წინ, ევროპისაკენ

2011 წლის 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს უწყლობით დახრჩობისა და ნაგავში ყოფნის არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ. ე.წ. ერთიანი, კომუნალური ქვითარი და მისი ადმინისტრირების ერთიანი წესი, წყლის და დასუფთავების მომსახურების საფასურის გადაუხდელობისთვის მათ ელექტროენერგიის შეწყვეტას უწესებს. საბაზრო ეკონომიკის მთავარი წესი, რომელიც მიწოდების – მოთხოვნაზე, ერთი პროდუქტის – ერთ გადასახდელზე მიბმას გულისხმობს, ირღვევა. 

ერთიანი კომუნალური ქვითრის ახალმა ადმინისტრირების წესმა კრიტიკა და პოლიტიკური სპეკულაციებიც დაიმსახურა – ქრისტიან-დემოკრატებმა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოშიც  გაასაჩივრეს.

გადაწყვეტილების ინიციატორთა არგუმენტაცია წყლისა და დასუფთავების გადასახდელების ადმინისტრირების სირთულესა და ამოღების დაბალ მაჩვენებელს ეფუძნება.

თბილისის წყლის გამანაწილებელი კომპანიის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, საფასურის ამოღების მაჩვენებელი 2008 წლისთვის, დაახლოებით, 35%-ს შეადგენდა, 2009 წლის პირველ ნახევარში კი – 45%-ს. 2009 წლის მაისიდან  მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა.

დასუფთავების სამსახურის სტატისტიკის თანახმად თბილისის 340 ათასი აბონენტიდან დასუფთავების საფასურს სტაბილურად 130 ათასი იხდიდა. ახალი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში, ეს მაჩვენებელი 240 ათასამდე გაიზარდა, დღეისთვის კი 255 ათასსაც მიაღწია. ამან დაადასტურა, რომ პრობლემა  მომხმარებლის მიდგომაშია.

თუმცა გადასახადის ადმინისტრირების წესი, რომელიც სახელმწიფომ მომხმარებელს შესთავაზა, საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის ნაცვლად ტოტალიტარული ადმინისტრირების მეთოდისკენ გვაბრუნებს. 

ვერც პარლამენტში, ვერც მარეგულირებელ კომისიაში და ვერც კომპანიაში ტაბულას მსგავსი პრეცედენტების შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს. ერთიანი ქვითარი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა წყლის საფასურის გადაუხდელობისთვის შუქის მიწოდების ან სხვა შეზღუდვის მაგალითი ვერ მოვიპოვეთ. ეს არ ნიშნავს, რომ არგადამხდელების მიმართ მიდგომა ლიბერალურია: ევროპული გამოცდილება ინდივიდუალური მოხმარების აღრიცხვასა და ინდივიდუალურ მიწოდებაზეა აგებული. გადასახადების ადმინისტრირება, ძირითადად, საბანკო გზებით ხდება. ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი აირის გადასახადის გადაუხდელობაც არა მათი შეზღუდვით, არამედ საბანკო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მიღებული სააღსრულებლო მეთოდებით სრულდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დასუფთავების დავალიანებას თუ არ დაფარავთ, კარების წინ არც ნაგავს დაგიყრიან და არც შუქს ჩაგიჭრიან. დაგროვებულ დავალიანებას კომპანია სასამართლოში გაასაჩივრებს და კარზე აღმასრულებელი მოგადგებათ – უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის მოთხოვნით.    

სანამ საქართველოს ხელისუფლება და მომხმარებელი საბაზრო ეკონომიკის ანაბანას აითვისებს, მოსახლეობას 7 თებერვლიდან უკვე ამოქმედებული წესით მოუწევს კომუნალური მომსახურების საფასურის დაფარვა. სადამსჯელო ღონისძიებები 15 თებერვლიდან დაიწყება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ხელმძღვანელის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, წყლის და დასუფთავების კომპანიებს დაევალათ, დავალიანების რესტრუქტურიზება მინიმუმ 36 თვით მოახდინონ. კომპანიებში აცხადებენ, რომ რესტრუქტურიზებისთვის გადამხდელის მიმართვაა საჭირო. 

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი იორგ მათისი ტაბულას მკითხველისთვის განმარტავს, რომ კომპანიას რამდენიმე შეთავაზება აქვს: დავალიანების მთლიანი თანხის 36 თვეზე განაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება; თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კომპანია ჩამოაწერს; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კი დავალიანების გასტუმრების  ინდივიდუალური პირობები დაწესდება.

  2011 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე კომპანია ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების პროცესს დაასრულებს. აღრიცხვის კვანძების მოწყობის ხარჯები ტარიფში არ აისახება. მისი მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა და აბონენტმა თვითონ უნდა დაფაროს. თანხას, პირველ ეტაპზე, კომპანია თავად გაიღებს, აბონენტი კი ამ ვალის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებს.

კომენტარები