ფრანგი მინისტრების უიღბლო შვებულება

გასულ ნოემბერს,  საფრანგეთის მთავრობის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობის შეცვლა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთვის მომგებიანი სვლა ვერ აღმოჩნდა. პრეზიდენტმა თანამდებობაზე დატოვა პოპულარული პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად გამოცდილი გოლისტი ვეტერანი ქალბატონი მიშელ ალიო-მარი დანიშნა. სიფრთხილემ საფრანგეთის მთავრობას სკანდალი თავიდან  ვერ აარიდა.
 
ხმაური ასე დაიწყო: თებერვლის დასაწყისში გაირკვა, რომ საახალწლო შვებულება ფიიონის ოჯახმა ეგვიპტეში აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობის ფინანსების წყალობით გაატარა. აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის სასტუმროს ხარჯები, ნილოსზე ექსკურსია და თვითმფრინავით ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება მთლიანად ეგვიპტურმა მხარემ უზრუნველყო.
 
ფიიონი  საფრანგეთის მთავრობის ერთადერთი მაღალჩინოსანი როდია, რომელმაც ჩრდილოეთ აფრიკის მთავრობების სტუმართმოყვარეობა იგემა. იანვარში, სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები ძალას იკრებდა, ტუნისს ალიო-მარი   ესტუმრა. მინისტრს პარტნიორი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი პატრიკ ოლიეც ახლდა. ფრანგმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ალიო-მარიმ ექსკურსიისთვის ადგილობრივი მსხვილი ბიზნესმენის პირადი თვითმფრინავით ისარგებლა. ტუნისელი ბიზნესმენი საპროტესტო აქციების შედეგად განდევნილ პრეზიდენტ ზაინ ბენ ალისთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა. უკან დაბრუნებული ალიო-მარის განცხადებამ – გასაჭირში მყოფ ბენ ალის  საფრანგეთი უშიშროების სპეცდანაყოფებით დახმარებოდა –  არაერთი კითხვის ნიშანი დაბადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის კლანის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან გაზეთ Le Parisien-ს განუმარტა, რომ არ ეგონა, თუ ამ ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვებოდა.
ახლანდელ პოსტზე დანიშვნამდე, ალიო-მარი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე იუსტიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1999-2002 წლებში იგი ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკის პარტიის – გაერთიანება რესპუბლიკისათვის ლიდერი იყო. ალიო-მარის მთავრობაში მუშაობის 25-წლიანი სტაჟი გააჩნია.  
პრემიერ-მინისტრ ფიიონს კი გამოცდილი ფინანსური მენეჯერის რეპუტაცია აქვს. ის ერთ-ერთი პირველი ფრანგი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელმაც ელექტორატი სახელმწიფოს გაკოტრების შესახებ გააფრთხილა.
 
ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩინეს, რომ ფრანგ მაღალჩინოსნებს ჩრდილოეთ აფრიკის რეჟიმებთან ახლო ურთიერთობები აქვთ და ეს ხშირად პოლიტიკურ ჩარჩოებს სცდება. სკანდალი  ტუნისისა და ეგვიპტის საპროტესტო აქციებმა გაამძაფრეს. შესაბამისად, ორივე მინისტრი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. სარკოზიმ კი სულაც ახალი წესები შემოიღო – ამიერიდან მაღალი თანამდებობის პირებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ საფრანგეთის საზღვრებს გარეთ დასვენებისთვის. მათი შვებულება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასთან უნდა თავსდებოდეს.
 

ოპოზიცია მთავრობის წაფორხილებით სარგებლობს. სარკოზის ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და 30 პროცენტს ჩამოსცდა. დაიწია პრემიერ-მინისტრ ფიიონის პოპულარობამაც, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად მოიაზრება. მედიაში ანეკდოტები და სარკასტული მინიშნებებიც არ წყდება, მაგალითად: რატომ არ გადაედოთ საპროტესტო აქციები სხვა არაბულ ქვეყნებს? პასუხი: იმიტომ, რომ ფრანგ მინისტრებს შვებულება იქ არ გაუტარებიათ.
სკანდალი ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთის სუსტი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა. ამის დასტურეად სარკოზის ინიციატივით 2008 წელს ჩამოყალიბებული ხმელთაშუა ზღვის კავშირიც გამოდგება, რომლის წევრი ქვეყნების ლიდერები მას შემდეგ აღარც შეკრებილან. ბოლო დრომდე ორგანიზაციის თანაპრეზიდენტი სარკოზისთან ერთად სწორედ მუბარაქი იყო.
 
ფრანგული საზოგადოება თანამდებობის პირების ამგვარ ქცევას ადრე ყურადღებას არ აქცევდა. ექსპრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი მუბარაქის ხშირი სტუმარი იყო, ჩრდილოაფრიკელი მასპინძლების მიერ ფრანგი პოლიტიკოსების შვებულების დაფინანსება კი ახალი მოვლენა სულაც არ არის. ფრანგები განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ მთავრობა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო მათ ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებდა, სხვა სახელმწიფოში ნებივრობდა. თავად სარკოზიმაც განაცხადა, რომ დრო შეიცვალა და ამბავმა, რომელსაც ადრე ჩვეულებრივად აღიქვამდნენ, დღეს საზოგადოება შეიძლება შოკში ჩააგდოს.
 
საფრანგეთის პრეზიდენტს მდგომარეობის შეცვლისა და საზოგადოების თავის სასარგებლოდ გაოცებისათვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

კომენტარები