სკოლების ვარსკვლავური ომები

როგორც წესი, ტერმინი „ბრენდირება” იმ მარკეტინგული ტექნოლოგიის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის მიზანი სავაჭრო მარკის გამორჩეული ნიშნის შექმნა და მისი პოპულარიზაციაა. თუმცა, საქართველოს განათლების სისტემაში ეს სიტყვა ამიერიდან არა გამორჩეულობას, არამედ სტანდარტიზაციას დაუკავშირდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა სწორედ სკოლების სტანდარტიზაციისკენ გადადგმული მომდევნო ნაბიჯი გახლავთ: 2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს სკოლებში ე.წ. ბრენდირების სისტემა დაინერგება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია. ცნობილია, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ბრენდირების სისტემაში ჩართვა ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო, კერძო სკოლებისთვის კი – ნებაყოფლობითი იქნება.

განათლების სფეროში მსგავსი მიმართულებით განხორციელებული სხვა ინიციატივების მსგავსად, სკოლების ბრენდირების პროცესიც მრავალ კითხვას აჩენს და სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემაზე მიგვითითებს: მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა, ლიბერალიზაციის ნაცვლად განათლების სისტემა ცენტრალიზაციისკენ წარმატებით განაგრძობს სვლას.

საუბარი სკოლების ბრენდირების შესახებ ახლა არ დაწყებულა. შესაბამისი პროცედურებისთვის მოსამზადებელი პროცესი გასული წლის სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებისგან ინფორმაციასა და საჭირო მასალებს ყოველდღიურად იღებენ.

მაინც რას გულისხმობს ბრენდირება? ამ პროცესის ფარგლებში სკოლებს ვარსკვლავების გარკვეული რაოდენობა მიენიჭებათ. რაც უფრო მეტ ვარსკვლავს მოიპოვებს სასწავლო დაწესებულება, მით უფრო წარმატებულად ჩაითვლება ის. საწყისი ხუთი ვარსკვლავი ყველას ავტომატურად ექნება. შედეგები საბოლოოდ  ათვარსკვლავიან შკალაზე განლაგდება. საუკეთესო სკოლების მოსწავლეები, სავარაუდოდ, ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდებისგან გათავისუფლდებიან.

როგორც ცნობილია, თითოეული სკოლა თვითშეფასებას თავადვე მოახდენს, მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი შესაბამისი ვარსკვლავის მფლობელი გახდება. სკოლის მხრიდან მიკერძოებული შეფასება თავიდან რომ აირიდონ, სამინისტროში გარკვეული ზომებიც მიიღეს: სპეციალურად შექმნილი კომისია თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას მუდმივად განახორციელებს. ამ კომისიას მინისტრის პირველი მოადგილე, აკაკი სეფერთელაძე უხელმძღვანელებს. მონაცემების განახლება წელიწადში ერთხელ მოხდება.

 საბოლოოდ, ინიციატივამ სკოლების გარკვეული პარამეტრების შეფასება ერთიან სისტემაში უნდა მოაქციოს და მათ შორის არსებული განსხვავება უფრო თვალსაჩინო გახადოს.  პარალელურად, სკოლებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს დაუახლოვდნენ, რაც თავისთავად, კარგი სულაც არ არის.

ხარისხის შეფასება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კრიტერიუმები ასე გამოიყურება: მოსწავლეთა მონაწილეობა პროგრამებში და პროექტებში, სკოლის ინსტიტუციური მონაცემები, სწავლება და მასწავლებელთა კვალიფიკაცია. ეს  ნიშნავს, რომ ვარსკვლავების მინიჭებისას გაითვალისწინებენ: მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, წარმატებას ოლიმპიადებზე თუ სპორტულ შეჯიბრებებში, გასულ წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა და გრანტის მქონეთა რაოდენობას, სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობას, სკოლის შენობის მდგომარეობას, ინვენტარს, ბიბლიოთეკის მდგომარეობას, ლაბორატორიების აღჭურვილობას, სანიტარული ნორმების დაცვას და სხვა.

მინისტრის განცხადებით, კრიტერიუმების შერჩევა განათლების სისტემაში არსებული ექსპერტების დასკვნების შედეგებზე დაყრდნობით მოხდა. პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც უშუალოდ განათლების სამინისტრო, ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, ინფრასტრუქტურის განვითარების ცენტრი და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები.

ამრიგად, გაზაფხულიდან საქართველოს მასშტაბით არა მხოლოდ მრავალვარსკვლავიანი  სასტუმროები თუ რესტორნები, არამედ ბრენდირებული სკოლებიც გვექნება. ბრენდირების პროცესის ოფიციალური მიზანი სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და შედეგად, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაა. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლებს დამატებითი მოტივაცია უნდა გაუჩნდეთ, რათა გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა თუ მასწავლებელთა კომპეტენცია. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ გზით ადამიანებს არჩევანი გაუმარტივდებათ: სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სკოლაშია უმჯობესი ბავშვის შეყვანა.

ბრენდირების სისტემამ შესაძლოა, მართლაც მისცეს მშობლებს თვალსაჩინო ინფორმაცია, თუმცა, რეალური არჩევანის საშუალება მხოლოდ ქალაქების მცხოვრებლებს ექნებათ. ბუნებრივია, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლებში, სადაც ხშირად ერთი, ან რამდენიმე განსხვავებული პროფილის სკოლა არსებობს, მოპოვებული ვარსკვლავების რაოდენობა არაფერს ცვლის და არც რაიმე სახის კონკურენციას უწყობს ხელს. ეს სახელმწიფოსთვის სკოლის კონტროლისა და მისი წნეხში ყოლის დამატებითი მიზეზი ხდება.

ის კონკრეტული ქულები, რომლებიც თითოეულ  კრიტერიუმს აბსოლუტური შეფასებისას მიენიჭება, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროში საპირისპიროს ამტკიცებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი: ხომ არ დაიჩაგრებიან ინფრასტრუქტურის კრიტერიუმის ხარჯზე გარკვეული სკოლები. მსგავს მოლოდინს ამყარებს ფაქტი, რომ კრიტერიუმთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სწორედ ინვენტარზე, სკოლის შენობის მდგომარეობაზე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე თუ ლაბორატორიების აღჭურვაზე მოდის.

თავისთავად ცხადი არც ის საკითხია, დაბალი შეფასების მიღება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის მოტივირებას მოახდენს, თუ პირიქით – თვითშეფასებასა და ამბიციებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, თუ ისინი ბრენდირების სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვას გადაწყვეტენ, არსებული კრიტერიუმებით ზოგიერთი მათგანი უფრო პატარა შეფასებას მიიღებს, ვიდრე რეალურად მასზე დაბალი დონის საჯარო სკოლა. კერძო სკოლების ნაწილი, მაგალითად, ამერიკის აკადემია, საერთოდ არ მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში – მათი ამბიციები, არა მსგავს წარმატებებს, არამედ, ვთქვათ, საზღვარგარეთ სტიპენდიით გაგზავნილი მოსწავლეების რაოდენობას უკავშირდება. განათლების საკითხების მკვლევრის, სიმონ ჯანაშიას თქმით, უცნაურია, რომ კერძო სკოლები ვაიძულოთ, საკუთარი წარმატების უფრო დაბალი საზომები გამოიყენონ, ვიდრე რეალურად აქვთ. როგორც ჩანს, კერძო სასწავლებლებისთვის საერთო შეჯიბრში მონაწილეობა მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, British Connection-ის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლებს შორის ისედაც არსებობს კონკურენციის საკმარისი დონე,  პროცესში მაინც ჩაერთვებიან.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრენდირების სისტემის დანერგვისას საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობიან. განათლების და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ტაბულასთან საუბარში შანხაის ცნობილი რეიტინგების სისტემაც ახსენა, როგორც მსოფლიოში არსებული მსგავსი პრაქტიკის მაგალითი. სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგების შედგენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართლაც აპრობირებული მეთოდია. განსხვავება ისაა, რომ, როგორც შანხაის შემთხვევაში, ასევე სხვა უმრავლეს შემთხვევებშიც, მსგავსი რანჟირება დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. სხვადასხვა უნივერსიტეტები, ვებსაიტები, თუ გავლენიანი ჟურნალები, მათ შორის Times-ი და Economist-ი, საკუთარი ინიციატივით ადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგს. პროცესში მონაწილეობა უნივერსიტეტებს ან საერთოდ არ უხდებათ, ან ეს მათთვის სავალდებულო არ არის. შესაბამისად, მიღებულ შედეგებს სახელმწიფო კონკრეტული სასწავლებლებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად არ იყენებს. გარდა ამისა, როგორც წესი, არ ხდება რეიტინგების ერთიან შკალაზე განლაგება. მაგალითად, აშშ-ში ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებსაიტი U.S. news & world report-ი სასწავლებლებს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს ისე, რომ კოლეჯს, რომელსაც სხვა კომპონენტებში ცუდი შედეგები აქვს და სამაგიეროდ, ფლობს კარგ სპორტულ დარბაზებს, საშუალება ეძლევა, პირველ ადგილზე ამ კრიტერიუმით იყოს. ამრიგად, სასწავლო დაწესებულებები საკუთარ ძლიერ მხარეებს წარმოაჩენენ. მიუხედავად ამისა, რანჟირების ასეთი მეთოდებიც კი კრიტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

ერთ-ერთი მთავარი გვერდითი მოვლენა, რომელსაც რეიტინგების სისტემა აშშ-სა და ევროპაში წააწყდა, ისაა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევის სურვილი დამატებით მოტივაციას უჩენდა მასწავლებლებს, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი გაეყალბებინათ. სასწავლო პროცესის შეფასების კრიტერიუმებზე მორგებაც პრობლემებს წარმოშობს.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, პრობლემა სწორედ საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ტენდენციაა, რისი ნაწილიც ბრენდირების სისტემის დანერგვა გახლავთ. სახელმწიფოს მზარდი ჩარევა სკოლების საქმეში მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას უზღუდავს და დამოკიდებულს ხდის. რეგულაციის ზრდა ჯანსაღ კონკურენციას ხელს  უშლის. არჩევანის შესაძლებლობას მხოლოდ თავისუფალი გარემო იძლევა. მსგავსი ბერკეტების ფლობა გარკვეულ ორგანოებს საშუალებას აძლევს, დასაჯონ ან წაახალისონ კონკრეტული სასწავლებლები პირადი ინტერესის შესაბამისად, რისგან დაზღვეულიც არავინაა.

კომენტარები