კადაფიმ უცხოელ ჟურნალისტებს ძაღლები უწოდა

ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა. გუშინ ღამით 20-წამიან გამოსვლაში მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქვეყანა დატოვა და ვენესუელაში გაემგზავრა. ”მინდა განვმარტო, რომ ტრიპოლიში ვარ და არა ვენესუელაში. არ დაუჯეროთ ამ სატელევიზიო არხებს, ისინი ძაღლები არიან,” განაცხადა კადაფიმ უცხოური მედიის მისამართით.

კადაფის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ლიბიაში დემონსტრანტებსა და სპეცსამსახურის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ევრონიუსი იუწყება, რომ ლიბიის აღმოსავლეთ რაიონები თანდათან ანტისამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ გადადის. ტელეკომპანიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამბოხებულების მხარეს რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფი გადავიდა, სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილმა კი სამხედროებს კადაფის რეჟიმის გადაგდებისკენ მოუწოდა.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაროს უშიშროების საბჭოს სპეციალური დახურული სხდომა გაიმართება. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი პოლკოვნიკ კადაფის გუშინ ესაუბრა. ”მე მოვუწოდე მას რომ ადამიანის უფლებები, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება სრულად უნდა იყოს დაცული,” განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მუამარ კადაფი ლიბიას 40 წელზე მეტია მართავს. 

კომენტარები