ქართული ძიუდოს შედეგები სულ უფრო უარესდება

ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა ისეთ შედეგს, რომელიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აჩვენა. მსოფლიო თასის გათამაშებაზე, სადაც არცთუ ისე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ქართველებს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ.

ამ ტურნირზე ქვეყნის პირველი ნომრები ნამდვილად არ წასულან, მაგრამ არც სხვა ქვეყნებს ყავდათ უძლიერესი შემადგენლობები ჩაყვანილი. რაც მთავარია, მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ საერთოდ გუნდიც კი არ გამოიყვანა შეჯიბრებაზე.

აქედან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენი იყო ის, რაც ვარშავულ ტატამზე მოხდა. ორი დღის განმავლობაში საჭიდაოდ გამოსული რვა ქართველიდან მეოთხედფინალში გასვლაც კი ვერავინ შეძლო. მედლის აღებაზე საერთოდ ლაპარაკიც აღარაა.

ის კი არადა, ტურნირზე ზედიზედ ორი შეხვედრის მოგებაც მხოლოდ ორმა ქართველმა მოახერხა - ამბაკო ავალიანმა (73 კგ.) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ.). დანარჩენები ან პირველივე დაპირისპირებაში ამთავრებდნენ შეჯიბრებას, ან კიდე მაქსიმუმ მეორე წრეში გადიოდნენ.

ქართველებიდან ვარშავაში შემდეგი შემადგენლობა გამოვიდა: 60 კგ. დავით ასუმბანი, 66 კგ. გიორგი შოშიაშვილი, 73 კგ. ამბაკო ავალიანი და თენგიზ პაპოშვილი, 81 კგ. პაატა ღვინიაშვილი, 90 კგ. გიორგი ცოციაშვილი, 100 კგ. დავით ლორიაშვილი, +100 კგ. ადამ უქრუაშვილი.

ერთი სიტყვით, პოლონურმა მსოფლიო თასმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ქართულ ძიუდოში საუკეთესო დროება არ დგას. მწვრთნელებს უკვე ორ თვეზე ნაკლები დარჩათ სტამბოლში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე და შესაბამისად, ნაკრებში სიტუაციის გამოსასწორებლადაც. ახლანდელი სურათი კი ერთის თქმის საფუძველს გვაძლევს - შედეგები ტურნირიდან ტურნირამდე უარესდება.

ამასობაში ნაკრების პირველი ნომრობის უმთავრესი კანდიდატები, მთავარი მწვრთნელის პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით იაპონიაში გადიან შეკრებას. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და  გაერთიანებული გუნდი ერთობლივად განაგრძობს ვარჯიშს.

კომენტარები