დაითვალა, აიწონა, გაიყო

ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი დიქტატურის დასრულებამ საყოველთაო ეიფორია გამოიწვია. ლოტოსის რევოლუციამ უზარმაზარი სახალხო ენერგია გამოათავისუფლა. 5-ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე პირველად, ეგვიპტის მოქალაქეებს მიეცათ შანსი, ააშენონ ჭეშმარიტად თავისუფალი ქვეყანა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამგვარ ტრიუმფალიზმს არ იზიარებენ, დემოკრატიის გამარჯვების ზეიმს ნაადრევად მიიჩნევენ და ისლამისტური ძალების აღმავლობას შეშფოთებით უყურებენ. ამ დებატების მიმართ არც ამერიკული საზოგადოებაა გულგრილი. გამოკითხულთა 80% თვლის, რომ ეგვიპტის მოვლენებს გავლენა ექნება შეერთებულ შტატებზე. Fox news-ის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ცხადყოფს, რომ ამერიკელთა 67% შეშფოთებით უყურებს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ 19 % – იმედითა და აღფრთოვანებით.

ეგვიპტის რევოლუციის შესახებ დასავლურ მედიაში ორი ნარატივი არსებობს. პირველის მიხედვით, დღევანდელი ეგვიპტე ლამის 2008 წლის აშშ-ია, სადაც იმედით აღსავსე და ცვლილებებს მოწყურებული ახალგაზრდები დრომოჭმულ პოლიტიკას უპირისპირდებიან.

მეორე ნარატივი უფრო კონსერვატიულ წრეებშია გავრცელებული და ეგვიპტეს ახალ ირანად წარმოსახავს. ჩამორჩენილ ისლამურ საზოგადოებაში პროამერიკური ავტოკრატიის წინააღმდეგ სახალხო ამბოხება მათში 1979 წლის ასოციაციებს იწვევს, ხოლო ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის – მუსლიმური საძმოს რიგებში ეგვიპტელი აიათოლა ხომეინის აჩრდილს ხედავენ.

პირველი ნარატივი ობამას დაეხმარება ეგვიპტის ლოტოსის რევოლუციის მაგალითით ხელახლა გამოაღვიძოს ახალგაზრდული ენთუზიაზმი, რომლის მინავლებამ გარკვეულწილად 2010 წლის ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მარცხი გამოიწვია და რის გარეშე 2012 წელს ობამას ხელახალი არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორე ნარატივი აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას დაეხმარება, ობამა ახალ ჯიმი კარტერად წარმოაჩინოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით შეშფოთებული ამომრჩეველი რეალისტურად მოაზროვნე კონსერვატიული კანდიდატების მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ობამას დაზვერვის ეროვნული დირექტორი ჯეიმს კლაპერი იქამდეც მივიდა, რომ მუსლიმური საძმო „ძირითადად სეკულარულ” ორგანიზაციად გამოაცხადა, რისთვისაც თავად მემარცხენე კომენტატორებისა და ჟურნალისტების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით კლაპერი იძულებული გახდა ეღიარებინა თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება – ის, რომ მუსლიმური საძმო სეკულარული ორგანიზაცია არაა.

მულტიკულტურალიზმის დასავლელი იდეოლოგების მსგავსად, ეგვიპტური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ალ-ბარადეიც ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას, რომ მუსლიმური საძმო დემოკრატიული მისწრაფებების მქონე კონსერვატიული გაერთიანებაა, ისეთივე, როგორიც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატები ან თურქეთის განვითარებისა და სამართლიანობის პარტია (AKP).

თურქეთის AKP-სთან პარალელები ზოგზე დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ ზოგისთვის – პირიქით, განგაშის მიზეზია. სწორედ მის მმართველობას უკავშირდება კრიზისი თურქეთის ურთიერთობებში ამერიკას, ევროპასა და ისრაელთან და ანკარის ფლირტი მოსკოვთან, თეირანთან თუ დამასკოსთან. თუკი პოსტმუბარაქული ეგვიპტეც ამ გზას დაადგება, ეს ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში დასავლეთისთვის არასასურველი ტექტონიკური ძვრის ტოლფასი იქნება.

მიუხედავად  ამისა, დასავლელი მემარცხენეების უმრავლესობა განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ისლამიზმსა და ისლამს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც საბჭოურ კომუნიზმსა და შვედურ სოციალ- დემოკრატიას შორის. მსგავსი პარალელები მემარჯვენეებში სულ 1917 წლის რუსული რევოლუციების ასოციაციებს იწვევს – „ზომიერმა” სოციალისტმა კერენსკიმ ძალაუფლების შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შეძლო. კაიზერული გერმანიის ფულით მოქმედმა ბოლშევიკურმა პარტიამ უწინდელზე უფრო სასტიკი ტირანია დაამყარა, თანაც თავის ევროპელ მოკავშირეებს ყველაზე კრიტიკულ მომენტში განუდგა და მოწინააღმდეგესთან სეპარატული ზავი გააფორმა.

სკეპტიკოსები საკუთარ მოსაზრებებში უფრო დარწმუნდნენ, როცა დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მუსლიმური საძმოს სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიონიზმის მიუღებლობა და მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმების პირობა დადო.

პროდასავლური ავტოკრატიის ისლამისტური ტოტალიტარიზმით შეცვლის პერსპექტივით შეშფოთებული პოლიტიკური წრეების განწყობა გამოხატა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ტონი ბლერმა, როცა განაცხადა, რომ თეოკრატია, თუნდაც დემოკრატიული, კორუმპირებულ ავტორიტარიზმზე უკეთესი ალტერნატივა არ არის.

თუ ავტოკრატია ძირითადად პოლიტიკურ სფეროს ზღუდავს და კერძო ცხოვრებაში ნაკლებად ერევა, ტოტალიტარიზმი ასეთ გამონაკლისებს არ ცნობს და ადამიანის საქმიანობის ყველა ასპექტს დიდი ძმის კონტროლს უქვემდებარებს. ამიტომ, ავტოკრატიული რეჟიმების ლიბერალიზაცია უფრო ადვილია, მაშინ როცა ტოტალიტარიზმი ბევრად უფრო სტატიკურია და მისი რეფორმირების ნებისმიერი მცდელობა რეჟიმის სრული კოლაფსით და საყოველთაო ქაოსით მთავრდება.

კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში რადიკალურ ისლამისტებსა და ჩვეულებრივ მუსლიმებს არა იმდენად მსოფლმხედველობა განასხვავებთ, რამდენადაც მზადყოფნა, პირადი წვლილი შეიტანონ საკუთარი შეხედულების განხორციელებაში. საკუთარი პოზიციის სასარგებლოდ, ისინი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ეგვიპტეში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იშველიებენ.

მაშინ ეგვიპტელთა 91%-მა სიხარული გამოთქვა ტერაქტის გამო, 94%-მა ტერორისტებს რწმენისთვის წამებული შაჰიდები უწოდა, 88%-მა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს.

საინტერესო შედეგები გამოვლინდა შარშან ახლო აღმოსავლეთში ისლამის როლის შესახებ Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. გაირკვა, რომ ეგვიპტელთა 82% აშშ-ის გავლენას უარყოფითად აღიქვამს, მაშინ როცა ალ-ყაიდა მხოლოდ 72%-ს არ მოსწონს. მოდერნისტებსა და ისლამისტ ფუნდამენტალისტებს შორის, ეგვიპტელების 59%-მა ფუნდამენტალისტებს მიანიჭა უპირატესობა და მხოლოდ 27%-მა არჩია მოდერნისტები.

ეგვიპტის მოსახლეობის 84% მომხრეა რელიგიის შეცვლისთვის მუსლიმი სიკვდილით დაისაჯოს. გამოკითხულთა 54% სამუშაო ადგილზე ქალთა და მამაკაცთა სეგრეგაციის კანონის შემოტანას უჭერს მხარს. 54% თვლის, რომ თვითმკვლელი ტერორისტის მოქმედება ზოგჯერ გამართლებულია, 82% კი მრუშობის შემთხვევაში ქალის ჩაქოლვის გზით სიკვდილით დასჯის მომხრეა.

თავისუფლებისათვის მებრძოლი ეგვიპტელი ხალხისადმი თანაგრძნობასთან ერთად, ბევრს აწუხებს კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია დემოკრატია დემოკრატების გარეშე, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30 %-მა წერა-კითხვა არ იცის, ნახევარზე მეტი 20 წელზე ახალგაზრდაა (მათ შორის 39% 15 წელზე ახალგაზრდა და მხოლოდ 4% – 65 წელზე დიდი) და სადაც ყოველი მეხუთე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ეგვიპტეს, ძვ.წ.აღ. 3150 წლიდან დღემდე არასდროს ჰქონია დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მას სამხედროები მართავდნენ. ვერავინ ამბობს, თუ ვინ შეძლებს მუბარაქის წასვლის შემდეგ წარმოშობილი პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას. ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრეტენდენტი მუსლიმური საძმოა. სწორედ მას უკავშირდება შიში, რომ პოსტმუბარაქულ ეგვიპტეში დემოკრატიის ნაცვლად უმრავლესობის ტირანია დამყარდება.

კომენტარები