რაგბი: საქართველო გამარჯვებისათვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს. მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

დღეს კი გუნდებმა ტრადიციულად წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს. სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის დარბაზი, ჯერ ბორჯღალოსნებმა, შემდეგ კი ლომებმა დაიკავეს.

ჩვენი ნაკრების შოტლანდიელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, ჯერ შეკრებილ ჟურნალისტებს გადაუხადა მადლობა, შემდეგ კი მომავალ მატჩზე ილაპარაკა: „ესპანეთს განსხვავებული შემადგენლობით ვეთამაშებით. უკრაინასთან სიახლეები განსაკუთრებით უკანა ხაზში იყო, ამათთან უკვე შერკინებაში გაქვს ცვლილებები. გუნდის შემადგენლობაში შედარებით ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ასეთ დაპირისპირებებში უნდა გამოიცადონ. ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ არიან მოთამაშეები, ვისაც ასევე მიეცემათ ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი.

ორი კვირა გავატარეთ ერთად და ახლა უკვე ყველამ კარგად იცის რას ვითხოვთ მათგან. მორაგბეები დაძაბული შეხვედრისათვის ემზადებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ადვილი მატჩი არ იქნება. მეტოქეები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ბიჭებს მაქსიმუმის გაღება მოუწევთ გამარჯვებისათვის“.

მთავარ მწვრთნელს სიტყვა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ ჩამოართვა: „ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, ვიცით, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ამისათვის საჭიროა არ მოვდუნდეთ და 80 წუთი მობილიზებულები ვიყოთ. ძლიერ გუნდთან სათამაშოდ ვემზადებით, აქ მეტოქის დაუფასებლობაზე ლაპარაკი აღარაა.“

ესპანეთის ნაკრების შესახებ ისაუბრა ბორჯღალოსნების ვეტერანმა უკანახაზელმა ბესიკ ხამაშურიძემ: „ლომები ბოლო წლებში უხერხულ მეტოქედ გადაიქცნენ. ახლა ისინი კიდევ უფრო გაძლიერდნენ, დაიმატეს ლეგიონერები საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მომავლის გუნდს აკეთებენ და აქცენტი 2015 წლის მსოფლიო თასზე აქვთ. ჩვენ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, სრული სერიოზულობით ვემზადებით“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობებში ახალგაზრდა მორაგბეების დამკვიდრებაზე გააკეთა აქეენტი ირაკლი მაჩხანელმა: „გუნდში ბევრი ახალი მორაგბეა. ჩვენ, შედარებით გამოცდილები, ცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ ადაპტირებაში. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ბიჭები გუნდს შეეწყვნენ და ესპანეთთან თამაშისათვის სრული სერიოზულობით ვემზადებით“.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა და მისი ადგილი ესპანელებმა დაიკავეს. ისინი მთავარმა მწვრთნელმა რეჟი სონიმ, კაპიტანმა მარტინ ემირ ერედიამ და ქართველმა პირველხაზელმა დავით გურგენაძემ წარმოადგინეს. ამ უკანასკნელმა თარჯიმნის ფუნქციებიც შეითავსა.

რეჟი სონიმ საუბარი გაწეული სამუშაოთი დაიწყო: ”გუნდს გასული წლის ივლისში ჩავუდექი სათავეში. გუნდი მთლიანად გადახალისდა, გვყავს ბევრი ახალი მორაგბე. ჩამოვიყვანეთ საფრანგეთში გაზრდილი ესპანური წარმოშობის მოთამაშეებიც. ვცდილობთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ და კარგი შედეგიც ვაჩვენოთ. ჩემი მოსვლის შემდეგ 4 თამაში ჩავატარეთ და პროგრესი სულ უფრო და უფრო იგრძნობა. აქცენტს მომავალ შესარჩევ ციკლზე ვაკეთებთ. მე ვთქვი, რომ რუსეთი ფავორიტია, მათ დიდი პროგრესი განიცადეს. თუმცა ფავორიტია საქართველოც, რომელიც ძალიან გამოცდილი და ძლიერი გუნდია. თქვენთან თამაში ჩვენთვის ძალიან რთული იქნება“.

კაპიტანმა ერედიამ ქართველებთან ადრინდელ შეხვედრებზე თქვა რამდენიმე სიტყვა: „საქართველოსთან ორი წლის წინაც ვიყავი გამოძახებული, მაგრამ მაშინ არ მათამაშეს. თქვენი თამაშები მინახავს და ძალიან ძლიერი გუნდია. ისე კი კარგად გიცნობთ, 7-კაცა რაგბის ტურნირებზე ხშირად მინახავს თქვენი ნაკრები. ახლა ძალიან საინტრესო თამაშს ველოდებით.“

საქართველოს ნაკრები: 15. ბესიკ ხამაშურიძე 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ლექსო გუგავა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 8. გიორგი ჩხაიძე 7. შალვა სუთიაშვილი 6. გია ლაბაძე 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ლევან დათუნაშვილი 3. ანტონ ფეიქრიშვილი 2. ირაკლი ნატრიაშვილი 1. ვასილ კაკოვინი. სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე 17. ბექა შეყლაშვილი 18. ზვიად მაისურაძე 19. ლაშა თავართქილაძე 20. ბიძინა სამხარაძე 21. ლაშა მალაღურაძე 22. ბექა ურჯუკაშვილი

ესპანეთის ნაკრები: 15. მატეი ამორო 14. იგნასიო გუტიერესი 13. ხუან კანო 12. მარტინ ერედია (კაპიტანი) 11. პიერ ბელსუნე 10. ანდონი ხორახურია 9. ადრიენ აიესტარანი 8. ფრედერიკო ნეგრილო კოვაჩევიჩი 7. მეთიუ კუკი 6.  მეტიუ როხა 5. სივიან ანტეკუერა 4. ხესუს რეკუერდა ნუნიესი 3. დავით გურგენაძე 2. ბენუა აუსქუი 1. ხესუს მორენო როდრიგესი

კომენტარები