ვერა ქობალია

მთავარი გამოწვევა ინფლაციაა

“რომ არა საპრივატიზაციო პროცესი და საინვესტიციო მიმართულება, ეკონომიკის სამინისტრო დღესვე გასაუქმებელი იქნებოდა. იმედია, რამდენიმე წელიწადში ეს ასეც მოხდება”, —  ვერა ქობალია
ქართული ეკონომიკის გამოწვევებსა და მიღწევებზე ტაბულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას ესაუბრა.

 რა მიგაჩნიათ ქართული ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად?
 
დღეს მთავარი გამოწვევა ინფლაციაა. სურსათის ფასების მატება განსაკუთრებით მტკივნეულია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი დაბალია და მთელი ფული საკვებზე იხარჯება. განვითარებული ქვეყნები, მაგალითად აშშ ან კანადა, განიცდის ინფლაციას, მაგრამ იქ ხალხს შემოსავალი მაღალი აქვს და ეს პროცესი ისე არ აწუხებს, როგორც ჩვენს მოსახლეობას. 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ჩინეთი ახსენა, როგორც ინფლაციის წყარო, რის გამოც ის გააკრიტიკეს. რა არის ამაში გაუგებარი? ცხადია, მილიარდიანი ქვეყნის საშუალო კლასი როდესაც ვითარდება, მისი მოთხოვნაც იზრდება და დივერსიფიცირებული ხდება, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა ფასების მატებას იწვევს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზეც. ამაზე მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტი კი არა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები საუბრობენ – მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი. 

იმისთვის, რომ საქართველომ უკეთ გაუძლოს გამოწვევებს, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა და პოლიტიკური სპექტრი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის მომავალს. მე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და იქიდან ვადევნებდი თვალყურს 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა უკან დაგვხია, ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა და ბევრი ინვესტიცია დაგვაკარგინა. 

ინვესტორებს ჩვენი მეზობელი რუსეთიც აფრთხობს, ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანამ შეიძლება სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგას. მეორე მხრივ, დადებითად მოქმედებს ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და პოლიტიკური შიდააშლილობის მიუხედავად, წინ მივდივართ და ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორ გზას ვადგავართ. 

 მილტონ ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, ინფლაცია ყველგან და ყოველთვის მონეტარული ფენომენია. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ინფლაციას მთავრობის მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი?

მონეტარული პოლიტიკაც რასაკვირველია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი და არა – ერთადერთი. რთულია განსაზღვრო მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა რომელმა ნაბიჯმა გამოიწვია ინფლაცია. ეს რომ ცხადი იყოს, რასაკვირველია არ გადავდგამდით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ორნიშნა ინფლაცია შემცირდეს. ვფიქრობ, წლის განმავლობაში ამ მიზანს მივაღწევთ.

 საქართველო ერთი მხრივ ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს, მეორე მხრივ – მაგალითებად შვეიცარიას და სინგაპურს ასახელებს, მაშინ როდესაც არც ერთი ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის… 

გამეცინა პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფი რომ მოვიდა ბანერებით “ევროპა ვერსუს სინგაპური”. ეს შეცდომაა, რეალობა სხვანაირია – “ევროპა პლუს სინგაპური”. 

ბევრი კრიტიკა მესმის იმასთან დაკავშირებით, რომ სინგაპური იმიტომ დავიჩემეთ, რომ იქ ტოტალიტარული რეჟიმია და მაინცდამაინც მაგაში გვინდა დავემსგავსოთ. ეს ასე არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ხალხს კევის ღეჭვა ავუკრძალოთ. კრიტიკოსებმა მეტი უნდა იფიქრონ, ვიდრე გაგვაკრიტიკებენ – გაიაზრონ სად მდებარეობს სინგაპური, რა ზომისაა, რამდენად რთული მეზობელი ჰყავს და მიხვდებიან რატომ ვავლებთ პარალელს ამ ქვეყანასთან. ჩვენ სინგაპურს ეკონომიკურ პოლიტიკაში მივიჩნევთ სამაგალითოდ და არა პოლიტიკური სისტემის კუთხით. გვაქვს იმის საშუალება, რომ გავიაზროთ რა ელემენტები გავითვალისწინოთ და რა შეცდომებზე ვისწავლოთ. 

ამას გარდა, ჩვენ სხვა არაევროპული ქვეყნების მაგალითებსაც ვითვალისწინებთ. მაგალითად, თურქეთი ავიღოთ – 20 წლის წინ, თურქეთს არანაირი ტურისტული პოლიტიკა არ გააჩნდა. დღეს მათ 25-წლიანი ტურისტული გეგმა აქვთ და მკაფიოდ განსაზღვრული აქვთ რა მიმართულებები აინტერესებთ. 

არ გჭირდება ეკონომისტობა იმისთვის, რომ თურქეთში მოგზაურობისას ამას მიხვდე. სერვისი აიღეთ – ყავას შეუკვეთავ და თვალის დახამხამებაში მოგართმევენ – ხვდები, რომ ტურიზმის განვითარებაზე უკლებლივ ყველა მუშაობს, იმიტომ რომ ამით თავად ხალხი რჩება მოგებული. 

ჩვენ შეგვიძლია გულზე ხელები დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ საქართველო ლამაზია, ღვინო გვაქვს, აქ ტურისტი მაინც ჩამოვა – მაგრამ ასე წინ ვერ წავალთ. იმისთვის, რომ მაქსიმუმი მივიღოთ, ძალიან ბევრი შრომა უნდა ჩავდოთ, არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ მოსახლეობამაც. შეიძლება ჩვენი თაობა ვერ მოესწროს წარმოუდგენელ სიმაღლეებს, მაგრამ მომავალ თაობებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ კარგად იცხოვრონ. 

 რა გზით?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ლიბერალური ეკონომიკური კურსის შენარჩუნება, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, ამაზე უკეთესს ბიზნესს ვერაფერს შევთავაზებთ, იმისთვის რომ განვითარდეს. ხშირად მესმის, რომ უცხოელ ინვესტორებზე აქცენტირება ხელისუფლების მხრიდან გაღიზიანებას იწვევს. ამბობენ, რომ ყველაფერი თუ უცხოელებმა იყიდეს, ქართველებს აღარაფერი დარჩებათ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველი ხალხი დასაქმდეს და შემოსავალი გაუჩნდეს. თუ შემოსავალი არ ექნათ, თავიანთ, თუნდაც მცირე ბიზნესს რით დაიწყებენ? 

ინვესტორი როდესაც შემოდის, ლამაზ ბუნებას კი არ უყურებს, ციფრებს აქცევს ყურადღებას. იცის, რომ მოსახლეობა 4.5 მილიონია, ეს კი ის ბაზარი არ არის, რომ დიდი კომპანია შემოვიდეს. ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ – ლიბერალური საინვესტიციო გარემოა. ამიტომ ვსაუბრობთ ყოველთვის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგზე, ამიტომ გვიხარია, რომ რეფორმატორი ქვეყანა ვართ და ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ. სხვა გზა არ არსებობს.

თუმცა არ ვფიქრობ, რომ ყველაფერში ლიბერალური მიდგომა გაამართლებს. როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, ლიბერალური ვერ იქნები, იქ უნდა არსებობდეს სტანდარტი და ეს სტანდარტი დაცული უნდა იყოს. ვგულისხმობ ავიაციას, საზღვაო სფეროს. 

 რას მიიჩნევთ საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით?

თუ რეგიონად სამხრეთ კავკასიას ავიღებთ, შემდეგ სურათს ვიღებთ: აზერბაიჯანს აქვს ნავთობი. სომხეთს კი ძლიერი და აქტიური დიასპორა. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც ძლიერი დიასპორა. ერთადერთი, რითაც ჩვენ შეგვიძლია მათ შევეჯიბროთ – ლიბერალური და არაკორუმპირებული ბიზნესგარემოა და ბიზნესის დაწყების მარტივი წესები. ამას გარდა, ჩვენი მონაპოვარია ადამიანური კაპიტალი. საქართველოში მოსახლეობის  თითქმის 100% წიგნიერია. 

ჩვენ ფული უნდა ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში – იქნება ეს გზები, წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა – და ვდებთ კიდეც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. 

ახლახან მქონდა შეხვედრა ყატარის ფინანსთა მინისტრთან. ყველამ იცის, რომ ნავთობის გამო, ეს უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მათ ისიც კარგად ესმით, რომ დღეს, როდესაც ელექტრომანქანებს იგონებენ, ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. ამიტომ უამრავ ფულს დებენ განათლებაში, რომ ადამიანური კაპიტალი შექმნან და ნავთობი სპეციალისტებით ჩაანაცვლონ.

ჩვენ, ბუნებრივია, იმ მასშტაბის ფინანსური რესურსი არ გვაქვს, რაც ყატარს, მაგრამ განათლებაში ფულის ჩადებას პრიორიტეტად მივიჩნევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღისთვის. 

 პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, პრეზიდენტმა სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობაზე ისაუბრა. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი თანამშრომლობა?

მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის. რასაკვირველია კარგია, ექსპორტს გავზრდით, მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იმპორტის შემცირებაა. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტი ადგილზე ვაწარმოოთ და ადგილობრივი მოთხოვნა, საქართველოში წარმოებული პროდუქტით დავაკმაყოფილოთ. ეს ინფლაციის გამომწვევ გარე ფაქტორებზე ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდის. პრეზიდენტმა ლოჯისტიკურ ცენტრებზე, იგივე სასაწყობე მეურნეობებზე ისაუბრა – ხშირად ხდება, რომ გლეხი იმაზე მეტს არ აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს ან მალევე გაყიდის, რადგან მალფუჭებადი პროდუქტის შესანახი პირობები არ აქვს. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ისეთი საწყობები, სადაც მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობები უზრუნველყოფილი იქნება და მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ბაზარზე გატანას. ეს ექსპორტის კუთხითაც მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი ბაზარი რუსეთი აღარ არის, სადაც ერთჯერადად შეიტანდი პროდუქტს და მერე შეგეძლო სულ აღარ შეგეტანა, აღარავინ გთხოვდა. თუ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა გვინდა, სტაბილური მიწოდება უნდა უზრუნველვყოთ. თანამედროვე საწყობის გარეშე – ეს შეუძლებელია.

 სურსათისა და ელექტროენერგიის ვაუჩერებს იღებს ყველა, განურჩევლად იმისა – სჭირდება თუ არა. რამდენად სამართლიანია ეს პოლიტიკა? 

გასაგებია კრიტიკოსების არგუმენტი, რომ თუ სურსათზე და ელექტროენერგიაზე ვაუჩერებს ვარიგებთ, სჯობს ისინი უკიდურესად გაჭირვებულებს მივცეთ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც ულხინს. ინფლაციამ ყველას დაარტყა, უკიდურესად გაჭირვებულსაც და ნაკლებად გაჭირვებულსაც. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას მივცეთ და მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ გამოიყენონ ეს დახმარება, თუ ქველმოქმედება გამოიჩინონ და სხვას გადასცენ. მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. 
 
 როგორ მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი?

დღეს გუბერნატორებს შევხვდი და პრივატიზაციის საკითხებზეც ვიმსჯელეთ. საქმე წინ მიდის. განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც დაინტერესებული ბიზნესმენები ჯერ კიდევ ელოდნენ, როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები. გაყიდვა პანაცეა არ არის – მნიშვნელოვანია, რომ რასაც გავყიდით – განვითარდეს, ხალხი დასაქმდეს და ფული მოიტანოს. ახლა აქცენტი უნდა გადავიდეს რეგიონებზე. კარგი იქნება, თუ ადგილობრივებზე მოხდება განკერძოება. ვფიქრობ, ისინი უკეთ შეძლებენ რეგიონის საჭიროებების სწორად განსაზღვრას.  

პრივატიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საავადმყოფოების განკერძოებაა. აუცილებელია, რომ საავადმყოფოები მათ იყიდონ, ვინც პროფილს შეინარჩუნებს. პროფილის შენარჩუნებას ის შეძლებს, ვისაც სამედიცინო ბიზნესი ესმის. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხს ისე, როგორც ბიზნესმენი, რომელსაც ეს საქმე ესმის. ბუნებრივია, ხარისხის მახასიათებლები პრივატიზაციის პირობებში შედის. 

 ორი სიტყვით საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტების შესახებ.

სოფლის მეურნეობაზე უკვე ვისაუბრე – ამ სფეროში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული და წარმოება ძალიან დაბალია, რაც სამწუხაროა. ტურიზმის სექტორი – ამ სფეროში უამრავ ადამიანს შეუძლია დასაქმდეს. სამწუხაროდ, ისევ ცოცხალია საბჭოთა მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დაწესებულებაში არ მუშაობ, უმუშევარი ხარ. 

სერვისის სფეროში დასაქმება ადამიანებს ეთაკილებათ, ფიქრობენ, რომ სხვისი მომსახურება სირცხვილია. ეს არასწორია. შენ თუ სხვას ემსახურები, ის შენ გემსახურება, რადგან ფულს გიხდის. 

ჰიდროენერგოპოტენციალი – ჩვენ უზარმაზარი რესურსი გვაქვს ასათვისებელი, მაშინ როდესაც თურქეთი ელექტროენერგიის ნაკლებობას განიცდის. 

განათლება – ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს ის პროფესია აირჩიონ, ბუნებრივია, პირველ რიგში, რომელიც აინტერესებთ და ამას გარდა, რომელზეც მოთხოვნაა – ასეთი სფეროა საინფორმაციო ტექნოლოგიები. 

საქართველოში დღეს ყველას იურისტობა და ეკონომისტობა სურს, მაშინ როცა საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტის მოძიება ძალიან ჭირს. ვის სჭირდება ამდენი იურისტი და ეკონომისტი?

 საჭიროა თუ არა ეკონომიკის სამინისტრო?

ეს კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ – არა. აგიხსნით რატომ – რაც ნაკლები იქნება ბიუროკრატია, მით უკეთესი. რომ არა საპრივატიზაციო პროცესი და საინვესტიციო მიმართულება, ეკონომიკის სამინისტრო დღესვე გასაუქმებელი იქნებოდა. იმედია, რამდენიმე წელიწადში ეს ასეც მოხდება.

კომენტარები