პრეზიდენტის ანგარიში

11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის წინაშე მდგარ მყისიერ პრობლემად სააკაშვილმა ფასების მატება დაასახელა და მოსახლეობისთვის მისი შემსუბუქებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე – ელექტროენერგიის 20- ლარიან ვაუჩერზე ისაუბრა, მარტიდან კი მოსახლეობას 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაჰპირდა. 

სურსათის გაძვირებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად პრეზიდენტმა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარება დაასახელა და ახალი ინიციატივა წარმოგვიდგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობით აშენდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სასაწყობე მეურნეობები და ლოჯისტიკური ცენტრები. იქ გლეხებისგან მიღებულ პროდუქციას მაღალხარისხიანი სასაქონლო სახე მიეცემა, რაც უცხოურ ბაზრებზე მათ კონკურენტუნარიანს გახდის. ლოჯისტიკური ცენტრები იზრუნებენ გასაღების ბაზრის მოძიებაზე და გაამარტივებენ პროდუქციის ტრანსპორტირებას. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩაერთვება სახელმწიფო ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაში. ერთი, რაც ვიცით ისაა, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება 150 მილიონი ლარით გაიზრდება.

პრეზიდენტმა მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა უმუშევრობა, ხოლო მისი მოგვარების საშუალებად ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორის განვითარება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტირებული ნავთობპროდუქტებით საზრდოობს, რაც ფასს აძვირებს და ქვეყნის მოსახლეობას აზერბაიჯანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყების შესახებ ამცნო. მისი თქმით, 2015 წლისთვის საქართველოში წარმოებული საწვავი მთლიანად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნას.

პრეზიდენტმა შეაქო ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა, მაგრამ აღნიშნა, რომ არაკორუმპირებული სისტემის შექმნით მივიღეთ საკმაოდ მკაცრი და გადაცდომებისა და დარღვევებისადმი სრულიად შეუწყნარებელი, არამოქნილი სისტემა. პირველი პირი დაგვპირდა, რომ სამომავლოდ ფინანსური სტრუქტურები არა მხოლოდ დასჯაზე, არამედ ბიზნესთან თანამშრომლობაზე იქნებიან ორიენტირებული.

პრეზიდენტმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროზეც. მან თქვა, რომ დაპირებული 100 საავადმყოფოსთვის ახალი დაფინანსების წყაროები გამოიძებნა და 2013 წლისთვის 100-ზე მეტი ახალი საავადმყოფო იფუნქციონირებს. მთელი ჰოსპიტალური სექტორი პრივატიზებული იქნება. ეს, მისი თქმით, გამორიცხავს კორუფციას და მომსახურების ხარისხს გაზრდის. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ დაიტოვებს ისეთ არაკომერციულ მიმართულებებს, როგორიც არის ფსიქიატრია, ტუბერკულოზი, ინფექციური დაავადებები და შიდსი. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის კი ყველა არსებული ჯანდაცვის პროგრამა შენარჩუნდება.

ქვეყნის პირველმა პირმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობაზეც, რომ მათ საკუთარი უნარებისა და მიზნების რეალიზაციისათვის საქართველოში გზა გახსნილი ჰქონდეთ. მან მაგალითად მოიყვანა წინა წელს ამუშავებული პროგრამა, რითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საგამოცდო ბარიერის გადალახვა და უმაღლესი განათლებისკენ გზა გაუმარტივდათ. სააკაშვილმა ისაუბრა მრავალკონფესიურ საქართველოზეც, “რომელშიც ყველა თემი არის ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი”, ოღონდ საყურადღებოა, რომ საპატრიარქოს გარდა, მის გამოსვლას არც ერთი კონფესიის წარმომადგენელი არ დასწრებია. ამ უკანასკნელთა თქმით, ისინი პარლამენტში არავის მიუწვევია, რაც გასაკვირია, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების ფონზე.

პრეზიდენტმა რუსეთზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ოკუპანტად აღიარების მნიშვნელობას და ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც, მისი თქმით, ოკუპაციასთან შეგუებას არ გულისხმობს.

სააკაშვილი ხშირად ახსენებდა 2015 წელს და, როგორც შემდგომში ახსნა – ამ დროს შეჯამდება საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის პირველი ეტაპი. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის იქნება 5 მილიონი, ბიუჯეტი გაორმაგებული, ხელფასები 50%-ით გაზრდილი. რატომ უნდა გვიხაროდეს გაორმაგებული ბიუჯეტი –  გაუგებარია.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები დეპუტატების გამოსვლით გაიხსნა. ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლება დევნილების მოტყუებაში, ვეტერანებისადმი უსამართლოდ მოქცევასა და ელიტური კორუფციის შექმნაში დაადანაშაულეს. მათ აღნიშნეს ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაც. პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი პრეზიდენტს ხელისუფლების წამოწყებული ჩავარდნილი პროექტები ჩამოუთვალა. დევნილების პრობლემაზე ისაუბრა პარტიის „ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამაც.

კომენტარები