაოდენობრივად გაცილებით მეტნი იყვნენ. ისინი წინ გადაუდგნენ მანიფესტანტთა მარშს და მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. „უკვე დიდი ხანია, ასე განსაზღვრავს ძალა ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში”, – განუცხადა Reuters-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს 14 დემონსტრანტი და მალევე გაათავისუფლეს. სხვა წყაროების მიხედვით კი, 1000-მდე ადამიანია დაკავებული და მათგან დაახლოებით 100 –  ქალია.
ალჟირის ხელისუფლება ძალებს არ იშურებს, მაგრამ ტუნისელი და ეგვიპტელი ხალხის გამარჯვების შემდეგ ალჟირელების შეჩერება ადვილი საქმე ნამდვილად აღარ იქნება. საზოგადოება ახალი საპროტესტო აქციების სერიით იმუქრება.

კომენტარები