აბსურდის თეატრი

7 თებერვალს “ყველაზე რეიტინგული” არხის საინფორმაციო გამოშვებამ დაწყებისთანავე თავზარდამცემი ამბავი გვამცნო – სახალხო ექიმი დომენტი გაგნიძე პროქტოლოგ გელა მუხაშავრიას დაპირისპირებია.

ქრონიკამ დაწვრილებით მიმოიხილა ექიმსა და ექიმბაშს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დეტალები. არც ის დაუმალავს, რომ ბატონი დომენტი კიბოს და სხვა 12 სახეობის დაავადებას არჩენს “სიზმრად ნანახი, სხვადასხვა ყვავილების, ბალახებისა და ფოთლების ნაზავით დამზადებული პრეპარატებით” – დომენტოლითა და გაგნოლით.

იმედის საინფორმაციო სამსახურმა “საპირისპირო” აზრზეც იზრუნა და გაგვიმხილა, რომ დასიზმრებული პრეპარატები “პროქტოლოგიის ცენტრს ძლიერ იმუნოსტიმულატორებად მიაჩნია”, ოღონდ მათი მეშვეობით კიბოსგან განკურნვის პერსპექტივას გაზვიადებულად თვლის. ამავდროულად, ჟურნალისტებმა დაგვამშვიდეს, რომ დომენტი უკან დახევას არ აპირებს.

“ავადმყოფობის დამარცხების პროცესი უკვე დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს”,  – განგვიცხადა ქართული მედიის ახლად გამოჩეკილმა ვარსკვლავმა, რომლის დებიუტიც, თუ არ ვცდები, ვახო სანაიას “რეპორტაჟში” შედგა. მაშინ, ექიმბაშმა საჯაროდ დაიფიცა, რომ მისი წამლით მხოლოდ ქართველებს გადაარჩენს, უცხოელებს კი მილიონის სანაცვლოდაც არ განკურნავს.

“პატრიოტი ესკულაპეს” ტელესივრცეში დაბრუნებას, ამჯერად ხელი ადგილობრივი ბეჭდური მედიის ვეტერანმა გაზეთმა ქრონიკამ შეუწყო. ამ გამოცემაში დაიბეჭდა ბ-ნი გაგნიძის ინტერვიუ, სადაც ის პროქტოლოგ მუხაშავრიას “ამხელს”.

“ტიტანების ბრძოლის” ფართო მასებთან მიტანამდე ერთი კვირით ადრე, უფრო ზუსტად კი 1 თებერვალს, ქრონიკის წამყვანმა ისტერიული ტონით კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი გვამცნო – ანტიბაქტერიული ჰიგიენური საშუალებები, კერძოდ Palmolive, Camey, Protex და Safeguard შეიცავს ქიმიურ ნივთიერება ტრიკლოზანს, რომელიც თავის მხრივ იწვევს კიბოს, ჩიყვს, გენურ მუტაციას და „სიმახინჯეს”.

ჩამოთვლილი პროდუქციის პოპულარობის და მისი მომხმარებლისთვის გამოტანილი მომაკვდინებელი განაჩენის გააზრების შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჟურნალისტის შთაგონების წყაროს გავყევი. “ველიკაია ეპოხა” – ასე ჰქვია ჩინელი დისიდენტების მიერ დაფუძნებული ვებგვერდ Epoch Times-ის რუსულენოვან ვერსიას, სადაც იმედის ჟურნალისტმა ეს “სენსაციური” ამბავი ამოიკითხა, თარგმნა და უაპელაციოდ მოგვახალა. ამ შემთხვევაში, სიუჟეტის ავტორს მოვალეობის მოხდის მიზნითაც არ უცდია საპირისპირო არგუმენტის მოძებნა. როგორც ჩანს, ტელეიმედის მაყურებელი არ იმსახურებს იმის ცოდნას, რომ, ბევრი პროფესიონალის აზრით, ტრიკლოზანი შეუცვლელია ბაქტერიების გასანადგურებლად და იმ დროს, როდესაც მსოფლიოში H1N1 ვირუსი მძვინვარებს, მისი აკრძალვა ადამიანებს მხოლოდ ზიანს მოუტანს.

ტრიკლოზანზე სტატიის კითხვისას, ყურადღება მისი გამოქვეყნების თარიღმა მიიქცია – ინფორმაცია ცნობილი ჰიგიენური საშუალებების “მომაკვდინებელი ეფექტის” შესახებ ზემოხსენებულ ვებგვერდზე 2010 წლის 1 აგვისტოს განთავსდა. იმედმა კი ქართველ მომხმარებელს ამის თაობაზე 7 თვის დაგვიანებით ამცნო. უცნაურია ისიც, რომ “ველიკაია ეპოხა”, ზემოხსენებული საპნებისა და შამპუნების გარდა კბილის პასტების, უფრო კონკრეტულად კი Colgate Total-ის, Blend-a-Med-ის და Aquafresh-ის მავნე ზემოქმედებაზეც საუბრობს, იმედი კი – არა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მეფიქრა, რომ:

ა) არხზე კორუფციას აქვს ადგილი დატელეიმედი Palmolive-ის, Camey-ის,  Protex-ისა და Safeguard-ის იმპორტიორ კომპანიას ერჩის, სხვა კომპანიის სასარგებლოდ – ეს უკანასკნელი კი საპნის ბიზნესშია და კბილის პასტა, საერთოდ არ აინტერესებს.

ბ) იმედის მაყურებელი კბილებს არ იხეხავს, ეს მშვენივრად იცის არხის ხელმძღვანელობამ და კბილის ჰიგიენურ საშუალებებზე დროს არ კარგავს.

მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ლოგიკის დახმარებით ძაღლის თავის ძიება უადგილოა. რეალურად ყველაფერი ადგილობრივი მედიასივრცის ვირუსის – საღი აზრის დეფიციტის სინდრომის ბრალია.

ეროვნული რესურსების დაცვის ცენტრი (NRDC) – ასე ჰქვია არასამთავრობო, გარემოსდამცველ ორგანიზაციას, რომლის მოსაზრებაზე დაყრდნობითაც “ველიკაია ეპოხა” წერს. ორგანიზაცია 1970 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ კონგრესში გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ რეგულაციებს აქტიურად ლობირებს. NRDC ებრძვის კორპორაციებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, სუფთა წყლისა და სუფთა ჰაერის შესახებ კანონმდებლობას არღვევენ, სისტემატურად ჩივის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, საქმეთა დიდ ნაწილს აგებს, მაგრამ არ ნებდება და ხანდახან წარმატებასაც აღწევს, იმის მიხედვით, კონგრესს დემოკრატები აკონტროლებენ, თუ რესპუბლიკელები.

ბუნებრივი რესურსების დაცვის ცენტრი ამტკიცებს, რომ ტრიკლოზანი, რომელიც 1960-იან წლებში გამოიგონეს და დღეს არა მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების, არამედ სათამაშოების, სამზარეულო აღჭურვილობის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და საკვების წარმოებაშიც კი გამოიყენება, საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს. გასულ წელს, ამ ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) წინააღმდეგ და საკვები, ჰიგიენური და ფარმაცევტული პროდუქციის უვნებლობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

ამ უკანასკნელს ტრიკლოზანი არ აუკრძალავს. ორგანიზაციის განცხადებით – “ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ტრიკლოზანი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის… სააგენტოს არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ მომხმარებელს ტრიკლოზანის შემცველი პროდუქტის მოხმარებისგან თავის შეკავება ურჩიოს”.

მაგრამ რად გინდა?

მანამდე, სანამ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტო თანამემამულეების უსაფუძვლოდ შეშინებისგან თავს იკავებს, ტელეიმედმა, როგორც ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე მედიას შეშვენის, ზემოხსენებული პროდუქციის ქართველ მომხმარებელს ყველასთვის კარგად ნაცნობი – კიბო და აქამდე გაუგონარი გვერდითი ეფექტი – სიმახინჯე  არგუნა.

ირკვევა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტო უკვე 38 წელია იკვლევს ტრიკლოზანს. სამწუხაროდ, ამ დაწესებულებაში არაფერი იციან საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შესახებ, რომლის თანამშრომელი ქალბატონიც იმედის ობიექტივში კომპეტენტური პირის სტატუსით მოხვდა. მან გულისწყრომით აღნიშნა, რომ მწარმოებელი, ამ შემთხვევაში Colgate-Palmoliv-ის ტრანსნაციონალური კორპორაცია, ვალდებულია პროდუქცია მათთან შეიტანოს შესამოწმებლად და არ შეაქვს. არადა, ხომ შეიძლება ამ ქალბატონსაც, ექიმბაში დომენტის მსგავსად, დასიზმრებოდა ის, რაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ლაბორატორიებში 38 წლის განმავლობაში ვერ დაადგინეს.

მათ, ვინც გაზეთ ქრონიკისა და ეგზოტიკური შინაარსის რუსულენოვანი ვებგვერდების გარდა, სხვა მედიასაშუალებებითაც ინტერესდება, ეცოდინებათ, რომ სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები დიდი ხანია გარემოსდამცველებმა მიზანში ამოიღეს. ასე მაგალითად, გასული წლის შემოდგომაზე, შეერთებული შტატების მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მათი ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღარ რეცხავს. როგორც გაირკვა, მანქანა არაფერ შუაშია და ყველაფერში დამნაშავე სარეცხი საშუალებაა – მას გარემოსდამცველთა დაჟინებული მოთხოვნით ფოსფორი გამოაცალეს. რატომ? იმიტომ, რომ “მწვანეთა” მტკიცებით, წყალში შერეული ფოსფორი წყალმცენარეების მომრავლებას იწვევს, შედეგად კი, თევზები ზარალდებიან. დაზარალებულ წყლის ბინადრებსა და ჭურჭლის სარეცხ საშუალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა დღემდე სადავო საკითხად რჩება. როგორც თავად გარემოსდამცველები ამბობენ, თევზების პრობლემა გაურეცხავმა დანა-ჩანგალმა ვერ მოაგვარა, სამაგიეროდ, წყლის ხარჯი გაზარდა, რადგან სარეცხი მანქანიდან გამოღებული ჭურჭელი, ხშირად ხელახლა, ხელით ირეცხება.

წყლის ხარჯვა დამატებითი თავის ტკივილია. დედამიწაზე “სხვებზე მეტად შეყვარებულები” ირწმუნებიან, რომ წყლის მოხმარებას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. ვინც ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობს ხოლმე, შეამჩნევდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სასტუმროების მომსახურე პერსონალისთვის ნახმარი პირსახოცი გასარეცხ პირსახოცს არ ნიშნავს. თუ გსურთ, რომ გამოგიცვალონ, ის ძირს უნდა დააგდოთ. რატომ? იმიტომ, რომ სასტუმროები ბუნებას მფარველობენ და ცდილობენ ნაკლები წყალი და სარეცხი საშუალება დახარჯონ.

თუ “ბედმა გაგიღიმათ” და გარემოზე “გადამკვდარ” სასტუმროში მოხვდით, არ გაიკვირვოთ – ბუნებასთან დამეგობრებულ უნიტაზს პატარა ავზი აქვს, რათა ჩასარეცხად ცოტა წყალი დაიხარჯოს. შესაბამისად, თუ ტუალეტის სუფთად დატოვება, ნახმარი პირსახოცის გამოცვლისა არ იყოს, მართლა გულით გსურთ, ავზის რამდენჯერმე გავსება და დაცლა მოგიწევთ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე გარემოს დამცველებმა წარმატებით მოახერხეს საზოგადოების რაღაც ნაწილის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ ბანაობა, ჭურჭლის რეცხვა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ დასუფთავება დედა-ბუნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. რა მოხდა, ოდესღაც, დედამიწაც კუს ბაკანზე მდგომი ოთხი სპილოს ზურგზე შემოდებული მიწის ნაჭერი ეგონათ. ახლა კი ვიცით, რომ ის მრგვალია და ბრუნავს.

მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, რადიკალების ხმაც ისმის, როგორებიც მაგალითად, ანარქო-პრიმიტივისტები ან დედამიწის განმათავისუფლებელი ფრონტის წარმომადგენლები არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ დროა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგებზე უარი ვთქვათ, გამოქვაბულს დავუბრუნდეთ და ნადირობის უფლება ჩამორთმეულმა, კენკრით გავიტანოთ თავი. ანდაც კენკრამ რაღა დააშავა, ისიც ხომ ბუნების ნაყოფია, სჯობს ადამიანთა მოდგმამ საყოველთაო ხარაკირი გავიკეთოთ და ამოვწყდეთ – ასე ჩვენც დავისვენებთ და დედამიწასაც დავასვენებთ.

გამორიცხული სულაც არაა, “ველიკაია ეპოხამ” ან სხვა რუსულენოვანმა ვებგვერდმა ამ ყაიდის გარემოსდამცველების მოსაზრებებიც გამოაქვეყნოს. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, არ შეშინდეთ და რაც მთავარია, არ დაიჯეროთ, თუ ტელეიმედმა ერთ მშვენიერ საღამოს, სათაფლიის მღვიმეში შესახლება, ანდაც საყოველთაო თვითმკვლელობა გვირჩია.

ვიცი, რომ მიუღებელი იდეების მიმართ შემწყნარებლობა ის ფასია, რომელსაც პლურალისტურ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის ვიხდით. მჯერა, რომ ბრიყვისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება მისთვის ტრიბუნის მიცემაა. ამიტომ მზად ვარ ავიტანო ქალბატონი მადონა, რომელიც “ყველაზე რეიტინგული” ტელევიზიის “სპეციალური რეპორტაჟიდან” სამარცხვინოდ მიმტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი “აღზრდის ბრალია”, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის “თავზე ხელის გადასმა არ არის საჭირო” და რომ ისინი თავად ნანობენ საკუთარ ორიენტაციას. გაუშვით – ილაპარაკოს! ოღონდ იმ პირობით, რომ განსხვავებულ აზრსაც მოვისმენ, თუ იმავეზე არა, სხვა არხზე მაინც. მაგრამ ვერ მოგართვით! ჩემს სამშობლოში, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან, სადაც მედიაში გაჟღერებულ უამრავ სისულელეს საღი აზრი აბალანსებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ უკანასკნელის მწვავე დეფიციტია.

განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან ნაწილს ქართული საზოგადოება იდიოტთა ნაკრები ჰგონია. ითვლება, რომ რაც უფრო ბრიყვულია ინფორმაცია, მით უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს – არ აქვს მნიშვნელობა გენმოდიფიცირებულ, მანათობელ კურდღლებზე მოყვები თუ მიხაილ გორბაჩოვის ქართველ ძმაზე, მთავარია ეს ექსკლუზიური სისულელე იყოს. მაგრამ, როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა – “შეიძლება საზოგადოების ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება მთელი საზოგადოება გააბრიყვო მცირე ხნით, მაგრამ ვერ გააბრიყვებ მთელ საზოგადოებას მუდმივად” – თვალსაჩინოა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ მზარდმა ნაწილმა ტრადიციულ არხებს და ადგილობრივ ბეჭდურ მედიას ზურგი შეაქცია და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს ინტერესის დაკმაყოფილებას, ხოლო საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში გამოთქვამს.

ერთი გარემოება რომ არა, შესაძლოა, ადგილობრივი მაუწყებლობის უბედურება, ტელეკომპანიებში პლურალიზმის ნაკლებობით და “ტოტალური კონტროლით” ამეხსნა, მაგრამ რა ვუყოთ ბეჭდურ პრესას? ბეჭდური პრესა ხომ ჭრელია – როგორ მოხდა, რომ ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა კიდევ უფრო უპასუხისმგებლო, ბრიყვული, დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას მიიჩნევს მის დანიშნულებად?

ზოგიერთი, ქართული მედიის მძიმე მდგომარეობას ჟურნალისტების უვიცობას აბრალებს. ჩვენი განათლების სისტემა რომ მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, ეჭვგარეშეა. მაგრამ რომ დაფიქრდე, რა დიდი ცოდნა უნდა იმის მიხვედრას, რომ ქვეყნის მოსახლეობას კიბოს და გენურ მუტაციას ვიდრე უწინასწარმეტყველებ, ინფორმაციის წყარო უნდა გადაამოწმო?

უფულობა? ვითომ მედიაში ხელფასები დაბალია და ამის გამო კვალიფიციური ადამიანები სხვა ბიზნესში მიდიან? შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ. თანაც, გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, რომ საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, ჟურნალისტის ხელფასი საშუალოზე ბევრად მაღალია.

უპასუხისმგებლობა? სიზარმაცე? პროვინციალიზმი? ცნობისმოყვარეობისა და თავმოყვარეობის დეფიციტი?

ალბათ, ყველაფერი ერთად.
 

კომენტარები