სასწორზე შეგდებული სიცოცხლე

სარკეში ჩახედვა მთელი ცერემონიალია. თურმე ნუ იტყვით, ხშირად მომხიბვლელი ადამიანებიც კი საკუთარ ანარეკლს თვალს არიდებენ. ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთ გარეგნობას სარკეში ცქერისას, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: თუ  ცოტა ხნის წინ  მსუყე სადილი მიირთვით, მეზობელმა უტაქტოდ მოგახალათ, რომ წონაში მოიმატეთ ან ღმერთი გაგიწყრათ და მოდის ჟურნალი დაათვალიერეთ, შესაძლოა, თავი არასაკმარისად გამხდარი, მომთხოვნი საზოგადოებისთვის არასაკმარისად შესაფერისი ან მეტიც, უშნო მოგეჩვენოთ. 

წვრილი კანჭები, გამოკვეთილი ნეკნები, პატარა მკერდი და ძვალამოჩრილი მხრები – გოგონას, რომელიც დღეს მოდელის თავბრუდამხვევი კარიერისთვის იქნებოდა განწირული, ოდესღაც ალბათ აწოწილს, ძვლების გროვას, ან სულაც, უვარგისს უწოდებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად ვერ გახდებოდა ამა თუ იმ ცნობილი ხელოვანის მუზა, ზოგიერთ კულტურაში კი სიმდიდრისა და ნაყოფიერების ნამდვილი ანტიპოდი იქნებოდა.  

იდეალური წონის აღქმა დღესაც კი მრავალგვარია. შორს რომ არ წავიდეთ, თუ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სტუმრად ჩასულს მოგახარეს, რომ წონაში მოიმატეთ, გული არ გეტკინოთ. ამით მხოლოდ თქვენი შექება სურთ. 

ეს – ლოკალურად. ისე კი, ზოგადი ტენდენცია მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ერთმნიშვნელოვანია: მაღაზიების ვიტრინებიდან მომზირალ მანეკენებზე ჩამოცმული კაბები სულ უფრო მცირე ზომის ხდება. ჭარბი წონა გარშემომყოფების ესთეტიკურ ღირებულებებზე ძალადობად აღიქმება. ასეთია გარეგნობის მიმართ წაყენებული თანამედროვე  მოთხოვნა. სამაგიეროდ, რეალობაა განსხვავებული: სანამ  მოდელები პოდიუმზე შიმშილით გულწასულები ეცემიან, სხვები კი ყოველი ორშაბათიდან ახალ დიეტას იწყებენ, მსოფლიოში მსუქნების რაოდენობა განუხრელად იზრდება.

4 თებერვალს, გავლენიანმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet გამოაქვეყნა კვლევა, რომლის შედეგების თანახმად, სიმსუქნის მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით უკანასკნელი 30 წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა. კვლევის ფარგლებში  გაითვალისწინეს სამედიცინო მონაცემები მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნებიდან. შედეგად განისაზღვრა, თუ როგორ შეიცვალა 1980 წლიდან 2008 წლამდე ადამიანების სხეულის მასის ინდექსი, სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონე. უკანასკნელი ორი რისკ-ფაქტორი დასავლეთ სამყაროს ქვეყნებში შემცირებულია. სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ სულ ახლახან, 2008 წლისთვის დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანი მსუქანი იყო და მათ უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ. კვლევამ კარგად აჩვენა ისიც, რომ  80-იანი წლებისთვის სიმსუქნე მდიდარი სამყაროს დამახასიათებელი ფენომენი გახლდათ. დღეს ეს საყოველთაო პრობლემად იქცა. თუ რუკას დავხედავთ, ვნახავთ, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის სიმსუქნის დონე ყველაზე მაღალი აშშ-შია. მაჩვენებელი მომატებულია ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილსა და ავსტრალიაშიც.  

მსოფლიოს მასის ინდექსის რუკაზე წონის მატება საქართველოშიც აღინიშნება. თუ 80-იანი წლებისთვის ნორმალური წონის ჯგუფში ვხვდებოდით, ახლა ჭარბი წონის ჯგუფში გადავედით. ქართველი ენდოკრინოლოგებიც ადასტურებენ, რომ ზოგად ტენდენციას არ ჩამოვრჩებით და სიმსუქნის ხარისხის მატება აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მედიცინის დოქტორის, ექიმ-ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის თქმით, სიმსუქნის პათოლოგიის გამოვლინებამ საქართველოში ორ-სამჯერ მაინც მოიმატა. 

ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც ესადაგება. მათი მიხედვით, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 2009 წლისთვის წინა რვა წელთან შედარებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა. მონაცემთა ცვლილება დაავადებათა დარეგისტრირების რაოდენობის ზრდასაც შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: როდესაც ადამიანს აღენიშნება ჭარბი წონა და მით უმეტეს, სიმსუქნის ხარისხი, ეს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს წარმოშობს. სიმსუქნე და მისგან გამოწვეული შედეგები ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ინფარქტი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა, დისკომფორტი, რომელსაც იწვევს ჭარბთმიანობა, ოფლიანობა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გართულებებისა, რაც ამ პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს, თუ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებს ენდოკრინული გამოკვლევების ჩასატარებლად დროულად არ მიმართავს.

საქმე ისაა, რომ ადამიანებს სიმსუქნის დაავადებად აღქმა უჭირთ, მანამ, სანამ რაიმე სერიოზული ჩივილი არ შეაწუხებთ. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენდოკრინოლოგიურ კლინიკაში ამბობენ, რომ მათ უფრო ხშირად ისეთი ადამიანები აკითხავენ, ვისაც გარეგნობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და არა ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, პაციენტთა ვიზიტები განსაკუთრებით ზაფხულის წინ აქტიურდება.

წონის დაკლების ეს ყოვლისმომცველი ვნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. სილამაზის აღქმა დროსთან ერთად იცვლება, შესაბამისად, ცვალებადია ადამიანების თვითაღქმაც. კვლევებით მტკიცდება, რომ საერთო ჯამში „ლამაზი” ხალხი მეტად წარმატებული, მეტად დაფასებულია და უკეთესად „იყიდება’’. ამიტომ, მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს, რომ ეპოქის იდეალს ფეხი ავუწყოთ. არადა, ამერიკელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მასმედიაში და პოპ-კულტურაში გამეფებული წონის სტანდარტების მიღწევა რეალურად პოპულაციის სულ რაღაც ხუთიოდე პროცენტს შეუძლია. დანარჩენებისთვის ეს აუხდენელ და მტანჯველ ოცნებად რჩება. თანაც, სიტუაციას კომიკური ელფერიც დაჰკრავს: ქალები შიმშილობენ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს გადადიან, ოღონდ კი შეძლებისდაგვარად ნაკლები წონა ჰქონდეთ. მაშინ, როდესაც, კვლევებს თუ დავუჯერებთ, მამაკაცების უმრავლესობას სულაც არ იზიდავს ძალიან გამხდარი ქალები.

დიეტის ინდუსტრიის მოგება მარტო აშშ-ში წლიურად ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოს მაჩვენებლები ბევრად მოკრძალებულია, თუმცა, სხეულის გახდომასთან დაკავშირებული პროგრამები, საკვები, აბები თუ პერსონალიები სულ უფრო პოპულარული ხდება. გასაკვირი არც ისაა, რომ ფულის გადახდას უმრავლესობას სრულყოფილების მზა რეცეპტი ურჩევნია: ინტერნეტ-ფორუმებზე, ვებსაიტებზე თუ ყვითელ პრესაში ათასი ინტერპრეტაციით იწერება, იკითხება და გადაიწერება იმ ადამიანთა კვების რაციონი და რეჟიმი, რომელთაც წონაში დაიკლეს. მაკა კორინთელი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეზობლის, მეგობრის თუ ინტერნეტში ამოკითხული დიეტით ვიხელმძღვანელოთ. დიეტა პირველ რიგში ჯანმრთელი კვებაა. ორგანიზმის გამოკვლევის გარეშე თვითდანიშნული „შიმშილით” კი არც გართულებები აყოვნებს და არც ე.წ. იო-იოს ეფექტი – დაკარგული წონის ორმაგად ანაზღაურება. 

კვების ჯანსაღი წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მშიერ დედებს უყვართ, როცა საკუთარ პატარებს უზომო რაოდენობის არაჯანსაღი საკვებით „ანებივრებენ” ან სულაც, აძალებენ. „სწორი ფიზიოლოგიური კვება – რაოდენობრივი და საათობრივი – და თქვენ წონის პრობლემა არასოდეს გექნებათ” – ენდოკრინოლოგების აზრით, ეს გამოსავალია. თუ, რა თქმა უნდა, ჭარბმა წონამ უკვე არ შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები. სიმსუქნე ენდოკრინული პათოლოგიაა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ხოლო თუ ზედმეტი ხუთი კილოგრამის მოსაშორებლად შიმშილს გადაწყვეტთ, იფიქრეთ, რამდენად მომხიბვლელი იქნება თქვენი გამხდარი სხეული ექიმის კაბინეტში.

კომენტარები